საქმე # 020100119003079991
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №4აპ-20 ქ. თბილისი
გ–ე მ., 4აპ-20 4 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 ივნისს, საღამოს საათებში, ზ...........ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, მ. გ–მ შვილს - მ. ჩ–ს შუშის ფინჯანი ესროლა მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც მ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. გ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, მ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ. ჩ–მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (დედის) მ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის (მ. გ–ს) წინააღმდეგ მოწმე ვ. ჩ–მ.
8. რაც შეეხება მოწმეების - შ. მ–ს, დ. თ–ს, მ. ჯ–სა და რ. ფ–ს ჩვენებებს, ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან და შესაბამისად, მათი ჩვენებები არის ირიბი.
9. საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, აღნიშნულით დგინდება დაზარალებულ მ. ჩ–ს სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა ვერ დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანების მ. გ–ს მიერ მიყენების ფაქტი.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე