Facebook Twitter

საქმე # 190100119003065188

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №86აპ-20 ქ. თბილისი

ტ. გ., 86აპ-20 21 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ტ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. ტ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 28 მაისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 24 მაისს მიიღო გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ 6 თვით, რომლის თანახმად, გ. ტ. ცნობილ იქნა მოძალადედ, ხოლო მ. ტ. - მსხვერპლად. დამცავი ორდერის საფუძველზე გ. ტ–ს აეკრძალა მ. ტ–სთან ურთიერთობა, მათ შორის - სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, მის საცხოვრებელ სახლსა და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. 2019 წლის 28 მაისს, დაახლოებით 12:40 საათზე, გ. ტ–მ დაარღვია მის მიმართ 2019 წლის 24 მაისს გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ. ტ–ს სამუშაო ადგილზე, მდებარე ქ. რ–ში, მე-.. მ/რ, შპს „.....ბის“ ტერიტორიაზე, მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მაღაზიაში, სადაც მ. ტ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოთქვა უკმაყოფილება დამცავი ორდერის გამოცემის გამო.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ტ–მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო მსჯავრდებულ გ. ტ–ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ტ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს: დაზარალებულ მ. ტ–სა და მოწმეების - ზ. ვ–ს, დ. ს–სა და ა. ჩ–ს ჩვენებებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, დაკავების ოქმს, ალკოტესტით შემოწმების ოქმს და სხვა მტკიცებულებებს.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე