Facebook Twitter

საქმე # 060100119002969095

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №293აპ-20 ქ. თბილისი

პ–ი ს., 293აპ-20 28 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ს. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. პ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ს. პ–მ, უმიზეზოდ განაწყენების ნიადაგზე, ვ–ს რაიონის სოფელ .........ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მ. ხ–ს ზურგის არეში დაარტყა ხის სკამი, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი დაარტყა, ასევე, ზურგის არეში და ფეხი ამოარტყა ხერხემლის ქვედა ნაწილში. ყოველივე აღნიშნულით მ. ხ–მ მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით ს. პ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

ს. პ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განემარტა გამართლებულ ს. პ–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ს. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ს. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად. კერძოდ, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. ხ–მ ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მამხილებელი ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ. მოწმე ნ. ხ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისი თანდასწრებით ს. პ–ს მეუღლე არ უცემია, არც ბავშვს უტირია და არც დაზარალებულს უთქვამს მისთვის ცემის თაობაზე რამე. საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან და, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 3 აპრილის N......... ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 მარტს, 02:00-02:10სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ. ხ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამდენად, აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, რომ აღნიშნული დაზიანებები დაზარალებულს მიაყენა ს. პ–მ.

11. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე.

12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე