საქმე # 330100119002996603
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №308აპ-20 ქ. თბილისი
წ–ი ი., 308აპ-20 22 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ცოტნე ცერცვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ცოტნე ცერცვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. წ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 მარტს, დღისით, თ–ში, ........ის ფერდობი, პირველი მ/რ, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ი. წ–მ დანის გამოყენებთ, მარცხენა ქვედაყბის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა დედას - ნ. წ–ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ი. წ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. წ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ი. წ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი. წ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა ნ. წ–მ სასამართლოს განუცხადა, რომ ი. წ–ს მისთვის არანაირი სახის ზიანი არ მიუყენებია, აღნიშნა, რომ ის ცდილობდა ნასვამ ი. წ–სთვის დანის წართმევას, რადგანაც მას ამ მომენტში არ დამართოდა ეპილეფსიური შეტევა და თავად არ დაზიანებულიყო დანით. ამ მომენტში ი. წ. მას გაუძალიანდა. ი. წ–ს მისთვის დანა არ მოუქნევია და არ მიუყენებია გამიზნულად არანაირი დაზიანება. ნ. წ–მ დაადასტურა, რომ მის მიერ პოლიციის გამოძახება განპირობებული იყო მისი შვილის ამგვარი მდგომარეობის გამო აღელვებით, მას სურდა შვილის დაცვა, რომ რაიმე სახის დაზიანება არ მიეყენებინა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მისთვის, ვინაიდან იგი ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. ამგვარი პოზიცია ეჭირა ნ. წ–ს გამოძიების ეტაპზე მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
9. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ბინაში მისვლისას დახვდათ აღელვებული ნ. წ–ი, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის კვალი, ასევე სისხლის კვალი იყო ბინაში. მათ ნ. წ–მ განუცხადა, რომ მას სურდა მათი დახმარება, რათა ი. წ. გადაეყვანათ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა, მართალია, დაადასტურეს ნ. წ–ის ემოციური მდგომარეობა, თუმცა ისინი ვერ ადასტურებენ, რომ დაზარალებულის ამგვარი მდგომარეობა გამოწვეული იყო მის მიმართ ი. წ–ს მხრიდან განზრახ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედებებით.
10. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. წ–ს აღენიშნებოდა გარკვეული სახის დაზიანებები, მაგრამ არაფერია ნახსენები ტკივილის განცდის შესახებ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში, არ იყო მითითებული დაზიანების (ექსკორიაციის) მორფოლოგიური სურათი.
11. რაც შეეხება მოწმეების - ნ. მ–სა და ზ. კ–ს ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, მათი ჩვენებები ირიბია, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის - პროკურორ ცოტნე ცერცვაძის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების გამოყენება არ არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. წ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ცოტნე ცერცვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე