Facebook Twitter

ას-478-757-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: კუთვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებური მიშენებისგან განთავისუფლება და სამეზობლო საზღვრის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ. ი.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ღ. კ.-ანის მიმართ და აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისში, ... ¹16 მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხება მის სახელზე. იმის გამო, რომ მოსაზღვრე მეზობელმა რ. კ.-მ ახალი მშენებლობის დაწყებით ხელყო მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები, 2001წ. 26 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. კ.-ის მიმართ, მოითხოვა კანონიერი საზღვრის დადგენა და ხელშეშლის აღკვეთა, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. აღნიშნული საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ არამარტო რ. კ.-ი, არამედ მისი მეორე მოსაზღვრე მეზობელი, მოპასუხე ღ. კ.-ანიც ხელყოფს მის კანონიერ უფლებებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან მხარეთა შორის არსებული ხის კედელი თვითნებურად შეცვალა კაპიტალურით და ამოაშენა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ღ. კ.-ანმა გაანთავისუფლოს მისი თვითნებური მიშენებისაგან მისი მიწის ნაკვეთი და აღადგინოს კანონიერი სამეზობლო საზღვარი, რათა მოსარჩელე კანონის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი უძრავი ქონებით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ი.-ის სარჩელი მოპასუხე ღ. კ.-ანის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ჟ. ი.-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჟ. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: ჟ. ი.-ე და ღ. კ.-ანი ცხოვრობენ ქუთაისში, ... ¹16 და ¹14 საცხოვრებელ სახლებში. ღ. კ.-ანის საცხოვრებელი სახლი ყრუ კედლით ესაზღვრება ჟ. ი.-ის საცხოვრებელ სახლს. სახლებს შორის მანძილი დაახლოებით 0,5 მ-ია. ღ. კ.-ანის მიერ კედლის სიმაღლე გაზრდილია დაახლოებით 35 წლის წინ. საწვეთური კედლიდან სავარაუდოდ 30-40 სმ-ით იქნება გადმოწეული, მის გასწვრივ გაკეთებულია მილი, რომლითაც სახურავიდან ნაწვეთი წყალი ისევ ღ. კ.-ანის ეზოში ჩადის.

სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნავს, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც ჟ. ი.-ე დაადასტურებდა თავისი კუთვნილი ნივთის თუ უძრავი ქონების სხვის მფლობელობაში ყოფნის ფაქტს.

გარდა ამისა, ჟ. ი.-ე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაწარმოებია 35 წლის წინ. სკ-ის 128-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულ პირსაც ანიჭებს უფლებამოსილებას, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, ვინაიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, ნაწარმოებია 35 წლის წინ.

ჟ. ი.-ემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორის განმარტებით, უფლების დარღვევა ანუ მიწის ნაკვეთის მითვისება გამომჟღავნდა 2001-2002 წლებში, სასამართლოში წარმოებული სხვა საქმის განხილვის დროს და სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მარტო სკ-ის 128-ე მუხლით, არამედ 130-ე მუხლით, რომლის მიხედვით მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჟ. ი.-ე და ღ. კ.-ი ცხოვრობენ ქუთაისში, ... შესაბამისად ¹16 და ¹14 საცხოვრებელ სახლებში, ღ. კ.-ის საცხოვრებელი სახლი ყრუ კედლით ესაზღვრება ჟ. ი.-ის საცხოვრებელ სახლს. სახლებს შორის მანძილი დაახლოებით 0,5 მ-ია, ღ. კ.-ის მიერ კედლის სიმაღლე გაზრდილია დაახლოებით 35 წლის წინ. საწვეთელი კედლიდან სავარაუდოდ 30-40 სმ-ითაა გადაწეული, მის გასწვრივ გაკეთებულია მილი, რომლითაც სახურავიდან ნაჟური წყალი ისევ ღ. კ.-ის ეზოში ჩადის.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია არ წამოუყენებია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში საკასაციო პალატას სწორად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ჟ. ი.-ეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც მისი კუთვნილი ნივთის თუ უძრავი ქონების სხვის მფლობელობაში ყოფნას ადასტურებს. ასეთი დადასტურების შემთხვევაშიც კი მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, ნაწარმოებია 35 წლის წინ.

ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოტივაცია, რომ მისი უფლების დარღვევა გამომჟღავნდა 2001-2002 წლებში, რასაც სარჩელშიც მიუთითებდა კასატორის მიერ მისი პოზიციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით მან რ. კ.-თან წარმოებული სამეზობლო დავის დროს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, შეიტყო რომ მოპასუხე ღ. კ.-იც ხელყოფს მის კანონიერ უფლებებს სახლის და მიწის ნაკვეთის სარგებლობის თვალსაზრისით. საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ ღ. კ.-ის მიერ მოსარჩელის უფლებების (სახლისა და ეზოს სარგებლობის) ხელყოფას ჰქონდა ადგილი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, მას ამის თაობაზე გაცილებით ადრე უნდა შეეტყო, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღნიშნა, ღ. კ.-ის სახლი კედელი დღევანდელი სახით დაახლოებით 35 წელია არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.