Facebook Twitter

საქმე # 060100119003014644

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №351აპ-20 ქ. თბილისი

ო. რ., 351აპ-20 16 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

გამართლებულ რ. ო–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. შ. შესაგებლით ითხოვს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 17 აპრილს რ. ო. და ნ. პ. დაოჯახდნენ. 2019 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 11:30 საათზე, რ. ო.მ ქ. ს–ში, .....ს ქუჩა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით იძალადა ფიზიკურად ნ. პ.ზე, რომ ამ უკანასკნელს წარსულში სხვა მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. კერძოდ კი, რ. ო.მ ნ. პ.ს ძლიერად მოქაჩა თმა, ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და მარჯვენა ხელი დაუკაწრა ფრჩხილებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით რ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამართლებულ რ. ო–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და რ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ნ. პ–მ განაცხადა, რომ რ. ო–მ სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში მოქაჩა თმა, სახეში დაარტყა ხელი და ფრჩხილებით დაკაწრა მაჯაზე, საიდანაც სისხლი წამოუვიდა, რაც მან ტანსაცმელზე შეიწმინდა. მისივე განმარტებით, ინციდენტისას მათ გარდა სახლში არავინ იყო.

8. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ. პ–ს მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა განივად და განივ ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ნაკაწრები, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ შ. თ–ს სასამართლოსათვის მიცემული განმარტებით, ნ. პ–ს მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანება შიძლება წარმოშობილი იყოს როგორც ფრჩხილებით, ასევე სამართებლით, მათ შორის - ერთჯერადი საპარსით. სხვა სახის დაზიანებები ნ. პ–ს სხეულზე არ აღენიშნებოდა.

10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა ნ. პ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესახებ სავარაუდოა, ხოლო თავად დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (მოწმეების - რ. ო–ს, გ. ნ–ს, ჯ. დ–ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს). საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, თუმცა არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, კონკრეტულად ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ნ. პ–ს.

11. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლების - ნ. ნ–ს, გ. ნ–სა და თ. გ–ს ჩვენებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირიბი ხასიათისაა. ისინი ფაქტის თვითმხილველები არ არიან, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. ო–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.

15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე