Facebook Twitter

საქმე # 330100116001497807

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №659აპ-20 ქ. თბილისი

ტ. მ., 659აპ-20 19 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - დავით გუმბერიძის, მსჯავრდებულების - ა. ა–სა და მ. ტ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი დავით გუმბერიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულების - ა. ა–სა და მ. ტ–სათვის შეფარდებული სასჯელების გამკაცრების კუთხით.

მსჯავრდებული ა. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

მსჯავრდებული მ. ტ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

მ. ტ–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

მ. ტ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარი.

ა. ა.ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია).

ა. ა., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარი.

მ. ტ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და შესაბამისად, ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის - 5000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ნ. ჯ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - მუნიციპალიტეტი წ–ა, სოფელი ...ა, ფართობი - 2400.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი ........, 5000 ლარის ფარგლებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ა. ა.ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და შესაბამისად, ყადაღა უნდა მოეხსნას თბილსის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით გირაოს თანხის - 5000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ა. ა–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა #..-ში, ავტოფარეხზე, ფართი 25.27 კვ.მ., საკადასტრო კოდი - .........., 5000 ლარის ფარგლებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თ. ჩ-მ გამოიტანა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება მოპასუხე მხარესთან - სს „...............სა“ და სასამართლოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ერთად, დაევალა მოსარჩელე მხარის მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ მ. ტ–ს. განჩინების მიხედვით, ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 2010-2011 წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადებისა და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, მ. ტ–ს უნდა შეერჩია შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით - გასაყიდად წარმოდგენილი, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, მ. ტ–ამ განზრახ შეარჩია ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას - ცენტრალურ გზატკეცილთან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტმა მ. ტ–მ მის მიერ მომზადებულ სასაქონლო დასკვნებში მიუთითა ყალბი ინფორმაცია, რომ, თითქოს, მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ .........ში და .......ის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენა ანალოგებად. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტმა მ. ტ–ამ შეაფასა ............ს ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. 2015 წლის ზაფხულში მ. ტ–ას მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები წარდგენილ იქნა სასამართლოში. ექსპერტ მ. ტ–ას მიერ მომზადებულ დასკვნაში ყალბი ინფორმაციის მითითების შედეგად მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები შეფასდა ხელოვნურად მაღალ ფასებად, რითაც სს „..................ს“ შესაძლოა, მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

სამოქალაქო დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მ. თ. ჩ-მ გამოიტანა განჩინება საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის შესრულება მოსარჩელე მხარის და სასამართლოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ერთად, დაევალა მოპასუხე მხარისა - სს „..................ს“ მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექსპერტ-შემფასებელ ა. ა–ს. განჩინების მიხედვით, ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 2010-2011 წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადებისა და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, ა. ა–ს უნდა შეერჩია შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით - გასაყიდად წარმოდგენილი, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი უნდა განესაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება. აღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, ა. ა–მ განზრახ შეარჩია ისეთი ანალოგი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობდა გაცილებით პრესტიჟულ ადგილას, ცენტრალურ გზატკეცილთან ახლოს და მათი გასხვისება მოხდა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში, როდესაც საქართველოში უძრავი ქონების ფასები იყო განსაკუთრებით მაღალი. ექსპერტმა ა. ა–მ მის მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნებში მიუთითა ყალბი ინფორმაცია, რომ, თითქოს, მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდებოდა, რომ ...........ში და ............ს ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაფასებელი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ხელოვნურად შემცირებული ღირებულებები, რის გამოც აღნიშნული ნაკვეთები არ გამოიყენა ანალოგებად. 2015 წლის ზაფხულში ა. ა–ს მიერ შედგენილი ყალბი ექსპერტიზის დასკვნები წარდგენილ იქნა სასამართლოში. ექსპერტ ა. ა–ს მიერ მომზადებულ დასკვნაში ყალბი ინფორმაციის მითითების შედეგად მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები შეფასდა ხელოვნურად მაღალ ფასებად, რითაც სს „............ას“ შესაძლოა, მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით; ხოლო მსჯავრდებულები - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების, მსჯავრდებულების - ა. ა–სა და მ. ტ–ს პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მათი ბრალეულობის თაობაზე აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, მტკიცებულებების ერთობლიობა.

8. უსაფუძვლოა კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროს ანალოგად გამოყენებული არცერთი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა პრესტიჟულ ადგილას, გზის პირას, პირველ ზოლში.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო დავის განხილვისას, 2014 წლის 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინების თანახმად, ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ მოსარჩელეთა კუთვნილი, 2010-2011 წლებში ექსპროპრირებული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც მდებარეობდა შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში. დასკვნის მომზადებისა და ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, მ. ტ–ასა და ა. ა–ს უნდა შეერჩიათ შესაფასებელი მიწის ნაკვეთების შეძლებისდაგვარად მსგავსი მახასიათებლების მქონე ანალოგიური ობიექტები - ნაკვეთები, რომლებიც იყო გაყიდული ან/და განცხადების სახით - გასაყიდად წარმოდგენილი, შერჩეული ანალოგების ფასების დაკორექტირების შედეგად კი ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ ქონების საბაზრო ღირებულება. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ამ საკითხებთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - გ. ჩ–ს, ქ. მ–ს, ნ. შ–ს, ნ. შ–ს, ზ. კ–ს, გ. ქ–ს, ი. კ–ს, ასევე მსჯავრდებულების - მ. ტ–ასა და ა. ა.ს ჩვენებების შეფასებით, საქართველოში არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც მიწის ნაკვეთის შეფასების მეთოდს განსაზღვრავს და რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტები ხელმძღვანელობენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით. კერძოდ, შეფასებისას იყენებენ შედარების მეთოდს, რაც გულისხმობს შესაფასებელი ობიექტის მსგავსი, გაყიდული ან გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთის ანალოგად შერჩევას. ის გარემოება, რომ მ. ტ–ამ და ა. ა–მ ექსპერტიზის ჩატარების დროს ანალოგები განზრახ არასწორად შეარჩიეს, უტყუარად დასტურდება საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, შესაფასებელ მიწის ნაკვეთებთან ახლოს მდებარე არაერთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზეა გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, მ. ტ–ასა და ა. ა–ს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, ანალოგებად გამოეყენებინათ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რაც მათ არ შეუსრულებიათ. საჯარო რეესტრის მიერ დამზადებული რუკით დასტურდება, რომ შესაფასებელი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ არსებული, გაყიდული მიწის ნაკვეთების ფასი რამდენჯერმე დაბალია მსჯავრდებულების მიერ დადგენილ საბაზრო ფასთან შედარებით.

10. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი საფუძვლიანი არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ ფიზიკურ პირებს შორის შესრულებული ყიდვა-გაყიდვები, იურიდიული პირების მონაწილეობით შესრულებულ ყიდვა-გაყიდვებთან შედარებით, ნაკლებ სარწმუნოა. მოწმეების - თ. ლ–ს, ვ. ი–ს, გ. მ–ს, მ. ხ–ს, გ. ფ–ს, პ. გ–ს, მ. ხ–ს, ი. მ–ს, თ. ტ–ს მ. კ–ს, ი. ი–ს, დ. ბ–სა და გ. ხ–ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ფასების ნამდვილობა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დასახელებულმა მოწმეებმა მიწის ნაკვეთების ღირებულებასთან დაკავშირებით უარყვეს ექსპერტებთან კომუნიკაცია.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი ხასიათის დარღვევა, რასაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე, არ დასტურდება.

12. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების, პოზიციას იმის თაობაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები არასანდო და არასარწმუნოა. კასატორები მიუთითებენ, რომ ერთ შემთხვევაში, როდესაც სსიპ ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა სს „...........მ“ სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება, ნ. ი–ს მიწის ნაკვეთი 1 მ2 - 27 ლარად, ხოლო იმავე პერიოდში ნ. ი–ს მიერ დანიშნული ექსპერტიზით, ექსპერტმა მისი ნაკვეთი გაცილებით ძვირად, 1მ2 - 60 ლარად შეაფასა. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ არის სანდო.

13. სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ,,ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 5 აპრილის №............ დასკვნის თანახმად, სასაქონლო ექსპერტის - გ. ქ–ს მიერ 2011 წლის 26 იანვარს გაცემულია ექსპერტიზის დასკვნა №............., სადაც მესაკუთრე ნ. ი–ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობების ღირებულება განისაზღვრა 41500 ლარით (მიწის ნაკვეთი 20250 ლარი - 1 კვ.მ 27 ლარი, საიდანაც 21 ლარი არის უშუალოდ მიწის ღირებულება და 6 ლარი კომუნიკაციების და მიწის ნაკვეთის მოწყობის, ხოლო 21250 ლარი არის ნაგებობების, შემოღობვის და ნარგავების) იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები რჩება მესაკუთრეს (ტომი №8; ს.ფ. 46).

14. მოქალაქე ნ. ი–ს კერძო განცხადების საფუძველზე ბიუროში დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა, რაზედაც ექსპერტ ზ. კ–ს მიერ 2011 წლის 7 თებერვალს გაცემულია ექსპერტიზის დასკვნა №.........., სადაც აღნიშნული ქონება (მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული ნაგებობების, შემოღობვის, ნარგავების და კომუნიკაციების გათვალისწინებით) შეფასებულია 45000 ლარად, რაც არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შეფასებული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში მიღებული მეორადი მასალები რჩება მესაკუთრეს (ტომი №8; ს.ფ. 46).

15. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, შეფასების დროს გათვალისწინებულია უძრავი ქონების კეთილმოწყობა (ტომი №12; ს.ფ.129). სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტ ზ. კ–ს დაცვის მხარემ დაუსვა კითხვა მის მიერ გაცემულ დასკვნაში (№............) რა იყო შეფასებული, რაზეც ექსპერტმა ზ. კ–მ უპასუხა: „თვითონ მიწის ნაკვეთი და აღწერილობაში რაც არის კეთილმოწყობა, კომუნიკაციები ნავესი, შემოღობვა“ (2018 წლის 12 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 10:52:57). აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის №........... დასკვნაში 27 ლარადაა შეფასებული მხოლოდ 1მ2 მიწის ნაკვეთი, ხოლო ექსპერტიზის №.......... დასკვნაში, 60 ლარადაა შეფასებული 1მ2 მიწის ნაკვეთი გაუმჯობესებებთან ერთად. შესაბამისად სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრებში მითითებულ მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

17. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - მ. ტ–სა და ა. ა–სათვის სასჯელების განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მათ მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - მ. ტ–ასა და ა. ა–სათვის შეფარდებული სასჯელები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31; ECtHR, 11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR, 21/07/2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos 21447/11, 35839/11, §65, 66; ECtHR, 27/02/2020).

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - დავით გუმბერიძის, მსჯავრდებულების - ა. ა–სა და მ. ტ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე