Facebook Twitter

საქმე # 330100118002264374

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №662აპ-20 ქ. თბილისი

ხ–ი ი., 662აპ-20 13 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ვანო ალუღიშვილის

ადვოკატ - რ. რ–ს

მსჯავრდებულ - ი. ხ–ის

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენით ი. ხ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსკ-ის) 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით) ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ი. ხ–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივლისის ბრძანების საფუძველზე ი. ხ–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ...ი ქვეითი ბრიგადის მე-... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის S-4-ის ოფიცრად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“; შტატი №.......). ი. ხ–ი 2017 წლის 31 ივლისიდან ამავე წლის 10 აგვისტომდე იმყოფებოდა შვებულებაში და .......ში, ...........ს ჩიხის №...ში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო 2017 წლის 10 აგვისტოს, 09:00 საათზე. მიუხედავად ამისა, ი. ხ–მ, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტოს დატოვა ...........ოს სახელმწიფო საზღვარი და არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი. ხ–ის გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ–მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ი. ხ–ის გამართლება.

6. მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვანო ალუღიშვილმა.

7. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატმა რ. რ–მ და მსჯავრდებულმა ი. ხ–მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

2. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას,

დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.

3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. ხ–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. ხ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ი. ხ–ი არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენენ მხოლოდ სამხედრო წვევამდელი და სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე; საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის შენიშვნაში 2017 წლის აგვისტოს რედაქციით, მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამ ტიპის დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს კურსანტი, მსმენელი, იუნკერი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე, კადრის სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე რეზერვისტი სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას; კანონმდებელი სსკ-ის 388-ე მუხლის დანაშაულის სუბიექტებში აერთიანებს ყველა სახის სამხედრო მოსამსახურეს, რასაც არ აკეთებს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლში გაკეთებული საერთო განსაზღვრება.

5. საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა. საქართველოს სსკ-ის 382-ე მუხლი(2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით) განმარტავს სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტებს და მათ მიაკუთვნებს: სამხედრო მოსამსახურეს ან რეზერვისტს, რომლებიც სამხედრო ძალებში მსახურობენ გაწვევით ან კონტრაქტის საფუძველზე. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში.

6. 2013 წლის 23 მარტს გაფორმდა კონტრაქტი №.... ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქე ი. ხ–ს შორის (იხ. ტ.1; ს.ფ. 74-77). ამავე კონტრაქტის მე-3 მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლება

შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.“

7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 19 ივლისის ბრძანების თანახმად, უფროსი ლეიტენანტი ი. ვ–ს ძე ხ–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის მე-... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის S-4-ის ოფიცრად (საშტატო კატეგორია „უფროსი ლეიტენანტი“, შტატი №........) და გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ........... სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის მე-.. მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის თანამდებობიდან (იხ. ტ. 1; ს.ფ. 94).

8. შესაბამისად, 2017 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ი. ხ–ი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში 2013 წლის ზემოაღნიშნული კონტრაქტის მოქმედების ვადა არ იყო გასული, ის ითვლებოდა სამხედრო მოსამსახურედ და წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს.

9. ქმედების საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაშაულის სუბიექტის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის ან თვითნებურად დატოვება ან სამსახურში გამოუცხადებლობა ამავე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ი. ხ–ს ედავება სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებას.

10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი. ხ–მ ორჯერ (2017 წლის 24 და 26 ივლისს) ითხოვა პატაკით მისი გათავისუფლება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პატაკის დადგენილი წესების დარღვევით შედგენის გამო, რაც ცნობილი იყო ი. ხ–ისთვის.

11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის პერიოდისთვის საქმის წარმოება ხორციელდებოდა ელექტრონული პროგრამა - ეფლოუს მეშვეობით, რომლის გამოყენების წესი კარგად იყო ცნობილი ი. ხ–ისთვის. კერძოდ,

12. მოწმეთა (გ. ჯ–ე, ა. ბ–ი, ფ.გ–ი, მ. კ–ა) ჩვენებებით დგინდება, რომ ი. ხ–ის 2017 წლის 25 და 26 ივლისის პატაკები შეიარაღებული ძალების რიგებიდან წასვლის შესახებ შედგენილი იყო დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც იგი არ დაკმაყოფილდა და პატაკის შემდგენს მიეცა მითითება პატაკის წესების დაცვით შედგენის თაობაზე, თუმცა მას აღნიშნული არ გაუკეთებია.

13. მოწმე გ. ჯ–ს (შეიარაღებული ძალების .... ქვეითი ბრიგადის მე-.... ბატალიონის მეთაური) ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 24 ივლისს, მას შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ პატაკით მიმართა ი. ხ–მ, თუმცა იმის გამო, რომ პატაკი შედგენილი იყო დადგენილი სტანდარტების დარღვევით, მან პატაკს რეზოლუცია არ დაადო და გადაამისამართა იურისტთან, რომელმაც ი. ხ–ს დეტალურად განუმარტა პატაკის შედგენის წესები. 2017 წლის 26 ივლისს ი. ხ–მ პატაკი შეადგინა ბრიგადის მეთაურის სახელზე და ითხოვდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლას, მაგრამ აღნიშნული პატაკი გაგზავნილი იყო ელექტრონული საქმისწარმოების წესის დარღვევით - ვიზირებაში მითითებული უნდა ყოფილიყო არასაიდუმლო საქმის მწარმოებელი კანცელარია, რის შემდეგაც პატაკი უნდა მისულიყო მასთან და მას უნდა გადაეგზავნა ბრიგადაში. წესის დარღვევის გამო, პატაკი გაჩერებულ იქნა .... ქვეითი ბრიგადის კანცელარიაში და დაბრუნდა ისე, რომ ბრიგადის მეთაურამდე არ მისულა, რის შესახებაც ცნობილი იყო თავად ი. ხ–ისთვის, რომელიც მასთან პირად საუბარში ამბობდა თუ რა უფლება ჰქონდა ბრიგადის კანცელარიას წერილი დაებრუნებინა უკან. შესაბამისად, ი. ხ–მ იცოდა, რომ მისი პატაკი ბრიგადის მეთაურთან არ იყო მისული და მასზე სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

14. მოწმე ა. ბ–ს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ....... ქვეითი ბრიგადის მე-.. ბატალიონის შტაბის უფროსი) ჩვენებითაც დგინდება რომ მართალია ი. ხ–ს დაწერილი ჰქონდა პატაკი შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ, მაგრამ აღნიშნული პატაკი შედგენილი იყო დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც მას მიეცა მითითება პატაკის გამართულად შედგენის შესახებ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა მისი შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლება, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია.

15. მოწმე მ. კ–ს (თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ...... ქვეითი ბრიგადის შტაბის არასაიდუმლო საქმის მწარმოებელი) ჩვენებით დგინდება, რომ სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი. ხ–ს 2017 წლის 25 ივლისს ბრიგადის მეთაურის სახელზე დაწერილი ჰქონდა პატაკი საქმისწარმოების წესის დარღვევით, რის გამოც პატაკი დაბრუნებული იყო ინიციატორთან. კერძოდ, ი. ხ–ს პატაკის დაწერისას ვიზირებაში არ ჰყავდა ჩასმული მისი უშუალო მეთაური და ადრესატის გრაფაში არ იყო მითითებული თავისი ბატალიონის კანცელარია. შესაბამისად, პატაკს გავლილი არ ჰქონდა .... ქვეითი ბრიგადის მე-.... ბატალიონის კანცელარია და მისი გვერდის ავლით იყო გადაგზავნილი პირდაპირ ... ქვეითი ბრიგადის კანცელარიაში. მეორე პატაკი ი. ხ–ს დაწერილი ჰქონდა 2017 წლის 26 ივლისს, სადაც ასევე დარღვეული იყო საქმის წარმოების წესები, ვინაიდან იგი პატაკს პირდაპირ უგზავნიდა ბრიგადის მეთაურს, მაშინ როდესაც მას ვიზირებაში უნდა მიეთითებინა უშუალოდ თავისი მეთაური, შემდეგ ბატალიონის კანცელარია და ბრიგადის კანცელარია.

16. მ. კ–ს სამსახურებრივი ელექტრონული საქმისწარმოების „.....ს“

(შიდა ქსელი) გვერდის დათვალიერების ოქმითაც დასტურდება, რომ მ. კ–ს პირად გვერდზე (როგორც საქმის მწარმოებელთან) შესული 2017 წლის 25 ივლისის №.... პატაკით ი. ხ–ი პრეტენზიებს გამოთქვამს ბატალიონის მეთაურის - გ. ჯ–ს მიმართ. ამავე დროს პატაკის ადრესატში ხ–ს მ... ბატალიონის კანცელარიის გვერდის ავლით არჩეული აქვს ...... ქვეითი ბრიგადის კანცელარია. პატაკის მოძრაობის შედეგში დაფიქსირებულია არასაიდუმლო საქმის მწარმოებლის მოვალეობის შემსრულებლის - ნ. პ–ს ტექსტი, რომლითაც პატაკი ...... ქვეითი ბრიგადის კანცელარიიდან უბრუნდება მე-.. ბატალიონის კანცელარიას 2017 წლის 26 ივლისის 08:32 საათზე და თავად პატაკის ავტორს ი. ხ–ს 08:34 საათი. პატაკის დაბრუნების შენიშვნაში მითითებულია ნ. პ–ს მოთხოვნა დოკუმენტის სათანადო წესით გადაგზავნის შესახებ, შესაბამისი თანმიმდევრობით ადრესატების მითითებით. დათვალიერების მონაწილე მ. კ-მ ელექტონულ სისტემა „.....“-ში ასევე გახსნა ი. ხ–ის 2017 წლის 26 ივლისის №..... პატაკი. პატაკის გაგზავნის დროა 2017 წლის 26 ივლისის 13:16 საათი, რომლის მიხედვითაც ი. ხ–ი უშუალოდ ... ქვეითი ბრიგადის მეთაურს - რ. ძ–ს უგზავნის იგივე შინაარსის პატაკს და ადრესატში მითითებული ჰყავს მხოლოდ რ. ძ–ე. ი. ხ–ი პატაკში უთითებს, რომ მან დაწერა პატაკი და მოითხოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან წასვლა, რასაც მესამე დღეა რეაგირება არ მოჰყოლია. შენიშვნაში ი. ხ–ი ბოდიშს უხდის ბრიგადის მეთაურს დოკუმენტის მოძრაობის საფეხურების დარღვევისთვის და უთითებს, რომ სხვა გზით მან პატაკის ბრიგადის მეთაურისთვის წარდგენა ვერ მოახერხა.

17. თ. ც–ს (... ქვეითი ბრიგადის მე-.. ბატალიონის იურისტი) ჩვენების თანახმად, 2017 წლის 24 და 26 ივლისს, ი. ხ–მ დაწერა პატაკი შეიარაღებული ძალების რიგებიდან წასვლის შესახებ, თუმცა იმის გამო, რომ პატაკი შედგენილი იყო დადგენილი წესის დარღვევით, არ დაკმაყოფილდა და მიეცა მითითება პატაკის წესების დაცვით შედგენის თაობაზე.

18. ი. ხ–მ საკასაციო საჩივრის განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დიდი ხანი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში (ასეულის მეთაურის პოზიციაზე იმსახურა ორწელიწად ნახევარი, მანამდე ასეულის მეთაურის მოადგილე იყო), იცოდა რა როგორ იწერებოდა, ეფლოუს სისტემა მისთვის კარგად ნაცნობია; ელექტრონული სისტემა რაც ჩაირთო მას შემდეგ ახდენდა პატაკების გაგზავნას, კარგად იცის როგორ ხდება და ვინ უნდა მიეთითებინა. პირველი პატაკის შედგენისას ყველა წესი დაიცვა, მიუთითა კანცელარიის სამსახური, ბატალიონის იურისტი, შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაური, თუმცა პატაკს დაედო უარი. უარის მიზეზი იყო ის, რომ არ სურდათ პატაკი დაედოთ საფუძვლად მისი სამსახურიდან გათავისუფლებისათვის, რადგან პატაკს დანართი ჰქონდა მიბმული. თ. ც–ს, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შეეძლო დაებლოკა პატაკი, რაც არ მომხდარა, მან მხოლოდ სიტყვა „გთხოვ“ ჩაამატა. შესაბამისად, მის პატაკს უნდა მოჰყოლოდა სათანადო რეაგირება, მაგრამ ვინაიდან ბატალიონის მეთაურს დანართი არ მოეწონა, ი. ხ–ს უთხრეს მოეხსნა პატაკის დანართი და ამის შემდეგ პატაკს მოჰყვებოდა რეაგირება, რაზეც უარი განაცხადა, რადგან სურდა ზემდგომი ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება, რომ არასამართლიანად მოხდა მისი გადანიშვნა (იხ. 2021 წლის 13 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 01:00:58 - 01:04:18). ი. ხ–მ დაადასტურა, რომ მიზანმიმართულად დაარღვია მეორე პატაკის შედგენის წესი - ბატალიონის მეთაური აღარ მიუთითა, მიმართა პირდაპირ ბრიგადის მეთაურს და მიუთითა ბრიგადის კანცელარია (ვინაიდან დადგენილი წესის შესაბამისად რომ მიეთითებინა ბატალიონის მეთაური, მისი პატაკი ბრიგადის მეთაურამდე ვერ მიაღწევდა) და შენიშვნაში განმარტა, რომ დადგენილ წესს არღვევდა, ვინაიდან პატაკს უბლოკავდნენ და ბრიგადის მეთაურამდე არ მიდიოდა. მაგრამ ბრიგადის კანცელარიამ პატაკი დაუბრუნა უკან, რადგან არ ჰყავდა მითითებული ბატალიონის მეთაური და ბატალიონის კანცელარია. პატაკი ბრიგადის მეთაურთან მივიდა, გაეცნო ბრიგადის მეთაური, დააწერა ბრიგადის იურისტს გ-ს, რომელმაც დაურეკა და ჰკითხა რა გაეკეთებინა (იხ. 2021 წლის 13 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 01:04:10 - 01:06:50).

19. მოწმე გ. ჯ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ი. ხ–ის პატაკი არ შეესაბამებოდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ პატაკისთვის დადგენილ ფორმას და ჰგავდა საჩივარს. სწორედ ამიტომ გ. ჭ–მ განუმარტა ი. ხ–ს, თუ არ სურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და უნდოდა საჩივრის დაწერა, მას შეეძლო საჩივრის დაწერა („არ იყო პრობლემა“) და ბატალიონის იურისტს სთხოვა ი. ხ–ისთვის განემარტა რა ფორმით უნდა შეევსო შეიარაღებული ძალებიდან წასვლის პატაკი და რა ფორმით უნდა დაეწერა საჩივარი. ამასთან განუმარტა, რომ თუ ი. ხ–ს სურდა საჩივრის დაწერა, მის საჩივარს გააგზავნიდა ზემდგომ პირთან. (იხ. 2018 წლის 18 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი 10:17:58-10:18:51). თ. ც–ს პატაკითაც დასტურდება, რომ მან აუხსნა ი. ხ–ს დათხოვნის პატაკის ფორმა და განუმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში დაეწერა საჩივარი და მის საჩივარს მიეცემოდა შესაბამისი მსვლელობა (ტომი 1; ს.ფ. 101).

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. ხ–ისათვის ცნობილი იყო პატაკის შედგენის წესი და მას ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა გაევლო იურისტებთან კონსულტაცია (პირველ შემთხვევაში იურისტის რჩევა არ გაითვალისწინა და პატაკი მეორედაც დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ შეადგინა, ხოლო მეორე შემთხვევაში - იურისტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა), თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ორივე ჯერზე მიზანმიმართულად მოხდა დადგენილი წესის დარღვევით პატაკის შედგენა-გაგზავნა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თავად ი. ხ–ის და მოწმეთა (ფ. გ–ს, გ. ჯ–ს, თ. ც–ს, ა. ბ–ს და სხვათა) ჩვენებებით დგინდება, რომ ი. ხ–მ კარგად იცოდა რა ფორმით და რა წესით ხდებოდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და როგორი უნდა ყოფილიყო პატაკის ფორმა, რადგან ასეულის მეთაურის პოზიციაზე მუშაობის დროს სხვა სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო რიგებიდან დათხოვნის პატაკს თავადაც აწერდა ხელს. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ ი. ხ–ისთვის ცნობილი იყო, რომ დადგენილი წესის

დარღვევით შედგენილი პატაკი წარმოადგენდა მიზნის მიღწევის უვარგის საშუალებას და სანამ სამხედრო მოსამსახურე არ ამოირიცხებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან უნდა ყოფილიყო სამხედრო ნაწილში და გაეგრძელებინა საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

21. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის №... ტელეფონოგრამის (ტომი 1; ს.ფ. 189) თანახმად, 2017 წლის 27 მარტიდან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პირადი პატაკის დაწერის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე არ უნდა მოიხსნას ყველა სახის კმაყოფიდან, სანამ არ მოხდება დათხოვნის საფუძვლების სრულყოფილი შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება (ბრძანების გამოცემა). ასევე მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურე გადაწყვეტილების მიღებამდე აგრძელებს სამსახურს და ამ პერიოდში მის მიერ დისციპლინური ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები.

22. ი. ხ–მ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ ტელეფონოგრამის შინაარსი მისთვის არ იყო ცნობილი, ვინაიდან სამხედრო ჰოსპიტლის გადაწყვეტილებით 2017 წლის 25 მარტიდან 5 აპრილამდე იმყოფებოდა სამკურნალო შვებულებაში.

23. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის ,,მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით, გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები, რასაც სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, როგორც მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ისე უარყოფის შემთხვევაში" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18). შესაბამისად, სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ი. ხ–ისთვის უცნობი იყო ზ/აღნიშნული ტელეფონოგრამის შინაარსი (მაგალითად, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა რომ ტელეფონოგრამის სამხედრო ნაწილის თანამშრომლებისთვის გაცნობის დროს ი. ხ–ი ბინაზე მკურნალობდა და ობიექტურად ვერ დაესწრებოდა სამსახურის უფროსის მიერ თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ინსტრუქტაჟს გენერალური შტაბის უფროსის ტელეფონოგრამის გაცნობის მიზნით). საქმეში წარმოდგენილი

მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში დამოუკიდებლად ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N504აპ-20; 2021წლის 2 მარტის განჩინება №630აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 640აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 621აპ-20).

24. მოწმეების - გ. კ–ისა (თავდაცვის სამინისტრო ... ბრიგადის მძღოლი) და ჯ. დ–ს (თავდაცვის სამინისტროს ...... ბრიგადის მე-.. ბატალიონის საშტატო უზრუნველყოფის ასეულის უზრუნველყოფის სერჟანტი) ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის მარტში სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს, მათ შორის ი. ხ–ს, ჩაუტარა ინსტრუქტაჟი და გააცნო გენერალური შტაბის უფროსის ტელეფონოგრამა იმის შესახებ, თუ შეიარაღებული ძალების რიგების დატოვების შემთხვევაში როგორ უნდა ემოქმედა სამხედრო მოსამსახურეს. მოწმე გ. კ–მა დაკითხვისას განმარტა, რომ ზ/აღნიშნული დოკუმენტი ყველას წერილობითი სახით მისდის „...“ პროგრამაში (ის. 2019 წლის 12 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 13:15:53-13:16:05). შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო, რომ მას შემდეგ, რაც სამხედრო მოსამსახურე დაწერდა პატაკს ზემდგომი მეთაურის სახელზე შეიარაღებული ძალების რიგების დატოვების თაობაზე, იგი უნდა ყოფილიყო სამხედრო ნაწილში, გაეგრძელებინა საქმიანობა და დალოდებოდა ბრძანებას შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვის შესახებ, რის შემდეგაც ითვლებოდა გათავისუფლებულად. თ. ც–ს ჩვენებაში დაადასტურა, რომ ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა „......“ დაფიქსირებულია, ი. ხ–მ ნახა და გაეცნო ტელეფონოგრამას (იხ. 2018 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 14:40:39-14:40:49). ასევე დაადასტურა, რომ მას შემდგომ რაც ი. ხ–ის 24 ივლისის პატაკი არ დაკმაყოფილდა მან თავის სამუშაო ოთახში ი. ხ–ს ისევ განუმარტა ტელეფონოგრამის შინაარსი დეტალურად (იხ. 2018 წლის 9 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 14:41:07-14:41:41).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწმეთა (გ. ჯ–ს, თ. ც–ს, ფ. გ–ს, გ. კ–ს და ჯ. დ–ს) ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. ხ–ისათვის ცნობილი იყო სამსახურიდან დათხოვნის პროცედურა - მათ შორის პატაკის შედგენის წესი და ტელეფონოგრამის შინაარსი.

26. ი. ხ–ის განმარტებით, მან იცოდა რომ დადგებოდა მისი გაგდების და არა ამორიცხვის საკითხი, ვინაიდან მის პატაკზე რეაგირება არ ხდებოდა და ბატალიონის მეთაური ახდენდა მისი შეიარაღებული ძალებიდან გაგდებას (რაც ბატალიონის მეთაურს მოახსენა კიდეც როცა ნახა რომ რეაგირება არ იყო) და ამიტომ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება დაეტოვებინა სამხედრო სამსახური იმ ფორმით, რა ფორმითაც დატოვა - შვებულებიდან აღარ დაბრუნებულიყო სამხედრო სამსახურში (იხ. 2021 წლის 6 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი 00:36:10 – 00:47:35 – 00:47:55). ი. ხ–მ ასევე განმარტა, რომ ბოლო დღემდე ელოდა, გადაწყვეტილებას შეცვლიდა და არ წავიდოდა, ზემდგომი ხელმძღვანელობა ჩართული რომ ყოფილიყო და მათ შორის საუბარი და შეთანხმება რომ მომხდარიყო - მაგრამ პირიქით მოხდა, ბატალიონის მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება გაეგდო შეიარაღებული ძალებიდან. ამდენად, ი. ხ–ის ქმედება ატარებდა მიზანმიმართულ ხასიათს.

27. მოწმე ფ. გ–მა (თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის იურისტი) განმარტა, რომ 2017 წლის ივლისში, ი. ხ–მ საქმის წარმოების წესის დარღვევით შეადგინა პატაკი, რითაც ითხოვდა შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებას. ბატალიონის მეთაურმა აღნიშნული პატაკი დააბრუნა უკან და ბრიგადის იურისტს მისცა მითითება შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის სწორად დაწერის შესახებ ი. ხ–ისთვის გაეწია სამართლებრივი კონსულტაცია. იგი პირადად დაუკავშირდა ი. ხ–ს. 2017 წლის 26 ივლისს მას ბრიგადის მეთაურმა აცნობა, რომ ი. ხ–ს დაწერილი ჰქონდა ახალი პატაკი შეიარაღებული ძალებიდან წასვლის შესახებ და სთხოვა გარკვეულიყო რატომ მოხვდა პატაკი მათთან. მან ბრიგადის მეთაურს აუხსნა, რომ ი. ხ–ი მსახურობდა მე-....ბატალიონში და სწორედ აღნიშნულ ბატალიონში უნდა ყოფილიყო წარდგენილი მოთხოვნა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. იგი ბრიგადის მეთაურის დავალებით შეხვდა ი. ხ–ს, რომელმაც არ ისურვა მასთან გასაუბრება.

28. ი. ხ–მ იცოდა, რომ პატაკები არ იყო დადგენილი სტანდარტისა და პროცედურის დაცვით შედგენილი, მათ ვერ მოჰყვებოდა რეაგირება - მისი გათავისუფლება - და შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი დაეტოვებინა სამხედრო სამსახური. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ არ დაბრუნდა სამსახურში, რითაც თავი აარიდა სამხედრო ვალდებულების შესრულებას.

29. მოწმის თ. ც–ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, ი. ხ–მა შეიარაღებული ძალებიდან დროებით გათავისუფლების შესახებ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, რაზეც მიიღო უარი, რადგან წინა დღეებში რამდენჯერმე იმყოფებოდა დათხოვნაში, ამასთან - მიმდინარეობდა საერთაშორისო სწავლება და ი. ხ–ს ევალებოდა სწავლების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. გათავისუფლებაზე უარის თქმის მიუხედავად, ი. ხ–მ 2017 წლის 25 ივლისს, დღის საათებში თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია და დაბრუნდა სამუშაო დღის ბოლოს, დაფიქსირდა სამხედრო ნაწილში გამოცხადებულად და კვლავ წავიდა თვით დათხოვნაში.

30. მოწმის თ. ც–ს 2017 წლის 25 ივლისის პატაკით დასტურდება, რომ მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ი. ხ–ი 25 ივლისს არ იმყოფებოდა დილის მოწყობაზე და არ შეასრულა ბატალიონის მეთაურის ბრძანება მასთან გამოცხადების თაობაზე. ი. ხ–მ უარი განაცხადა ახსნა-განმარტების დაწერაზე და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, იგი გაფრთხილებული იქნა სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების ფაქტზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

31. მოწმე თ. ც–ს 2017 წლის 26 ივლისის პატაკით დადგენილია, რომ ბატალიონის შტაბის უფროსის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ი. ხ–ი 25 ივლისს არ იმყოფებოდა დილის მოწყობაზე, არ შეასრულა ბატალიონის მეთაურის ბრძანება მასთან გამოცხადებასთან დაკავშირებით, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური მომზადების დასრულების შემდგომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სამხედრო ფორმის გარეშე, რაზეც იგი დაბარებულ იქნა ახსნა-განმარტების მისაცემად, თუმცა მან უარი განაცხადა ახსნა-განმარტების დაწერაზე და ბატალიონის მეთაურის ნებართვის გარეშე წავიდა თვითდათხოვნაში. ი. ხ–ი გაფრთხილებულ იქნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიის თვითნებურად დატოვების ფაქტზე მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

32. მოწმე ვ. ქ–ს ჩვენებითაც დგინდება რომ 2017 წლის ივლისიდან - როდესაც ი. ხ–ი გადაიყვანეს S-4-ის უფროსი ასისტენტის თანამდებობაზე ი. ხ–ი ძირითადად სხვადასხვა მიზეზით იმყოფებოდა დათხოვნაში.

33. ი. ხ–ის 2017 წლის 26 ივლისის პატაკით დადგენილია, რომ მას 25 ივლისს ოჯახური პირობების გამო ესაჭიროებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც ორჯერ მიმართა ბატალიონის მეთაურს. გათავისუფლებაზე მიიღო უარი, რის შემდეგაც წავიდა თვითდათხოვნაში. აღნიშნული დასტურდება გ. ჯ–ს ახსნა-განმარტებითაც (ტომი 1; ს.ფ. 89), რომლის თანახმად 25 ივლისს მეთაურთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ი. ხ–მ დაწერა პატაკი განთავისუფლებაზე, სადაც მიზეზად მიუთითა ბავშვის გეგმიურ აცრაზე წაყვანა.

34. მ. კ–ს სამსახურეობრივი „.....ს“ (შიდა ქსელის) გვერდის დათვალიერების ოქმითაც დგინდება, რომ ი. ხ–ი პატაკებში №.......... თვითდათხოვნაში წასვლის მიზეზად უთითებს ოჯახურ პირობებს (ბავშვის ავადმყოფობას). კანცელარიამ ი. ხ–ს უკან დაუბრუნა პატაკი №.... და სთხოვა წარმოების წესის დაცვით გაგზავნა(ტომი 1; ს.ფ. 229).

35. გენერალური შტაბის ..... ქვეითი ბრიგადის მე-.. მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ა. ბ–ს 2017 წლის 31 ივლისის პატაკით ირკვევა, რომ მე-... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის S-4-ის ოფიცერი ი. ხ–ი, 2017 წლის 31 ივლისიდან 10 აგვისტომდე იმყოფება შვებულებაში.

36. გენერალური შტაბის ..... ქვეითი ბრიგადის მე-.. მსუბუქი ქვეითი ბატალიონის S-4-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თ. გ–ს 2017 წლის 10 აგვისტოს პატაკით დადგენილია, რომ ი. ხ–ი, რომელიც იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში 2017 წლის 31 ივლისიდან - იმავე წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, სამხედრო ნაწილში უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 10 აგვისტოს 08:00 საათზე, თუმცა მითითებულ დროს იგი არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში და ვერ მოხდა მასთან დაკავშირება (ვერც მის მობილურ ტელეფონზე).

37. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად, ი. ხ–მ 2017 წლის 1 აგვისტოს გადაკვეთა ..........ოს სახელმწიფო საზღვარი ..........ის რესპუბლიკის მიმართულებით და მისი უკან დაბრუნება არ ფიქსირდება.

38. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით დადგენილია, რომ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის .......... ქვეითი ბრიგადის მე-.. მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის S-4-ის ოფიცერი ი. ხ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 10 აგვისტოდან.

39. მოწმე ფ. გ–ს განმარტებით (თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის იურისტი) მან გამოითხოვა ი. ხ–ის ყველა პატაკი და მის პატაკთან დაკავშირებული მასალები, რაც გადააგზავნა სამხედრო პოლიციაში.

40. მოწმე გ. გ–ს (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი) ჩვენებით ირკვევა, რომ მან 2017 წლის 15 აგვისტოს დაიწყო გამოძიება ი. ხ–ის მიმართ დეზერტირობის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები, გამოითხოვა ი. ხ–ის საზღვრის კვეთის მონაცემები, რითაც დადასტურდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იგი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის მე-.. ბატალიონში და იმყოფებოდა შვებულებაში, გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და არ ცხადდებოდა სამსახურში. ამასთან, გამოთხოვილი მასალებით ირკვეოდა, რომ ი. ხ–მ ელექტრონული კანცელარიის პროგრამის მეშვეობით შეადგინა პატაკი შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც დადგენილი წესის დარღვევით გადაუგზავნა ზემდგომ მეთაურს. პატაკი უკან დაუბრუნდა მის ავტორს იმ საფუძვლით, რომ პატაკს არ ჰქონოდა შესაბამისი ვიზირებება. ამის შემდეგ ი. ხ–მ უშუალო ზემდგომის გვერდის ავლით, აღნიშნული პატაკი ბრიგადის მეთაურ რ. ძ–ეზე გადასაცემად გაუგზავნა ბრიგადის კანცელარიას. ი. ხ–ისთვის ცნობილი იყო კანცელარიის ელექტრონული პროგრამის მოხმარების წესები. მისთვის ასევე ცნობილი იყო, თუ როგორ უნდა ემოქმედა მას პატაკის შედგენისას, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. ი. ხ–ისთვის კარგად იყო ცნობილი გენერალური შტაბიდან გამოთხოვილი იმ ბრძანებების შინაარსი, რომლის მიხედვითაც რეგულირდებოდა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი.

41. ძებნის გამოცხადების დადგენილებით ირკვევა, რომ ი. ხ–ის მიმართ 2017 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა ძებნა.

42. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება რაიმე გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებების სანდოობას. მოწმეებმა დეტალურად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ მიერ ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგებიან არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

43. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული მძიმე მდგომარეობის არსებობა. ი. ხ–ი უთითებს სამსახურებრივი დაქვეითებაზე და მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებაზე. მისივე ჩვენების თანახმად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მისთვის მოსალოდნელი იყო, რომ დადგებოდა შეიარაღებული ძალებიდან მისი გაგდების საკითხი. ამიტომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან მის გაგდებას, მან არჩია ამ ფორმით დაეტოვებინა სამხედრო სამსახური.

44. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. ხ–ის ასმეთაურის პოზიციიდან ჩამოქვეითება და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების კანონიერების შეფასება სცდება სისხლის სამართლის საქმის განხილვის საგანს და წარმოადგენს სხვა სახის სამართალურთიერთობის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ხ–ს ჰქონდა შესაბამისი სუბიექტებისთვის საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა (რაც განემარტა), თუ მიაჩნდა რომ ადგილი ჰქონდა მის უკანონოდ დაქვეითებას ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების უკანონოდ გამოყენებას; საქმის მასალებით არ დასტურდება რომ: მას შეეზღუდა აღნიშნული უფლებით სარგებლობა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უკავშირდებოდა აღნიშნული უფლების განხორციელებას, ი. ხ–ს უკანონოდ ეთქვა უარი შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებაზე, ადგილი ჰქონდა მის პირად დევნას ან პატივისა და ღირსების შელახვას, ფსიქიკურ ძალადობას (რაზეც მიუთითებს დაცვის მხარე), რამაც იძულებული გახადა ამ ფორმით დაეტოვებინა სამხედრო სამსახური - ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა.

45. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31; ECtHR,11/11/2011), არამედ გულისხმობს, კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი

საკითხები(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos 21447/11, 35839/11, §65, 66; ECtHR, 27/02/2020).

46. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მსჯავრდებულის, მათ შორის ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. ვინაიდან მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე უნდა იმსჯელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და არა თბილისის საქალაქო სასამართლომ (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინება).

47. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, მსჯავრდებული ი. ხ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1- ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ხ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ხ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე