ას-481-1119-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: დანგრეული სახლის ღირებულების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ო. გ-ემ 1979 წლის 20 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 5000 მანეთად შეიძინა ქ. ლაგოდეხში ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი, 432 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ლაგოდეხის რაიკოოპკავშირის საუწყებო საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით დანგრეულ იქნა ო. გ-ის სახლი.
ლაგოდეხის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 27 ოქტომბრის ¹165 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რაიკოოპკავშირის გამგეობის მიერ ო. გ-ეზე გარანტიის გაცემა.
საგარანტიო წერილის შესაბამისად, ო. გ-ის ოთხსულიან ოჯახს დანგრეული სახლის სანაცვლოდ საუწყებო სახლში უნდა მიეღო სამოთახიანი ბინა.
ო. გ-ეს მშენებარე სახლის ექსპლოატაციაში შესვლამდე დროებით უნდა ეცხოვრა ლაგოდეხის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 27 ოქტომბრის ¹166 გადაწყვეტილებით გამოყოფილ ოროთახიან კომუნალურ ბინაში.
1993 წელს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შეწყდა ფინანსური წყაროს არარსებობის გამო.
შემდგომში ო. გ-ის ვაჟიშვილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილი ბინა.
2001 წლის აპრილში ო. გ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლაგოდეხის სამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ დანგრეული სახლის საკომპენსაციოდ 16034 ლარის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1979 წლის 5000 მანეთი შეადგენდა 7810 აშშ დოლარს, რაც 16034 ლარის ეკვივალენტია.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – აუდიტორული დასკვნის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13000 ლარის გადახდა.
ლაგოდეხის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ო. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლაგოდეხის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივს ო. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3637 ლარის გადახდა.
ლაგოდეხის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გარანტია გაცემულია არა რაიკოოპკავშირის, არამედ ლაგოდეხის საკრებულოს მიერ. სააპელაციო პალატის მიერ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ ო. გ-ისთვის დროებით სარგებლობაში მიცემული ოროთახიანი ბინა უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელის შვილს – მ. გ-ეს. გამორკვეული არ ყოფილა, თუ რას შეადგენდა დანგრევის დროისთვის ო. გ-ის სახლის რეალური ღირებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1988 წლის 20 ნოემბრის გარანტიით ლაგოდეხის რაიკოოპკავშირმა (სამართალმემკვიდრეა ლაგოდეხის სამომხმარებლო კოოპერატივი) იკისრა ვალდებულება, რომ მრავალბინიანი საუწყებო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით აღებული სახლის სანაცვლოდ, ო. გ-ეს მშენებლობის დამთავრებისთანავე გადასცემდა მესამე სართულზე სამოთახიან ბინას, ახალ ბინაში შესახლებამდე გ-ეების ოჯახს უნდა ეცხოვრა ლაგოდეხის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ დროებით გამოყოფილ ოროთახიან კომუნალურ ბინაში.
სკ-ს 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საუწყებო სახლის მშენებლობა დაიწყო 1989 წელს და შეწყდა 1993 წელს, როდესაც აშენებული იყო ორი სართული. მშენებლობის განახლება, დაფინანსების წყაროს უქონლობის გამო, ფაქტობრივად გახდა შეუძლებელი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლაგოდეხის რაიკოოპკავშირსა და ო. გ-ეს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო – ვალდებულებითი ურთიერთობა.
გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულდა. ო. გ-ემ დაანგრია მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და საუწყებო სახლის ასაშენებლად გადასცა 432 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ლაგოდეხის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ოჯახს დროებითი (გარანტიით გათვალისწინებული ბინის მშენებლობის დამთავრებამდე) სარგებლობისათვის გამოეყო ოროთახიანი კომუნალური ბინა.
1993 წელს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო ფულადი სახსრების უქონლობის გამო, საუწყებო სახლის მშენებლობა შეწყდა მეორე სართულის დონეზე. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში მიცემული განმარტების თანახმად, მშენებლობის განახლება და დასრულება ფაქტობრივად შეუძლებელია.
სკ-ს 398-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით მხარეს არ შეიძლება, მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, ო. გ-ისათვის დროებით გამოყოფილი ოროთახიანი კომუნალური ბინის მისი ვაჟიშვილის საკუთრებაში გადაცემით მოხდა თუ არა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს აღნიშნული ბინა გარანტიით მისაღები სამოთახიანი საუწყებო ბინის ანგარიშში.
მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო არა შეძენისას გადახდილი თანხით, არამედ მისი დანგრევის დროს არსებული ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სასამართლოს დასკვნები არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლაგოდეხის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი საქმეზე არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, რადგან მას ევალებოდა გარანტიით გათვალისწინებული სამოთახიანი საუწყებო ბინით მოსარჩელის დაკმაყოფილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლაგოდეხის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.