Facebook Twitter

ას-482-761-04 16 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სარჩოს დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 დეკემბერს ე. კ.-ემ რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში უფროს ...-ად. 1987წ. 8 დეკემბერს, ორგანიზაციის განკარგულებით, საავარიო მანქანით მიდიოდნენ სამტრედია II-ის უბანზე მანიპულაციის ჩასატარებლად და ავტობლოკირების ¹... წერტილზე ძაბვის გასაზომად. მგზავრობისას მათ ავტომანქანას დაეჯახა მცხეთის 104-ე მექანიზირებული კოლონის კუთვნილი ავტომანქანა. დაჯახების შედეგად ე. კ.-ემ დაკარგა შრომისუნარი 80%-ით და გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც შედგა უბედური შემთხვევის აქტი _ ფორმა ¹1.

1991 წლამდე მოპასუხე ორგანიზაცია ნებაყოფლობით უხდიდა სარჩოს, 1991წ. შემდეგ კი შეუწყვიტა სარჩოს გადახდა და ღებულობს ჩვეულებრივ პენსიას ყოველთვიურად 12 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულების შესაბამისად, მოითხოვა მკურნალობისათვის ყოველთვიურად 20 ლარის, ერთდროულად 440 ლარის, სარჩოს სახით 1999წ. 1 მარტიდან 2000წ. ბოლომდე ერთდროულად 2090 ლარის, ხოლო 2001 წლიდან ყოველთვიურად 95 ლარისა და 1999 წლამდე წინა სამი წლის პერიოდის _ 2460 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, ვინაიდან ზიანის მიყენებაში მას ბრალი არ მიუძღოდა, ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, არც სარჩოს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა. მან მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალი მიუძღვოდა კასპის ¹... სატრანსპორტო მექანიზირებულ კოლონას და სარჩოც მას უნდა აენაზღაურებინა.

2001წ. 20 მარტს მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება სს “ც.-92” (სატრანსპორტო მექანიზირებული ¹...-ე კოლონის უფლებამონაცვლე).

სს “ც.-92-მ” სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ იყო სათანადო მოპასუხე, ხოლო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

რკინიგზის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 5664 ლარის, ყოველთვიურად 94 ლარისა და 40 თეთრის გადახდა.

მოცემული სამოქალაქო დავა არაერთხელ განიხილეს როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოებმა. დღეისათვის მხარეთა მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „რ.-ის“ ფილიალის ელექტრომომარაგების დისტანციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ე. კ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „რ.-ის ფილიალის“ ელექტრომომარაგების დისტანციას და სს „ც.-92-ს” სოლიდარულად დაეკისრათ ე. კ.-ის სასარგებლოდ სარჩოს სახით ერთდროულად 6891 ლარისა და 20 თეთრის, 2004წ. 1 თებერვლიდან ყოველთვიურად 94 ლარისა და 40 თეთრის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ორგანიზაციების კუთვნილი ავტომობილებით, ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მოპასუხეს მიუხედავად მათი ბრალისა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ე.კ.-ეს 1997წ. ბოლომდე ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს უხდიდა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე, მას უფლება ჰქონდა, მიუღებელი სარჩოს მოთხოვნა დაეყენებინა როგორც ერთი, ასევე ორივე სოლიდარული მოვალისთვის 2000წ. ბოლომდე.

სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს.-ზის“ ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციამ და სს „ც.-92“-მა. შპს „ს.-ზის“ ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანცია საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ 1998წ. 16 აგვისტოს ბრძანება არასწორადაა ნათარგმნი და იგი არ წარმოადგენს საფუძველს მათ მიერ პასუხისმგებლობის აღების დასამტკიცებლად. ამასთან, კასატორის აზრით, საქმის მასალებით არ დგინდება 1997 წლამდე კ.-ის მიერ პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის მიღების ფაქტი, სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული და განმარტებული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლი და სკ-ის 999-ე მუხლი, არ არის დასაბუთებული მისი მოსაზრება დაუძლეველი ძალის არარსებობის შესახებ. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი, რადგან საქმეში არ არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი შემადგენელი ელემენტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ც.-92-მაც”. კასატორი უთითებს, რომ მათ კ.-ისათვის ზიანი არასოდეს აუნაზღაურებიათ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების პირველი და 63-ე მუხლების თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ურთიერთობა არსებობდა კ.-ესა და სამტრედიის ელმომარაგების დისტანციას შორის 1997 წლამდე და ამიტომ ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს მათ შორის. კასატორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან იგი საქმეში მხარედ ჩაერთო 2000 წელს, მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ხოლო ახალი კოდექსის თანახმად, მის მიმართ მოთხოვნა ხანდაზმულია. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს კ.-ისათვის გადასახდელი თანხა უნდა ეანგარიშა ბოლო სამი თვის ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასით. ამასთან, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება არასწორია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ე.კ.-ე მუშაობდა რკინიგზის სამტრედიის ელმომარაგების დისტანციაში უფროს ელექტრომექანიკოსად. 1987წ. 8 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მცხეთის ¹... მექანიზებული კოლონის ავტომანქანის მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, მიიღო ტრავმა და პროფესიული შრომის უნარი დაკარგა 80%-ით. იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი უვადოდ.

მცხეთის მექანიზებული ავტოკოლონა 104-ის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს „ც.-92“.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ რკინიგზის ელმომარაგების დისტანციამ იკისრა ე.კ.-ისთვის დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის გადახდის პასუხისმგებლობა. გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა დაკარგული შრომის უნარის ხარისხის გათვალისწინებით ყოველთვიურად 73 მანეთი და 15 კაპიკი, რასაც ე.კ.-ეს უხდიდნენ 1997 წლამდე.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს შპს „ს.-ზის“ ფილიალის სამტრედიის ელმომარაგების დისტანციის საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, თუნდაც კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ბრძანება არასწორადაა თარგმნილი და იგი არ წარმოადგენს მისი პასუხისმგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

კასატორის მიერ მითითებული ბრძანება უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „ს.-ზის” ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციამ იკისრა ვალდებულება, ყოველთვიურად გადაეხადა ე.კ.-ისათვის ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ამ კოდექსის მე-4 მუხლში მითითებული სხვა საფუძვლით. მე-4 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ორგანიზაციათა მოქმედებისაგან, რომელნიც თუმცა არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ, სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგადი საწყისებისა და აზრის გამო, სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობენ. აღნიშნული ნორმის თანახმად, ვინაიდან ორგანიზაციამ ე.კ.-ის მიმართ იკისრა ვალდებულება, ე.კ.-ეს წარმოეშვა მის მიმართ მოთხოვნის უფლებაც.

რაც შეეხება სს „ც.-92-ს“, მისი ვალდებულება წარმოიშვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 463-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან გარშემომყოფთათვის, მოვალე არიან აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი. ე.კ.-ისათვის მცხეთის 104-ე მექანიზებული ავტოკოლონის მძღოლის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი დავას არ იწვევს. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ის გარემოებაც, რომ მცხეთის 104-ე მექანიზებული ავტოკოლონის უფლებამონაცლე არის „ც.-92“. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ამ ორგანიზაციას ე.კ.-ისათვის ანაზღაურებული აქვს ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ მითითებული გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

პალატა მიიჩნევს, რომ ე.კ.-ისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა, როგორც სს „ც.-92-ს“, ისე შპს „ს.-ზის“ ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციას ანუ ამ ორივე იურიდიული პირისათვის ვალდებულების საგანი განუყოფელია. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების საგნის განუყოფლობა წარმოშობს სოლიდარულ ვალდებულებას. ამავე კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ე.კ.-ეს უფლება აქვს, მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება როგორც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, ასევე ორივე ვალდებულ პირს.

პალატა თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას გამოყენებული ვერ იქნება დღეისათვის მოქმედი სკ-ის ნორმები. სამართლის ნორმების გამოყენება ამ შემთხვევაში უკავშირდება არა მხარის დავაში ჩართვის პერიოდს, არამედ მხარეთა შორის ურთიერთობის წარმოშობის დროს, სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად, რადგან მოთხოვნა ეხება არა ზიანის ანაზღაურების მხარისათვის დაკისრებას, არამედ მხარის მიერ ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების შეწყვეტის განახლებას. ამასთან, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურება ხდება იმავე ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული ხელფასიდან. აღნიშნული ნორმატიული აქტის ამოქმედებით ძალადაკარგულად ჩაითვალა კასატორის მიერ მითითებული მინისტრთა კაბინეტის ¹502 დადგენილება, ამიტომ სასამართლო ამ ნორმატიულ აქტს დავის განხილვისას ვერ გამოიყენებდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის არსებული ხელფასის ცნობის გამომრიცხავი მტკიცებულება, ამიტომ კასატორის არგუმენტი აღნიშნულის თაობაზე არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს.-ზის” ფილიალის სამტრედიის ელექტრომომარაგების დისტანციისა და სს “ც.-92-ის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არა გასაჩვრდება.