Facebook Twitter

საქმე # 330100120003475685

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №13აპ-21 ქ. თბილისი

რ. მ., 13აპ-21 1 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ტ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. რ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ კუთხით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამასთან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობითად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით მ. რ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი და საბოლოოდ მ. რ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 იანვრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა მ. რ–მ 2020 წლის 10 იანვარს, დილის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქალაქ თ–ში, ............ს დაღმართისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს კვეთასთან მდებარე შ. ნ–ს კუთვნილი რესტორნის ეზოში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შ. ნ–ს, ე. ბ–ს და ნ. შ–ს კუთვნილ სხვადასხვა ნივთს. აღნიშნული ქმედებით შ. ნ–ს მიადგა 285.50 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ნ. შ–ს - 5,50 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო ე. ბ–ს - 6 ლარის მატერიალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი მ. რ. 2019 წლის 21 თებერვალს თ–ში, მ.....ის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს, რომელიც ჩამოართვეს მისი პირადი გასინჯვისას.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ მ. რ–სთვის დანიშნული სასჯელის შემცირების კუთხით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. მსჯავრდებულ მ. რ–სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.

8. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. რ–სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან მ. რ–მ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის, გამოსაცდელი ვადის პირობებში, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული შეღავათი არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულად ცნობილი პირების - შ. ნ–ს, ნ. შ–ს და ე. ბ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ მსჯავრდებულ მ. რ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე.

11. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

12. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული მ. რ. ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულ მ. რ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე