ას-483-762-04 11 ნოემბერი, 2004წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
1994წ. ოქტომბერში ბ. თ.-სა და ნ. მ.-ას შორის დაიდო ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ.მ.-ას ბ.თ.-სათვის უნდა დაემზადებინა კარ-ფანჯრები რუსეთის მასალით ერთ თვეში. შემკვეთმა გადაუხადა მენარდეს 350000 რუსული რუბლი. მენარდემ დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა სამუშაო, მან კარ-ფანჯარა დაამზადა 1995წ. მაისში, მაგრამ იმის გამო, რომ ბ.თ.-მ დაიწუნა დამზადებული კარ-ფანჯარა, რადგან უხარისხო მასალით დამზადებულად ჩათვალა, მან ნ.მ.-ას დაუბრუნა ნამუშევარი და მოითხოვა შეკვეთის თავიდან შესრულება. კარ-ფანჯრების განმეორებით დამზადების შემდეგ ბ.თ.-მ კვლავ დაიწუნა ნაკეთობა და მოითხოვა შეკვეთის ხელახლა დამზადება, მაგრამ ნ.მ.-ამ არ შეასრულა მისი შეკვეთა, ამ მიზეზით გაუფუჭდა ცემენტი და სხვა საშენი მასალა.
ბ. თ.-მ 2002წ. აგვისტოში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. მ.-ას მიმართ და მოითხოვა 1652 ლარის დაკისრება.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. თ.-ს მოთხოვნა და ნ. მ.-ას ბ. თ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 473 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. თ.-მ.
შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. თ.-ს სააპელაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდა ნ. მ.-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე მუხლის შესაბამისად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამდენად, 1994წ. ოქტომბერში დადებული ნარდობის ხელშეკრულება 1997წ. ნოემბრისთვის ფაქტობრივად ხანდაზმული იყო; ამავე კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, ნ.მ.-ამ ვალის არსებობა წერილობით აღიარა 2002წ. 4 აპრილს და იკისრა 350000 რუსული რუბლის გადახდა; სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სკ-ის 144-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიცემის შემთხვევაში ხანდაზმულობის დენა თავიდან დაიწყება და მოვალეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს მასზე. პალატამ მიუთითა, რომ ბ.თ.-ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ნ.მ.-ას მიერ აღიარების მომენტიდან, ე.ი. 2002წ. 4 აპრილიდან; სკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, ბ.თ.-ს სარჩელი არ არის ხანდაზმული. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2002წ. 2 აპრილის ¹09-16/67 ცნობის თანახმად, 1994წ. ოქტომბრის მდგომარეობით, რუბლისა და ლარის კურსების გათვალისწინებით, 350000 რუსული რუბლი 2002წ. 1 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 473 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბ.თ.-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ ნ.მ.-ასთან ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მან ნამდვილად შეიძინა ცემენტი და სამშენებლო ბლოკი იმ რაოდენობით და ხარისხით, რაც მან მიუთითა; მან ვერ დაადასტურა, ასევე, სამშენებლო მასალის გაფუჭების ფაქტიც. სასამართლომ მტკიცებულებად ვერ მიიღო სპს „ქ.-ის“ შეფასების აქტი სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგან ამ აქტიდან არ ჩანს, სად მოხდა შეფასება, რომელი წლის ფასებში შეფასდა სამშენებლო მასალები, როგორ დადგინდა გაფუჭებული ცემენტის მარკა და ოდენობა. ნ.მ.-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ მის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ის გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნას. მხოლოდ ვარაუდზე აგებული განმარტება კი არ არის საკმარისი მტკიცებულება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესითYგაასაჩივრა ბ. თ.-მ, მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინებაში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ეთქვა უარი ბ.თ.-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე; სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სკ-ის 341-ე მუხლით, რომელიც ვალის არსებობის აღიარებას ეხება. არ შეაფასა ნ.მ.-ას მიერ 2002წ. 4 აპრილს დაწერილი ხელწერილი, რომლითაც მან აღიარა თავისი ვალდებულება, რომ კასატორის ვალს გადაიხდიდა დღეისათვის არსებული დოლარის კურსით. სასამართლომ არ დაკითხა ბ.თ.-ს მიერ დასახელებული მოწმეები _ ვ. ფ.-ა მ.წ.-ა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვეა, ბ. თ.-მ 1994წ. ოქტომბერში შეუკვეთა ნ. მ.-ას ხის კარ-ფანჯარის დამზადება და წინასწარ გადაუხადა 350000 რუსული მანეთი; ნ. მ.-ამ ვერ შეძლო შეთანხმებული მასალისდა ხარისხის კარ-ფანჯრის დამზადება და მან 2002წ. 4 აპრილს დაწერა ხელწერილი, რომ იგი თანახმაა, გადაუხადოს ბ. თ.-ს 350000 რუსული მანეთი 1994წ. კურსით აშშ დოლარებში ბ.თ.-მ 2002წ. აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ.-ას მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, დაუმზადებელი კარ-ფანჯრის ღირებულება _ 1102 ლარი; იმ საშენი მასალის ღირებულება, რომლებიც თავის დროზე შეიძინა ბ.თ.-მ და გაუფუჭდა ნ.მ.-ას მიზეზით _ 460 ლარის; სულ მოითხოვა 1675 ლარი. სააპელაციო სასამართლო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას დაეყრდნო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ 2002წ. 2 აპრილს გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად 1994წ. ოქტომბერში 350000 რუსული რუბლი, რუბლისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2002წ. 1 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 473 ლარს; საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სწორად დააკისრა ნ.მ.-ას მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რადგან სკ-ის 389-ე მუხლში მითითებულია, რომ, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბ.თ.-ს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი ნ.მ.-ას მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეძენილი საშენი მასალის გაფუჭებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სააპელაციო პალატის 2004წ. 22 იანვრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ბ.თ.-ს წარმომადგენელმა ა.მდინარაძემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მოწმეების _ ფ.-ს და წ.-ს დაკითხვის თაობაზე, ვინაიდან ისინი განმარტავენ, რა მიზეზით მოხდა მასალების უკან დაბრუნება; სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბ.თ.-მ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ნ.მ.-ასთან ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ნამდვილად შეიძინა ცემენტი და ბლოკი იმ რაოდენობით და ხარისხით, რაც მან მიუთითა. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ.თ.-ს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. თ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 იანვრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.