Facebook Twitter

ას-484-763-04 15 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1993წ. 20 მაისს ვა. კ.-მ ვ. კ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. ფოთის სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ფართზე მოპასუხის უფლებადაკარგულად ცნობა.

ქ. ფოთის რაიონის სასამართლოს 1993წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილ იქნა ქ. ფოთში, ... მდებარე ¹12 ბინის ფართზე უფლებადაკარგულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის სასამართლო კოლეგიის 1996წ. 18 აპრილის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

1997წ. 10 მაისს ვ. კ.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და მოსარჩელის მიერ ნ. გ.-სთან ამავე ბინაზე 1993წ. 5 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

ქ. ფოთის სასამართლოს 1997წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით ვა. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დაკმაყოფილდა ვ. კ.-ის შეგებებული სარჩელი და გაუქმდა, როგორც ბინის პრივატიზაციის, ისე ამ ბინის ნასყიდობის ხელშერულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997წ. 11 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა მითითებული გადაწყვეტილება და საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით, კვლავ დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქ. ფოთის სასამართლოს 1999წ. 10 მარტის განჩინებით, როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად.

2000წ. 8 აგვისტოს ნ. გ.-მ (სადავო ბინის შემსყიდველი) ვ. კ.-ის მიმართ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების აღდგენა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. ფოთის სასამართლოს 1997წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე დაბრუნდა ხელახალი განხილვისათვის, მაგრამ შემდეგ საქმე დარჩა განუხილველად, თავისთავად კანონიერ ძალაში იქნა აღდგენილი სადავო ბინის, როგორც პრივატიზაციის, ისე ნასყიდობის ხელშეკრულება.

2000წ. 8 აგვისტოს ნ. გ.-მ ვ. კ.-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება ზემოთ მითითებული საფუძვლით:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. კ.-ი გამოსახლდა დაკავებული ბინიდან.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ვ. კ.-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა არაკანონიერად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოპასუხემ მითითებული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, დადგენილი იყო ის ფაქტი, რომ სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეგისტრირებული იყო ნ. გ.-ა. სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დადასტურდება მათი უზუსტობა. დღეისათვის აღნიშნული ჩანაწერების უზუსტობა დადგენილი არ იყო, ამიტომ, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე ნ. გ.-ას შეეძლო, მფლობელისათვის მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. ვ. კ.-ს კი სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებანი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ბინის ფლობის უფლება.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ 1997 წელს ვა. კ.-მა ბინის პრივატიზაცია და გაყიდვა მოახდინა არაკანონიერად, სასამართლოს მიერ განხილული იყო, მაგრამ საბოლოოდ მისთვის სასურველი შედეგი არ დამდგარა. აქედან გამომდინარე, განმეორებით იმავე საკითზე დავა დაუშვებელი იყო.

2003წ. 7 ივლისს ვ. კ.-მ საჩივრით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება იმ საფუძვლით, რომ 1993წ. 28 მაისის სასამართლო სხდომაზე სახალხო მსაჯულის სახით მონაწილეობდა დაინტერესებული მხარის, ნ. გ.-ას, ქალიშვილი დ. ხ.-ა. ნ. გ.-ას, როგორც პროცესის გარეშე მყოფი პირის, საჩივრის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მიერ ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და 2001წ. 16 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან შეუსაბამოა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის განჩინებით ვ. კ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საჩივარში დაყენებული გარემოებების შესახებ ადრევე ცნობილი იყო ვ. კ.-ისათვის.

მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ.-მ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2004წ. 26 აპრილს ვ. კ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მისი ყოფილი მეუღლე არ აწერდა ხელს, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა და არ გამოითხოვა მოცემულ დავასთან დაკავშირებით პროკურატურაში არსებული მასალები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი თავისი განცხადებით მოითხოვს 2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოებით განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც კასატორი მოითხოვს, მიღებულია 2001წ. 16 მარტს, მან განცხადება გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ კი შეიტანა 2003წ. 7 ივლისს ანუ ვადის დარღვევით.

ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაყვეტილების მიღებაში ან ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

ამავე კოდექსის 423-ე მუხლი კი აყალიბებს იმ პირობებს, თუ რა შემთხვევაშია დასაშვები, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება და თუ რა გარემოებები მიიჩნევა ახლად აღმოჩენილად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორი ვერც საკასაციო საჩივარში და ვერც მის განცხადებაში ვერ მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოებით განახლებას.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვ. კ.-ი მოითხოვს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვა. კ.-ის სარჩელი პრივატიზაციისა და სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების აღდგენის შესახებ ანუ მოითხოვს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მოპასუხის ვ. კ.-ის წინააღმდეგ არ მიღებულა რაიმე სახის გადაწყვეტილება.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 18 თებერვლის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 18 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.