ას-486-1115-03 16 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 მარტს გ. ი-სა და გ. მ-ეს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. გარიგების მიხედვით, გ. მ-ეს გ. ი-მა გადასცა სესხი – 15000 ლარი სარგებლის გარეშე. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2001წ. 20 აპრილამდე. სესხის უზრუნვალსაყოფად გირაოში ჩაიდო გ. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა «კამაზ 53-212», რომელიც 1995 წელსაა გამოშვებული.
2001წ. 13 აპრილს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. მ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: გარიგება დაიდო მოპასუხის მხრიდან ძალადობითა და მუქარით, რომლის გამოც მისი ნების გამოვლენა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
მოსარჩელემ თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტებზე: მისმა შვილმა, ზ. მ-ემ, მოპასუხის მეუღლისაგან, ნ. ი-ისაგან, რომელიც ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას, სარეალიზაციოდ მიიღო ფერადი ლითონი ღირებულების შემდგომი გადახდის პირობით. მან დროულად ვერ დააბრუნა რეალიზებული ლითონის ღირებულება, რომლის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. უკანასკნელ ხანს იმდენად გამწვავდა ეს ურთიერთობა, რომ ზ. მ-ემ თვითმკვლელობაც კი სცადა (მოიწამლა თავი), იგი მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
ვინაიდან ზ. მ-ემ ვალდებულება არ შეასრულა, ნ., გ. ი-ები და მათი ახლობელი დ. კ-ე ვალდებულების შესრულებას მოითხოვდნენენ ზ-ს მამისაგან – ისინი მოითხოვდნენ სესხის ხელშეკრულების გაფორმებას და გირაოში ავტომანქანა «კამაზის» ჩადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ გაამწარებდნენ და შვილს დააკარგვინებდნენ.
სწორედ, მათი მხრიდან განხორციელებული მუქარისა და ძალადობის შედეგად, იგი იძულებული გახდა მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე იმის შესახებ, რომ თითქოს მან ისესხა მოპასუხისაგან 15000 ლარი და ამ თანხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად დააგირავა მისი კუთვნილი ავტომანქანა. სინამდვილეში კი სესხი არ აუღია.
2001წ. 20 აპრილს გ. მ-ე გარდაიცვალა და სსკ-ს 92-ე მუხლის თანახმად, საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაერთო მისი მეუღლე, თ. მ-ე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან სარჩელში მითითებული ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით თ. მ-ემ. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია: გ. ი-ის მეუღლე ნ. ი-ი თბილისში ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას და ახდენდა მოსახლეობიდან ჩაბარებული ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციას. ამ უკანასკნელთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ზ. მ-ეს, რომელიც აწ გარდაცვლილი გ. მ-ის ვაჟიშვილია. ზ. მ-ემ 2001წ. თებერვალში ნ. ი-ისაგან შემდგომი გადახდის პირობით სარეალიზაციოდ წამოიღო ფერადი ლითონი ღირებული 9000 ლარად. მან ეს თანხა ვერ დაუბრუნა ნ. ი-ს. ამან კი გამოიწვია მხარეთა შორის ურთიერთობის გამწვავება, რის გამოც ზ. მ-ემ თვითმკვლელობაც კი სცადა.
დადგენილია, რომ 2001წ. მარტის პირველ რიცხვებში ნ. ი-ის ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მოხდა შელაპარაკება, ნ. ი-ის შვილი და ვინმე, დ. კ-ე ემუქრებოდნენ გ. მ-ეს და სთხოვდნენ შვილის ვალის გადახდას.
პალატა მიუთითებს, რომ გ. მ-ეზე იძულების განხორციელების ფაქტი მოწმე ტ. მ-მაც დაადასტურა, კერძოდ, მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ, ,,ხელშეკრულების გასაფორმებლად მისულ ნოტარიუსთან მთელი აყალმაყალი იყო. გ-ს ფერი არ ედო სახეზე, ამიტომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა».
ნოტარიუსმა აჩვენა, რომ მხარეთა შორის იყო დავა თანხის თაობაზე, ამასთან მხარეები ღელავდნენ, რის გამოც მან თავდაპირველად უარი განაცხადა სესხის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
სასამართლო ადგენს, რომ გ. მ-ესა და გ. ი-ს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება ნამდვილი არ არის, რადგან ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეზე _ გ. მ-ეზე მეორე მხარე და მისი ახლობლები ახდენდნენ ფსიქიკურ ზეწოლას. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს, აგრეთვე, ის ფაქტიც, რომ სასამართლო პროცესზე ნ. და გ. ი-მა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რატომ ასესხეს მხოლოდ ერთი თვით გ. მ-ეს 15000 ლარი იმ დროს, როცა ამ უკანასკნელის შვილთან დავა ჰქონდათ 9000 ლარის დაბრუნებაზე.
პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება, ხოლო 87-ე მუხლის მიხედვით, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრის ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-მა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო დაეყრდნო დაინტერესებული პირების ჩვენებებს. სასამართლო მხოლოდ მოსარჩელე თ. მ-ის ცრუ მოწმეების ჩვენებებით შემოიფარგლა. მოწმე დ. კ-ე კი საერთოდ არ დაუკითხავს.
კასატორი მოითხოვს, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასითის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირის ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. სკ-ს 87-ე მუხლის შესაბამისად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ. სკ-ს 88-ე მუხლის თანახმად, 85-87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, მოწმეთა ჩვენებების ანალიზი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს დაასკვნას, რომ გ. მ-ესა და გ. ი-ს შორის დადებული სესხის, გირავნობის ხელშეკრულება ნამდვილი არ არის, რადგანაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეზე _ გ. მ-ეზე მეორე მხარე და მისი ახლობლები ახდენდნენ ფსიქიკურ ზეწოლას. სინამდვილეში სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის რა ხასიათის იძულებას ჰქონდა ადგილი და შეეძლო თუ არა, რომ მას თავისი ხასიათით გავლენა მოეხდინა პირზე და ეფიქრებინა, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
იძულების ხასიათის შეფასებისას სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია და არ გაუთვალისწინებია პირის ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 85-87-ე მუხლების მიხედვით, იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს იძულება ხორციელდებოდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო მიზნით და მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.