გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1340-915(კ-05) 10 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
თავის საგანი: საჯარო რეესტრში მიწის მესაკუთრედ აღრიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 6 ივლისს სს «.. .." სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ მიწის მართვის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიმართ მიწის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხვის თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 27 მაისის ¹339 ბრძანებულების და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 30 ივნისის ¹1-3/351 ბრძანების საფუძველზე, 1999წ. 2 აგვისტოს გამართულ სპეციალიზებულ აუქციონზე მოხდა ხაშურის ყოფილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საწარმოს პრივატიზაცია, რომელიც დაფუძნებული იყო 1998წ. 4 ივნისს, როგორც სს «.. .." და 1999წ. 10 ივნისს გაიარა სასამართლო რეგისტრაცია, რის შედეგადაც ნულოვანი აუქციონის გზით აქციონერებმა საკუთრებაში მიიღეს აქციათა 90%.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აუქციონი ჩატარდა კანონდარღვევით, კერძოდ, საპრივატიზაციო ნუსხაში არ იყო შეტანილი მიწის ის ნაკვეთი, რომელზედაც ქონება იყო განთავსებული, რითიც, მოსარჩელის განმარტებით, დაირღვა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნულის გამო ვერ მოხდა მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში გატარება და ითხოვდა საჯარო რეესტრის ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღრიცხვა საჯარო რეესტრში სს «.. .." სახელზე საკუთრების უფლებით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «.. .." სარჩელი დაკმაყოფილდა; იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სს «.. .." ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 25 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა მისი ღირებულების - 2750 ლარის გადახდის შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს «.. .." სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «.. .." ხაშურის ყოფილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საწარმოს ბაზაზე დაფუძნდა 1998წ. 4 ივნისს, ხოლო რეგისტრაციაში გატარდა 1999წ. 10 ივნისს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ერთჯერადი საზღაური გადაიხდებოდა 1998წ. 31 დეკემბრამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც ჯერ კიდეც სააქციო საზოგადოება არ იყო დარეგისტრირებული «მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი სს «.. .." მიაჩნდა, რომ 1992წ. 2 აგვისტოს აუქციონი ჩატარდა კანონდარღვევით, მას შეეძლო გაესაჩივრებინა იგი და მოეთხოვა მისი გაუქმება. აღნიშნულის ნაცვლად კი, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა 25 000 კვ.მ მიწის მის სახელზე დარეგისტრირება, რომელიც მან ნულოვან აუქციონზე შეიძინა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზაციის პროცესში იყო შემთხვევები, როდესაც საწარმოს ქონების პრივატიზება ხდებოდა მიწის საკუთრებაში გადასვლის გარეშე. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინსტანციით წარდგენილი იყო პარლამენტში, მაგრამ ამოღებულ იქნა პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სს «.. .." სარჩელის - 2500 კვ.მ მიწის ფართობის საჯარო რეესტრში მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საწარმოს ქონების პრივატიზება მოხდა ხსენებული მიწის გარეშე და მას აღნიშნული მიწის ფართი შეუძლია შეიძინოს მხოლოდ დღეს არსებული ნუსხის D შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს «.. ..", რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სს «.. .." დაფუძნდა ხაშურის სამგზავროს ავტოსატრანსპორტო საწარმოს ბაზაზე ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 1998წ. 4 ივნისის ¹20 ბრძანებით, რომლის შემდეგაც აქციათა 10% უფასოდ გადაეცა კოლექტივს, ხოლო 90% დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში. სს «.. .." გენერალურ დირექტორს დაევალა სააქციო საზოგადოების სასამართლოში რეგისტრაცია, მაგრამ სს «.. .." სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს ბრძანებებით მოხდა 1999წ. 6 მაისს, ე.ი. სააქციო საზოგადოების დაფუძნებიდან ერთი წლის შემდეგ, რის გამოც სააქციო საზოგადოების სასამართლოში რეგისტრაცია მოხდა 1999წ. 10 ივნისს.
კასატორის განმარტებით, ამ მიზეზით სს «.. .." ვერ დარეგისტრირდა სასამართლოში 1998წ. 28 ოქტომბრამდე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, რამაც შესაძლებლობა მოუსპო საზოგადოებას მიწის წლიური გადასახადის ერთჯერადი საფასურის გადახდით მიეღო მის სარგებლობაში არსებული მიწა საკუთრებაში.
კასატორი მიუთითებდა, რომ სს «.. .." არაერთგზის მიმართა საკითხის გადაწყვეტისათვის სხვადასხვა ინსტანციებს, მათ შორის - ხაშურის რაიონის გამგეობასაც, რომელმაც სათანადო წერილით სააქციო საზოგადოებას მიუთითა მიემართა სასამართლოსათვის, რაც სს «.. .." მიერ შესრულებულ იქნა.
კასატორის განმარტებით, სააქციო საზოგადოების სასამართლოში დაგვიანებით რეგისტრაცია და საწარმოს პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა სახელმწიფო ორგანოების ბრალით და ამის გამო არ შეიძლება შეილახოს საწარმოს ინტერესები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს «.. ..” დაფუძნდა 1998წ. 4 ივნისს ყოფილი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საწარმოს ბაზაზე, ხოლო რეგისტრაციაში გატარდა 1999წ. 10 ივნისს.
საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 27 მაისის ¹339 ბრძანებულების და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 30 ივნისის ¹1-3/351 ბრძანების საფუძველზე 1999წ. 2 აგვისტოს გამართულ ნულოვან აუქციონზე მოხდა საწარმოს პრივატიზება, რის შედეგადაც აქციონერებმა ნულოვანი აუქციონის გზით საკუთრებაში მიიღეს აქციათა 90%. საპრივატიზაციო ნუსხაში საწარმოს ქონებასთან ერთად შეტანილი არ ყოფილა საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართი, რის გამოც სააქციო საზოგადოებას უარი ეთქვა მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, რაც წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულება და აღნიშნავს: «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული ერთჯერადი საზღაური გადაიხდევინებოდა 1998წ. 31 დეკემბრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ სააქციო საზოგადოება «მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში გატარდა 1998წ. 31 დეკემბრის შემდეგ, არ არის უფლებამოსილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის გზით მოითხოვოს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას მიწის სრულ მოცულობაზე დღეისათვის დადგენილი ნიხრის გავრცელების თაობაზე და არსებითად მიიჩნევს მიწის სრული მოცულობიდან მიწის იმ ნაკვეთის გამიჯვნას, რომელზედაც შენობა-ნაგებობებია განთავსებული. მითითებულის საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-6 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრებული «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დაპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით და სკ-ის 150-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მიწის შემადგენელ ნაწილს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზაციაც მოხდა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან, არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი და ამ ნაგებობათა ქვემოთ განთავსებული მიწა, პრივატიზაციის მომენტიდან, წარმოადგენს სააქციო საზოგადოების საკუთრებას.
ზემომითითებული გარემოება საკასაციო პალატას აძლევს საფუძველს, საქმე შემდგომი გამოკვლევის მიზნით დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს «.. ..” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.