ას-488-773-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 28 ივლისს ე. ზ.-მ ს. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა ს. ბ.-ის, ნ. მ.-ისა და მათი შვილების ბინიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით:
2003წ. 11 ივლისს საჯარო აუქციონზე შეიძინა ქ. დუშეთში, ... მდებარე სახლი.
ამ სახლში მისი ნებართვისა და სურვილის გარეშე ცხოვრობენ სახლის ყოფილი მესაკუთრეები, რითაც ხელი ეშლება საკუთრების ფლობასა და სარგებლობაში.
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო პროცესზე გამოცხადდა, ხოლო მოპასუხის მეუღლემ ნ. მ.-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი გადაიხდის იმ ვალს, რომლის გამოც სახლი გაიყიდა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეები ს. ბ.-ი, ნ. მ.-ი და მათი შვილები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი, ამ უკანასკნელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
ნ. მ.-ის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმეში მოპასუხედ ჩაება ნ. მ.-ი და 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა _ ს. ბ.-ი, ნ. მ.-ი გამოსახლდენ ქ. დუშეთში, ...-ის ქ. ¹...-დან მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა ე. ზ.-მა, რომელზეც აღირიცხა საკუთრების უფლებით.
სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
2004წ. 29 აპრილს ნ. მ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით;
გადაწყვეტილება ითვლება დაუსაბუთებლად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი საქმეში არ ჩააბა მხარედ, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება კი არ უნდა მიეღო, არამედ საქმე უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვის მიზნით. ამ პროცედურის შეუსრულებლობის გამო დაირღვა კანონის მოთხოვნა ქვედა ინსტანციის სასამართლოში მისი უფლების დაცვის შესახებ.
მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა, რისი უფლებაც მოპასუხის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა.
მას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ დაუდგენია სადავო ბინაზე მისი თანამესაკუთრეობის უფლებები და გამოსახლების მოთხოვნის კანონიერება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, მიეღო ახალი გადაწყვეტილება და საქმე უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის,
ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გაზარდა მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო სახლიდან მოპასუხეების – ს. ბ.-ისა და ნ. მ.-ის (მათ შვილებთან ერთად) გამოსახლება. მართალია, მოსარჩელეს სარჩელის შესავალ ნაწილში მოპასუხედ მხოლოდ ს. ბ.-ი ჰყავდა მითითებული, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნით, როგორც ს., ისე ნ. შვილებითურთ მოპასუხეებად ითვლებოდნენ და სწორედ მათ გამოსახლებას მოითხოვდა მოსარჩელე.
სააპელაციო სასამართლოში, მართალია, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ ს. ბ.-თან ერთად მიეთითა ნ. მ.-ც, მაგრამ ეს არ ნიშნავდა დავის საგნის შეცვლას ან გაზრდას. საკასაციო სასამართლომ საქმეში მოპასუხედ სწორად ჩააბა ნ. მ.-ი, რისი უფლებაც სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა სსკ-ის 372-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად კი პირველი ინასტანციის სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის განცხადებით, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ანუ მოსარჩელეს აქვს უფლება მოპასუხედ მხარის მიწვევისა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ განახორციელა სააპელაციო სასამართლოში.
საქმეში მოპასუხედ ნ. მ.-ის ჩაბმით არ გაზრდილა სასარჩელო მოთხოვნა. ნ. მ.-ის გამოსახლების თაობაზე მოთხოვნა სარჩელშიც იყო დაფიქსირებული.
მართალია, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული გარემოების გამო (ვინაიდან საქმეში მოპასუხედ არ იყო ჩაბმული ნ. მ.-ი) დაუსაბუთებლად მიიჩნია, მაგრამ ეს გარემოება არ ართმევდა მას უფლებას, საქმეზე მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ვინაიდან სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. გარდა ამისა, სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, თუნდაც ადგილი ჰქონდეს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბინაზე სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მისი პრეტენზია თანამემკვიდრეობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა მოპასუხის პრეტენზიას თანამესაკუთრეობის შესახებ, ვინაიდან ამის თაობაზე არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნა.
სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრედ შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოასდგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
სკ-ის 303-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა, გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა.
ამ ნორმის მიზანი ისაა, რომ სოციალურად დაიცვას ბინაში მცხოვრები პირი, რომელიც ქონების რეალიზაციის შედეგად ქუჩაში შეიძლება აღმოაჩნდეს. ამ უფლებით დაცულია, როგორც ბინის ყოფილი მესაკუთრე, ისე მოქირავნე. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს საჯარო აუქციონის მეშვეობით რეალიზებული ბინა იპოთეკით იყოს დატვირთული, თუ ამ დროს ახალ მესაკუთრეს უფლება აქვს ძველი მესაკუთრისა და მოქირავნის მიმართ გამოიყენოს სკ-ის 562-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” პუნქტების მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეთა გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სადგომი სჭირდება პირადად და ხელი ეშლება საკუთრების თავისუფლად ფლობასა და სარგებლობაში.
მესაკუთრის მხრივ ამგვარი განაცხადი წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას, რაც ამავე კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის მფლობელობის შეწყვეტას იწვევს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ დავის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.