Facebook Twitter

ას-490-771-04 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

შეგებებული სარჩელის საგანი» ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 აპრილს ვ. ა.-ა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა მისი და მისი ვაჟის ბინიდან გამოსახლება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998წ. 6 მარტს მოპასუხესთან გააფორმა თბილისში, ... ნასყიდობის ხელშეკრულება,K აღნიშნული ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში იმავე დღეს აღირიცხა თავის სახელზე.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხესთან ჰქონდა კეთილმეზობლური დამოკიდებულება და ვიდრე აღნიშნულ ბინაზე საცხოვრებლად გადავიდოდა, დართო ნება, დროებით ეცხოვრა სადავო ბინაში. გარკვეული დროის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავის ბინაში მოპასუხე და მისი შვილი მისი ნებართვის გარეშე გატარდნენ რეგისტრაციაში.

მოპასუხემ მ. ნ.-მ სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შეგებებულ სარჩელში მ.ნ.-ე მიუთითებდა, რომ 1998წ. აპრილიდან მასთან სტუმრად ცხოვრობდა ე. კ.-ი, რომელმაც სახლში მოიყვანა გ. კ.-ა, როგორც მეუღლე. გ. კ.-ს ჰქონდა ვალები და თხოვეს დროებით, სულ ორი კვირით გაეფორმებინა ბინა მის მეზობელზე ე. ვ.-ზე. მას არ ახსოვს სად წაიყვანეს, რაზე მოაწერინეს ხელი, მაგრამ იმ დღიდან არ უნახავს ე. კ.-ი და გ. კ.-ა. შემდეგ გაიგო, რომ ე.ვ.-ს ე. კ.-ისა და გ.კ.-სათვის გადაუცია 6000 აშშ დოლარი, ხოლო ბინა გაუფორმებია შვილის _ ვ.ა.-ის სახელზე. მას ბინის გაყიდვის თაობაზე არ მოულაპარაკებია და, შესაბამისად, თანხაც არ მიუღია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მ. და თ. ნ.-ეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან და დადგინდა აღნიშნული ბინის ვ.ა.-ისათვის გადაცემა. მ. და თ. ნ.-ეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და თ. ნ.-ეებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მ. და თ. ნ.-ეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 6 მარტს მ. ნ.-სა და ვ. ა.-ს შორის გაფორმდა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმეების: ე. კ.-ისა და ე. ვ.-ს განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბინის ღირებულება, 6000 აშშ დოლარი, მ. ნ.-ის თანხმობით მიიღო მესამე პირმა _ გ.კ.-მ. აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო არგუმენტი აპელანტებს არ წარმოუდგენიათ და არც ხელშეკრულების მხარეს, მ. ნ.-ს, რომელმაც არ მისცა ახსნა-განმარტება სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე, დაუდასტურებია საპირისპირო. აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ნ.-ე ახსნა-განმარტებას არ იძლევა მისი ჯანმრთელობისა და სულიერი მდგომარეობის გამო, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ.ნ.-ეს ექსპერტიზის ჩატარების დროს შეეძლო თავისი ფსიქიკური მდგომარეობით თავისი მოქმედების მართებულობის შეგნება და მისი განგება. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ბინის ნასყიდობის საფასური მიიღო გ. კ.-მ მ. ნ.-სთან შეთანხმებით და სკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჩათვალა, რომ ვალდებულება შესრულებულია.

სააპელაციო პალდატამ მიიჩნია, რომ მ.ნ.-ის ნების გამოვლენა ნამდვილი იყო და აპელანტებმა ვერ დაადასტურეს, რომ იგი ამ გარიგებით მოატყუეს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილიც რომ იყოს, გაშვებულია სკ-ის 84-ე მუხლით დადგენილი ერთწლიანი შეცილების ვადა, მხარისათვის სადავო ხელშეკრულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 1998წ. მარტში, ხოლო შეგებებული სარჩელით სასამართლოს მიმართეს 2000წ. 26 ივნისს, ამდენად, მ. და თ. ნ.-ების მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად.

გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 81-ე, 84-ე, 172-ე, 183-ე, 373-ე და 477-ე მუხლები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. ნ.-ებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და ძირითად სარჩელზე უარის თქმას. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა სათანადოდ საქმეში არსებული მასალები და დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების განმარტებებს, რის შედეგადაც გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა სრულ და ყოველმხრივ შეფასებას და, შესაბამისად, დადგენილ გარემოებებს, რის შედეგადაც პალატამ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, შეცილების საფუძვლების ნამდვილობა. მოსარჩელეებმა სადავო გარიგება საცილო გახადეს იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო ნების ნაკლის საფუძველზე. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული (სკ-ის 58 (3) მუხლი). სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ.ნ.-ეს აქვს ფსიქიკურ პროცესთა ინერტულობა, სიტუაციის აღქმისა და გაზიარების გაძნელება, სააზროვნო პროცესების დაქვეითება და სხვ. ამასთან, სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არ დაასაბუთა, თუ რატომ უარყოფს აღნიშნულ მტკიცებულებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს მ.ნ.-ეს შეეძლო თავისი მოქმედების მართებულობის შეგნება, მაშინ, როდესაც მოსარჩელე საცილოდ ხდის გარიგების დადების დროს ნების ნაკლის არსებობის ფაქტს და არა ექსპერტიზის ჩატარების დროს. ამდენად, გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს გარიგების დადების დროს ნების გამოვლენის ნაკლის არსებობის ფაქტი და სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა უნდა განიხილოს ყოველმხრივ, სრულად და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

ისევე როგორც შეცილება, ხელშეკრულებაზე უარის თქმაც წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივი აღმჭურველი უფლების განხორციელებას. შესაბამისად, აუცილებელია ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობა. შესაბამისი ნების გამოვლენა გამომდინარეობს კონკლუდენტურად მოსარჩელის მიერ შეცილების განხორციელებიდან: აღნიშნულით მოსარჩელეს სურს ნათლად გამოხატოს, რომ არ სურს ხელშეკრულების შენარჩუნება. სკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ნების გამოვლენა შესაძლოა, განიმარტოს, როგორც ხელშეკრულებაზე უარის თქმა.

სკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გამყიდველს ქონება არ გადაუცია მყიდველისათვის. შეგებებული სარჩელისა და მ.ნ.-ის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, სადავოა ბინის ღირებულების გადაუხდელობა, რაც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველია. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასური მიიღო გ. კ.-მ მ.ნ.-სთან შეთანხმებით. ამ ფაქტის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო დაინტერესებული მოწმეების განმარტებას, ამასთან, არ შეაფასა მოწმეების მიერ საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხველი განმარტებები საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის დედა მოლაპარაკებას აწარმოებდა გია კ.-სთან და თანხაც მას გადასცა თავის ბინაში. რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმებიდან ირკვევა, რომ მ. ნ.-ე არ ესწრებოდა თანხის გადაცემის ფაქტს. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის მიხედვით უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დადგენილია, რომ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას თანხის გადაცემა არ მომხდარა, ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს რომ ბინის საფასური გადაიხადა. საკასაციო პალატა თვლის, რომ თანხის გადაცემის ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა განმარტებებით (სკ-ის 429-433 მუხ.). ასევე დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომ გ.კ.-მ მიიღო თანხა მ.ნ.-ის თანხმობით, რადგან გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, თუ რაში გამოიხატა მ.ნ.-ის თანხმობა.

აღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატამ ასევე უნდა გამოიკვლიოს ხომ არ ჰქონდა ადგილი გარიგების შეცილების ვადის დინების შეჩერებას ან შეწყვეტას. სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქმეში არსებული განცხადების მიხედვით, თანხა გადაიხადა ვ.-მ (და არა ა.-ა), ვ.-ა განმარტავს, რომ მან და გ.კ.-მ ბინა გადააფორმეს მისი შვილის სახელზე, რა უკანონო გზით შეკრიბა საბუთები გ.კ.-მ, არ იცის. მას არა აქვს პრეტენზიები მ.ნ.-ის ბინაზე და ითხოვს მხოლოდ გ.კ.-საგან თავისი ფულის დაბრუნებას. შეგებებულ სარჩელში ნ.-ე აღნიშნავს, რომ ე.ვ.-ა არწმუნებდა, რომ მოძებნიდა თაღლითებს, თვითონ მოაგვარებდა და გამოასწორებდა თავის შეცდომებს. ასევე დადგენილია, რომ მყიდველს ორი წლის განმავლობაში არ მოუთხოვია ნაყიდი ბინის გადაცემა. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლომ ყოველმხრივ უნდა განიხილოს მტკიცებულებები და, შესაბამისად, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები. ასევე უნდა დაადგინოს სადავო ხელშეკრულება ფასის ნაწილში ხომ არ არის ბათილი (სკ-ის 56.2. მუხლი), ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბინა გაიყიდა 1200 ლარად. ამდენად უნდა დაადგინოს გადახდილია თუ არა თანხა, რადგან თანხის გადაუხდელობა იწვევს სკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და მ. ნ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 5 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.