¹ას-492-767-04 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. რუსთავის ....-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა _ ვ. კ-ამ მოპასუხეების: ე. მ-ისა და ნ. ს-ის მიმართ და სარჩელში განმარტა, რომ რუსთავის .....-ე საშუალო სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების ნაწილმა წერილობით განცხადებაში აღნიშნეს, რომ იგი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეებს, რითაც შელახეს მისი პატივი და ღირსება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. კ-ამ მოითხოვა მის სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხეებისათვის _ ნ. ს-ისა და ე. მ-ისათვის, თითოეულზე 200 აშშ დოლარის დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლოს ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინებით ვ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. კ-ა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რაც ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას.
სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია ვ. კ-ას შესახებ გავრცელებული ცნობების სინამდვილე, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე ვ. კ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ რუსთავის 21-ე საშუალო სკოლის მასწავლებელმა ვ. კ-ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რაც ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას. მითითებული ფაქტები დადასტურებულია არაერთი მოწმის ჩვენებით.
სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია ვ. კ-ას შესახებ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ცნობების უარყოფის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საფუძველსმოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი:P
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
ვ. კ-ა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.