¹ას-493-1155-03 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულებების შესრულება (საბანკო კრედიტი).
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 მარტს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს «თ-ის» ლიკვიდატორმა გ. გ-ემ და მოითხოვა მოპასუხე ა. კ-ეს დაკისრებოდა 246 400 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ. მოსარჩელის განმარტებით, სს «თ-სა» და მოპასუხეს შორის 1998წ. 31 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება ¹310598/8, რომლის საფუძველზეც ა. კ-ეს სესხად მიეცა 154000 აშშ დოლარი. მას კრედიტით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში _ გაორმაგებული 48%. სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 1999წ. 31 მაისი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არსებული მდგომარეობით ა. კ-ეს ერიცხებოდა 154000 აშშ დოლარი ძირითადი სესხი და დარიცხული პროცენტი 92400 აშშ დოლარი – სულ 246400 აშშ დოლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით სს «თ-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საოლქო სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ს 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოსარჩელე სს «თ-ს» მოპასუხისაგან მისი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 31 მაისს. მას ამის უფლება ჰქონდა სამი წლის განმავლობაში _ 2002წ. 31 მაისამდე, სარჩელი კი შეტანილი იყო 2003 წელს ანუ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამასთან, მოსარჩელე არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც შეაჩერებდნენ ან შეწყვეტდნენ ხანდაზმულობის ვადის დინებას.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «თ-ის» ლიკვიდატორმა გ. გ-ემ. საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 140-ე და 141-ე მუხლები, რითაც იგნორირებულია მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან ჯერ კიდევ 2000 წელს მიმართა სასამართლოს, რაც ასევე არ გაითვალისწინა კოლეგიამ. კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომელიც შეაჩერებდა ან შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დინებას. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით შეჩერდა სესხის ხელშეკრულების მოქმედება 6 თვის ვადით. ასევე არ არის გამოკვლეული 2000 წელს სარჩელის შეტანის საკითხი, რაზეც მოსარჩელე უთითებდა. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ განუხილავს და ამ მიმართებით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნოს მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რითაც უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ასევე სასამართლომ ამავე კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს უნდა მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათ უტყუარობის გამორკვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.