Facebook Twitter

¹ას-493-764-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. წ-მა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ბ-ისა და ე. შ-ის მიმართ და მოითხოვა ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გ. წ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას დაუბრუნდა მფლობელობაში მიწის ნაკვეთი, სადაც 1962 წლიდან აყენებდა ავტომანქანას, კერძოდ ქ. თბილისში, ...... მდებარე ეზოში, ავტოფარეხის გასწვრივ არსებული ხეივნის ქვეშ.

მოპასუხეებს დაევალათ, გამოიყვანონ მათი პირადი საკუთრების ავტომანქანა და გამოათავისუფლონ გ. წ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის დასაყენებელი ადგილი.

მ. ბ-ემ და ე. შ-მა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინებით კასატორების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

მ. ბ-ემ და ე. შ-მა 2003წ. 12 ნოემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლები ახლად აღმოჩენილად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებისას ავტომანქანის ცხაური სასამართლოს მიერ წ-ისთვის მიკუთვნებულ ავტომანქანის დასაყენებელ ადგილას არ მოთავსდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის განჩინებით ე. შ-ისა და გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს მიერ 2002წ. 26 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განჩინების მიღებისას აღნიშნა, რომ მათ მიერ აღნიშნული საფუძვლით დაუშვებელი იქნებოდა საქმის წარმოების განახლება, რადგან მხარეებმა ვერ დაადასტურეს, რომ თავიანთი ბრალის გარეშე არ ჰქონდათ შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინათ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ე. შ-მა და მ. ბ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება. კერძოდ, მხარეები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებისას ავტომანქანის ცხაური სასამართლოს მიერ გ. წ-ისათვის მიკუთვნებულ ავტომანქანის დასაყენებელ ადგილას არ მოთავსდა. კასატორთა განმარტებით აღნიშნული იმის დამადასტურებელია, რომ გ. წ-ს ამ ადგილას ცხაური არ ჰქონდა განთავსებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს მფლობელობაში დაუბრუნდა მიწის ნაკვეთი, სადაც 1962 წლიდან აყენებდა ავტომანქანას, კერძოდ კი თბილისში, ...... ეზოში ავტოფარეხების გასწვრივ არსებული ხეივნის ქვეშ.

მოპასუხეებს _ მ. ბ-ესა და ე. შ-ს დაევალათ, გამოიყვანონ მათი პირადი საკუთრების ავტომანქანა და გამოათავისუფლონ გ. წ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის დასაყენებელი ადგილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინებით მ. ბ-ისა და ე. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

განმცხადებლები მ. ბ-ე და ე. შ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებისას ავტომანქანის ცხაური სასამართლოს მიერ გ. წ-ისათვის მიკუთვნებულ ავტომანქანის დასაყენებელ ადგილას არ მოთავსდა. კასატორთა განმარტებით აღნიშნული იმის დამადასტურებელია, რომ გ. წ-ს ამ ადგილას ცხაური არ ჰქონდა განთავსებული.

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე-ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე;

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული საფუძვლით დაუშვებელი იქნებოდა საქმის წარმოების განახლება, რადგან მხარეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მათ თავიანთი ბრალის გარეშე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინათ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

კასატორები საკასაციო საჩივარში თვით მიუთითებენ, რომ ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ცხაურსა და ვაზის ხეივნის გაბარიტებს შორის ასეთი დიდი სხვაობა იქნებოდა. აღნიშნულით დასტურდება, რომ კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის ცნობა, რომელიც განმცხადებლებმა საკასაციო საჩივარს დაურთეს, შეეძლოთ საქმის განხილვის დროს წარედგინათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. შ-ისა და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.