საქმე # 330100120003414291
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №231აპ-21 ქ. თბილისი
ლ–ი კ., 231აპ-21 01 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ კ. ლ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ლ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით კ. ლ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება კ. ლ–ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით კ. ლ–ს მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლებისას განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით, 3 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ლ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ქ.თ–ში, ......ის რაიონში, ......ის ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევმა კ. ლ–სმა თ–ში, ი–სა და ჯ–ს ქუჩების კვეთამდე იმგზავრა ტაქსით „ტოიოტა პრიუსის“ მარკის სახ №.... მქონე ავტომობილით, რომელსაც მართავდა ზ. ფ. მგზავრობისას იგი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ავტომანქანის სალონში დადებულ, 200 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და კ. ლ–ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. დაზარალებულ ზ.ფ-სა და მოწმეების - გ. ბ–ს, ა. ფ–ს, გ. მ–ს, ლ. ხ–ს, ზ. ზ–სა და სხვათა ჩვენებებით, ავტომანქანის დათვალიერების, პირის ამოცნობისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სუნის ნიმუშის აღების ოქმით, ოდოროლოგიური, სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს შსს ქ.თ–ს პოლიციის დეპარტამენტის ........ის სამმართველოს მე-.. განყოფილების დეტექტივმა ა. ფ–მ, უბნის ინსპექტორ ს. ლ–ს მონაწილეობით, გაჩხრიკა კ. ლ., რა დროსაც ამოღებულ იქნა მუქი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოთავსებულია ღია მოყვითალო ფერის დამცავ სილიკონში. მობილური ტელეფონის იმეიკოდია: ....... მასში მოთავსებულია „ჯეოსელის“ ერთი სიმბარათი. პირადი ჩხრეკის ოქმზე ბრალდებულის მიერ დაფიქსირებულია შენიშვნა, რომლის თანახმად, მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, დაახლოებით ორი კვირის უკან, ვ-ს მოედანზე გაუცვალა ნაცნობს.
9. შსს ..........ის სამმართველოს მე-.. განყოფილების გამომძიებელმა ზ. ზ–მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ეჩვენებინა ვ-ს მოედანზე მდებარე ადგილი, სადაც მან თითქოსდა, გაცვალა მობილური ტელეფონი, კ. ლ–მ უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
10. კომპანია „.......ს“ 2020 წლის 21 ივლისის N.... წერილით ირკვევა, რომ პროგრამა აღიქვამს IMEI კოდის საწყის 14 ციფრს (რაც არის უნივერსალური), ხოლო მე-1.. ციფრი, აღიქმება როგორც - ნული, შესაბამისად, კომპანიის მიერ გაცემულ N.... ცნობაში მითითებული IMEI კოდი: ........., იდენტურია IMEI კოდისა: ............
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში და ვერ შეძლო იმ მტკიცებულების დამოუკიდებლად ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად მოპოვება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ მითითებულ ვერსიას.
12. საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის ობიექტური შემოწმებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულ კ. ლ–ს მიმართ არსებითად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები გამოძიების სტადიაზე ან საქმის სასამართლო განხილვის რომელიმე ეტაპზე. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, დაზარალებული დაიკითხა ისეთ ვითარებაში, რომ არ არის გამოირიცხული, ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს ჰქონოდათ ერთმანეთთან ურთიერთობა. სასამართლო თვლის, რომ საჩივრის შინაარსიდან გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, თუ რას გულისხმობს დაცვის მხარე - ,,ისეთ ვითარებაში“.
13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით, რადგან დაზარალებულის მიერ ამოცნობა მოხდა კანონის შესაბამისად და არსებითი ხასიათის დარღვევის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ნოემბერს დაზარალებულმა ზ. ფ–მ მისთვის წარდგენილი სამი მამაკაციდან, რომლებიც გარეგნულად მკვეთრად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მსჯავრდებული ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, თვალის ფერითა და ფორმით, ასევე ტუჩების ფორმითა და წვერის მოყვანილობით. ამასთან, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დეტალურად მიუთითა იმ ნიშან-თვისებებზე, რის საფუძველზეც მან ამოსაცნობად წარდგენილ პირებს შორის ამოიცნო კ. ლ.
14. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 14 იანვრის N..... ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში ვარგისია შემდგომი იდენტიფიკაციისთვის და ბრალდებულ კ. ლ–სგან აღებული სუნის ნიმუშის იდენტურია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სუნის ნიმუშის აღება კ. ლ–სგან ექსპერტის მიერ განხორციელდა ნებაყოფლობით, გამომძიებელ ზ. ზ–სა და ადვოკატ ნ. ა–ს მონაწილეობით, ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი ოქმს და მასზე რამე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.
15. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ დასკვნა მიიღო შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების ბლანკიანი მიმართვით, ამასთან, დასკვნის ყველა გვერდი არის დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით და დასკვნას ხელს აწერს მისი გამცემი ექსპერტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა დასკვნის გამცემი პირი, არ წარმოადგენს აღნიშნული მტკიცებულების ავთენტიკურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს (ტ.3.ს.ფ.51).
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტის დაკითხვა არა მხოლოდ მის მიერ ჩატარებული და გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ავთენტიკურობის დადგენის მიზანს ემსახურება, არამედ ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობას კვლევისას გამოყენებული მეთოდის სარწმუნოობის და გაცემული დასკვნის შესაბამისობას საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ლ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე