Facebook Twitter

საქმე # 330100120003771932

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №232აპ-21 ქ. თბილისი

ხ. პ., 232აპ-21 20 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: პ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 29 თებერვალს, შუადღის საათებში, ალკოჰოლით მთვრალი პ. ხ. მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ–ში, .....შესახვევი N..-ში, სადაც ცხოვრობს დედასთან - ე. ხ–სთან ერთად. ოჯახური კონფლიქტის დროს, სიტყვებით, რომ მოკლავდა და ყელს გამოჭრიდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს - დედას, ე. ხ–მს. პ. ხ.ს მუქარის შედეგად ე. ხ–მს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 29 თებერვალს, შუადღის საათებში, ალკოჰოლით მთვრალი პ. ხ. მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ–ში, .....შესახვევი N..-ში, სადაც ცხოვრობს დედასთან - ე. ხ–სთან ერთად. საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის დროს, პ. ხ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, კერძოდ, მივარდა მას და ორივე მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელი.

პ. ხ. ცხოვრობს თ–ში, .....შესახვევი N..-ში, დედასთან -ე. ხ–სთან ერთად. დაახლოებით 5 წელია, აგრესიულია დედის მიმართ და სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. კერძოდ, სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებს, აგინებს და ლანძღავს უშვერი სიტყვებით. პ. ხ–ს ქმედებების შედეგად ე. ხ–მ თავს გრძნობს დამცირებულად და განიცდის ტანჯვას.

მსგავსი ფაქტები განმეორდა 2020 წლის 12 თებერვალს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, როდესაც პ. ხ–მ ფსიქოლოგიურად იძალადა დედაზე, კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ე. ხ–ს იმის გამო, რომ არ მოეწონა მისი მომზადებული სადილი. პ. ხ–ს მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ე. ხ–მ განიცადა ტანჯვა.

2020 წლის 21 თებერვალს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, პ. ხ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ე. ხ–ს. კერძოდ, სადილის გამო, შეაგინა და ეჩხუბა, უყვიროდა და ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით, რა დროსაც ე. ხ–მ განიცადა ტანჯვა.

2020 წლის 29 თებერვალს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, პ. ხ–მ კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მშობელზე - ე. ხ–ზე. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის დროს, უყვიროდა და ეჩხუბებოდა, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ე. ხ–მ განიცადა ტანჯვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით პ. ხ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;

პ. ხ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან პენიტენციური დეპარტამენტის N..დაწესებულებიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა. აპელანტმა საჩივრით ითხოვა პ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორმა საჩივრით ითხოვა პ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

პროკურორი საჩივარში უთითებს, რომ დაზარალებულმა ე. ხ–მ არ დაადასტურა პ. ხ–ს მიერ დანაშაულების ჩადენა, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნდა ე. ხ–ს გამოკითხვის ოქმი, სადაც ის დეტალურად უთითებს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამ უკანასკნელმა ასევე დაადასტურა, რომ გამოკითხვისას მის მიმართ რაიმე ძალდატანება არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს შესაძლებლად მიაჩნია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გამოყენება და მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ პ. ხ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

9. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე. ხ–მ განმარტა, რომ მისი შვილი პ. ხ. სახლში დაბრუნდა გაღიზიანებული, თავ-პირში ირტყამდა ხელებს, თავის თავს აგინება და ლანძღავდა, ყვიროდა - რატომ იყო ასეთი დაავადებული, ასევე ამბობდა, რომ თავი უნდა მოეკლა. პ. ხ–მ მხოლოდ ხელის გაშვების მოთხოვნით მოუჭირა ხელებზე ხელი. ის ფსიქიკურად დაავადებულია და საჭიროებს მკურნალობას. ოჯახის წევრებს შეეშინდათ, რაიმე არ დაეზიანებინა საკუთარი თავისთვის და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მოწმემ დაადასტურა, რომ პ. ხ–ს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არ დამუქრებია. მსგავსი ინფორმაცია არც პოლიციის თანამშრომლებისთვის მიუწვდია. კერძოდ, არ უთქვამს, რომ: შვილი ემუქრებოდა მოკვლით - დანით ყელის გამოჭრით, რის გამოც ეშინოდა; მისი შვილი პერიოდულად აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას; პ. ხ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგაც ემუქრებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ გამოკითხვისას არავის დაუძალებია მისთვის, მიეწოდებინა შვილის მამხილებელი ინფორმაცია.

10. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ. კ–მ განმარტა, რომ პ. ხ. არის მისი ბებიის დისშვილი. 2020 წლის 29 თებერვალს პ. ხ. თავის ოთახში იყო ჩაკეტილი, იგინებოდა და ხელებს ირტყამდა. დაახლოებით 1-2 წუთში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ჩასვეს ავტომანქანაში და ელოდებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, რადგან პ. ხ–ს პირთან სისხლი ჰქონდა. კონკრეტულად ვის აგინებდა არ იცის. მოწმემ არ დაადასტურა მის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, პ. ხ–ს ბოლო პერიოდში აქვს ფსიქიკური პრობლემები, გამოირჩევა აგრესიით ე. ხ–მს მიმართ და სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, თითქოსდა, რამდენჯერმე შეესწრო მის მიერ დედის გინებას. გარდა ამისა, მოწმემ არ დაადასტურა, რომ 29 თებერვალს პ. ხ. აგინებდა დედას, ეს უკანასკნელი კანკალებდა, იყო განერვიულებული და უთხრა, რომ პ. ხ–მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა. მოწმემ განმარტა, რომ, სავარაუდოდ, დაზარალებული მართლაც იყო შეშინებული, თუმცა იმიტომ, რომ მისი შვილი იმუქრებოდა თავის მოკვლით. გამოკითხვის ოქმს ნებაყოფლობით მოაწერა ხელი, თუმცა მის შინაარსს დეტალურად არ გაცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ პ. ხ. დედამისს არ ემუქრებოდა და არ აგინებდა, ის ოთახში შიგნიდან იყო ჩაკეტილი და იგინებოდა ზოგადად.

11. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი. მ–მ განმარტა, რომ პ. ხ. და ე. ხ–მ არიან მისი მეზობლები. პ. ხ. ზოგადად, არის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და დედამისს მცირე მიზეზის გამოც ეკამათება, რის გამოც პ–ს შვილმა ი. მ–ს სთხოვა მისთვის დაერეკა, თუ გაიგებდა დედა-შვილს შორის კამათს. 2020 წლის 29 თებერვალს კამათის შესახებ აცნობა პ. ხ.ს შვილს, კერძოდ უთხრა, რომ პ. ხ. დედამისს სიტყვიერად ეჩხუბებოდა საყოფაცხოვრებო საკითხზე. აღნიშნულის შემდეგ, ოჯახის წევრებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დედა-შვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება არასდროს ყოფილა.

მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია. კერძოდ, სახლში ყოფნისას პირველი სართულიდან, ხ–ების ოჯახიდან შემოესმა ე–ს ხმა - ,,მიშველეთ“, რის გამოც ჩავიდა მასთან, ეს უკანასკნელი ტიროდა, ითხოვდა შველას, მისი თანდასწრებით პ. ხ–მ რამდენჯერმე შეაგინა დედამისს. ე–ს ეშინოდა. ი. მ–მა დაურეკა პ. ხ–ს შვილს, დროულად მისულიყო სახლში, რადგან პ–ე იყო აგრესიული და შესაძლებელი იყო, დედისთვის რაიმე დაეშავებინა. ამასთან, როდესაც ტელეფონი გათიშა, პ. ხ. რამდენჯერმე დაემუქრა დედას მოკვლით, მას ხელში არაფერი სჭერია, თუმცა მისი შემხედვარე, მუქარა რეალურად აღქმადი იყო. ი. მ–ი ცდილობდა დაზარალებულის სახლიდან გაყვანას, რა დროსაც მივიდნენ პ. ხ–ს შვილი და პოლიციის თანამშრომლები. მოწმემ განმარტა, რომ პ. ხ. სიტყვიერად კი ემუქრებოდა დედას, თუმცა ფიზიკური აგრესია არასდროს გამოუხატავს. მათი სახლიდან მუდმივად გამოდის ჩხუბის და დედის მიმართ გინების ხმა. ამასთან, მათ ოჯახში წარსულშიც ყოფილა საპატრულო პოლიცია, რადგან ეს არ იყო პ. ხ–ს დაკავების პირველი ფაქტი.

12. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა - ი. გ–მ და ა. ჭ–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილას მათი მისვლისას ე. ხ–მ ტიროდა (თითქმის), იყო აღელვებული. განმარტა, რომ პ. ხ. იყო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, აგრესიული, აგინებდა და ემუქრებოდა, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეთა განმარტებით, პ. ხ. მართლაც იყო აგრესიული, იწევდა დედისკენ და ცდილობდა მისთვის ხელის დარტყმას, მათი - პოლიციელების თანდასწრებით დაემუქრა დედას ყელის გამოჭრით, რის გამოც გამოარიდეს. გამოსცეს შემაკავებელი ორდერი და დააკავეს. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რადგან პ. ხ. თითს იტკიებდა. დაზარალებული იყო შეშინებული, ხილული დაზიანება არ ჰქონდა, თუმცა თქვა, რომ შვილმა მოუჭირა ხელი და ტკივილი განიცადა. პ. ხ–ს ხელში დანა არ დაუნახავთ.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის შინაარსის გაზიარების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ დაზარალებულის განმარტებით, გამოკითხვისას მისთვის არავის დაუძალებია პ. ხ.ს მამხილებელი ინფორმაციის მიწოდება.

14. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ე. ხ–მმ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოებები განსხვავებულად აღწერა და გამორიცხა პ. ხ.ს მხრიდან მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების - ძალადობის, მუქარის ან/და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ჩადენა. აღნიშნულის გამო, ბრალდების მხარემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით და დაზარალებულის დაკითხვისას საჯაროდ წაიკითხა მისი გამოკითხვის ოქმის ნაწილი, სადაც ეს უკანასკნელი ამხელდა პ. ხ–ს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებში.

15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: ,,სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს მხარის მიერ სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით უზრუნველყოფილი უფლების რეალიზება არ ნიშნავს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულ მტკიცებულებად მიჩნევას, ვინაიდან ამ საკანონმდებლო ნორმის მიზანია, გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენების გამოყენებით დაადგინოს მოწმის ჩვენების სანდოობა და არა თავად გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებად ქცევა; განსახილველ შემთხვევაში გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენდა მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს ვერ დაუდასტურებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან მოწმეებმა არ დაადასტურეს გამოკითხვის ოქმში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება).

16. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ე. ხ–ს გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას პ. ხ–სათვის ბრალის დასადასტურებლად.

17. პ. ხ.ს მიერ დედის მიმართ შესაძლო ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია მოითხოვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ტკივილის განცდის, ხოლო სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემთხვევაში - ტანჯვის გამოწვევას. მოწმე ი. მ–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ, ზოგადად, ხ–ვების ოჯახიდან ხშირად გამოდის კამათის ხმა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არასდროს მომხდარა. ასევე, პატრულ-ინსპექტორებმა - ი. გ–მ და ა. ჭ–მა დაადასტურეს, რომ პ. ხ. იყო აგრესიული, იწევდა დედისკენ და ცდილობდა მისთვის ხელის დარტყმას. მათივე განმარტებით, ე. ხ–მ თქვა, რომ პ. ხ. ემუქრებდა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, მოწმეებს არ შეუძლიათ დაადასტურონ ე. ხ–მს მიერ ტკივილის ან/და ტანჯვის განცდის ფაქტი.

18. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, მოწმეების - ი. გ–სა და ა. ჭ–ს ჩვენებები, რომლებსაც ეფუძნება ბრალდება, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს - ძალადობას ან/და სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

19. თავის მხრივ, ხ–ების ოჯახში მისულმა დ. კ–მ განმარტა, რომ პ. ხ. თავის ოთახში იყო ჩაკეტილი, იგინებოდა და ხელებს ირტყამდა. ბრალდებული დედამისს არ ემუქრებოდა და არ აგინებდა, ის ოთახში შიგნიდან იყო ჩაკეტილი და იგინებოდა ზოგადად. დაზარალებული მართლაც იყო შეშინებული, თუმცა იმიტომ, რომ მისი შვილი იმუქრებოდა თავის მოკვლით.

20. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი პ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად.

21. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, ერთი მხრივ, ირა მოწყობილმა დაადასტურა, რომ ხ–ების ოჯახიდან შემოესმა ე-ს ხმა - ,,მიშველეთ“, მასთან მისვლისას ნახა, რომ ეს უკანასკნელი ტიროდა და ითხოვდა შველას. ე–ს ეშინოდა. პ. იყო აგრესიული და შესაძლებელი იყო, დედისთვის რაიმე დაეშავებინა. ამასთან, პ. ხ. რამდენჯერმე დაემუქრა დედას მოკვლით, მას ხელში არაფერი სჭერია, თუმცა, მისი შემხედვარე, მუქარა რეალურად აღქმადი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორებმა - ი. გ–მ და ა. ჭ–მ დაადატურეს, რომ პ. ხ. იყო აგრესიული, იწევდა დედისკენ და ცდილობდა მისთვის ხელის დარტყმას, მათი - პოლიციელების თანდასწრებით დაემუქრა დედას ყელის გამოჭრით, რის გამოც გამოარიდეს.

22. ამდენად, მოწმეები - ი. მ., ი. გ–ი და ა. ჭ–ი, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის დასრულებამდე მივიდნენ შემთხვევის ადგილას, ადასტურებენ პ. ხ–ს მხრიდან დედის მიმართ მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმის ფაქტს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ მუქარა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა დაზარალებულისათვის შიშის მომგვრელი. მართალია, ი. მ-ს განმარტებით, მას ხ–ების ოჯახიდან შემოესმა ე–ს ხმა - ,,მიშველეთ“, თუმცა დაზარალებულმა და მოწმე დ. კ–მ განმარტეს, რომ ის იმუქრებოდა თავის მოკვლით. ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია, დაზარალებულს გაუჩნდეს უშუალოდ მისი სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა არათუ დაადასტურა ან უარყო შიშის ფაქტორი (შვილის მიერ მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოწვეული შიში), კატეგორიულად გამორიცხა შვილის მიერ მის მიმართ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა და განმარტა, რომ პ. ხ. ცდილობდა მხოლოდ საკუთარი თავისათვის დაეშავებინა რაიმე. იგივე დაადასტურა მოწმე დ. კ–მ.

23. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

24. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა პ. ხ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.

25. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე