¹ბს-1343-918(კ-05) 4 ივლისი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ს. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.05წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის მიმართ და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის 1052.6 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის დაცვის სამმართველოს დასავლეთ ზონის განყოფილებაში პოლიციელის თანამდებობაზე. 2000-2002 წლებში არ მიუღია კუთვნილი შრომის ანაზღაურება, კერძოდ, 2000 წელს მე-8-მე-12 თვეების შრომის ანაზღაურება სულ 352.86 ლარი, 2001 წლის მე-4-მე-7 და მე-9 თვეების შრომის ანაზღაურება სულ 368.73 ლარი და 2002 წლის მე-2-მე-4 და მე-9 თვეების შრომის ანაზღაურება, სულ 304.01 ლარი. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული დასტურდება საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის მიერ 27.12.04წ. ¹50/19/1-763 გაცემული ცნობით, რომლის თანახმად, მუშაობის პერიოდის მიუღებელი ხელფასი შეადგენს სულ 1052.60 ლარს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.04.05წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ დაცვის პოლიციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1052,60 ლარის გადახდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.04.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით უკან დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.05წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის მიერ 27.12.04წ. ¹50/29/1-763 ცნობით, ს. გ-ის მიუღებელი ხელფასის დავალიანება შეადგენს 1052,60 ლარს. საოლქო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონის 134.1 მუხლის თანახმად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად". საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსგან, დაწესებულებისგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გაცემულ უნდა იქნეს არაუგვიანეს შემდეგი დღისა დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 2141 მუხლი, რომლის თანახმად, ორგანოს, რომელიც განიხილავს დავას, უფლება აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გადაუხადონ მუშაკს თანხა, რომელიც მას ერგება, მხოლოდ არაუმეტეს ერთი წლისათვის.
კასატორის აზრით საოლქო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სასკ-ის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია აცნობოს პირს ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს გადაწყვეტილება და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. რადგან ს. გ-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ,,ს-ი" კომპლექსის სამმართველოსთან, სასამართლო ვალდებული იყო იგი საქმეში მესამე პირად ჩაება. სსკ-ის 244-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უნდა შეეფასებინა მტკიცებულებები, ემსჯელა თუ რატომ არ იქნა გადახდილი სახელფასო დავალიანება, სახელფასო დავალიანების გადაუხდელობა არ მომხდარა მოპასუხის ბრალით, ს. გ-ის მიუღებელი ხელფასი წარმოადგენს მისი სს ,,შ-ის" ობიექტზე მუშაობისას აუღებელ ხელფასს. აღნიშნულ ობიექტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ გააჩნია დავალიანება, რაზეც გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელიც, თუმცა თანხის ამოღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 251-ე მუხლი და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განესაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება შრომის კანონთა კოდექსის 2141 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს მუშაკებისათვის არაუმეტეს ერთი წლის კუთვნილი თანხის გადახდას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. გ-ე მსახურობდა შსს პოლიციის დეპარტამენტში, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2003 წელს. ,,პოლიციის შესახებ» კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე. ამავე კანონის 31-ე მუხლის მიხედვით სამსახურიდან დათხოვნილ პოლიციელს ეძლევა ერთდროული დახმარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო საქმეში მესამე პირად ჩაება შსს სსიპ დაცვის პოლიციის ,,ს-ი» კომპლექსის დაცვის სამმართველო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ვინაიდან ს. გ-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.07.04წ. ¹261 ბრძანებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.03.05წ. ¹266 ბრძანებით სსიპ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ვინაიდან ს. გ-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დაცვის პოლიციასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს სარჩელზე მოპასუხეს და არ არსებობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის რაიმე საფუძველი, კასაციის აღნიშნული საფუძველი არის დაუსაბუთებელი და ვერ იქნება საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სს ,,შ-ის» დავალიანება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და სსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურება წარმოადგენს უშუალოდ ადმინისტრაციის ვალდებულებას და არ არის დამოკიდებული მის მიმართ მესამე პირების დავალიანების არსებობაზე. ს. გ-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სს ,,შ-ის» დავალიანება სამუშაოდან დათხოვნილი თანამშრომლისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების გადავადების საფუძველს არ ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.07.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.