Facebook Twitter

ას-496-1152-03 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელ ბინაზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. შ-ამ 1996წ. 26 დეკემბერს მინდობილობა გააფორმა ე. ყ-ის სახელზე, რომლითაც მას მიანიჭა კუთვნილი ბინის განკარგვის უფლება. ამ მინდობილობის საფუძველზე ე. ყ-მა მ. შ-ას კუთვნილი ბინა მდებარე ქ. თბილისი, ... მიჰყიდა 1997 წელს თავის მეუღლეს ჯ. ტ-ეს. მ. შ-ამ 2001წ. აგვისტოში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ე. ყ-ის მიმართ და მოითხოვა მის მიერ ე. ყ-ზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი მხედველობის გამო პირველი ჯგუფის ინვალიდია, მას ნოტარიუსმა არ წაუკითხა ამ მინდობილობის შინაარსი, მოპასუხემ იგი მოატყუა, ეგონა, ანდერძს მოაწერა ხელი.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელის მოთხოვნაზე ე. ყ-ის მიმართ საცხოვრებელ სახლზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ას წარმომადგენელმა ხ. ნ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინებით მ. შ-ას წარმომადგენლის ხ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ. შ-ას განმარტება იმის შესახებ, რომ მინდობილობაზე ხელი მოაწერინეს მოტყუებით, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. შ-ასა და ე. ყ-ს შორის 1996წ. 26 დეკემბერს მინდობილობის გაცემა მოხდა მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 6 ივნისის განჩინებით დადგენილია, რომ მ. შ-ას სანოტარო ბიუროში მინდობილობის ტექსტის წაკითხვა შეეძლო ახლო მანძილიდან. სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად კი დამტკიცებას არ საჭიროებენ ისეთი ფაქტები, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რაც უკვე დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რასაც ხელმეორედ მტკიცება არ სჭირდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ას წარმომადგენელმა ხ. ნ-მა. მან მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლით:

სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორს ეგონა, მოპასუხეს უფორმებდა ანდერძს, რის გამოც იგი შეცდომაში შეიყვანეს. ნოტარიუსმა მას მინდობილობის შინაარსი არ გააცნო კანონის შესაბამისად, არ გაითვალისწინა ის, რომ იგი უსინათლოა და პირველი ჯგუფის ინვალიდია. სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; სააპელაციო პალატამ საერთოდ არ შეაფასა მ. შ-ას სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის აქტი, რომელიც გაცემულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მიერ. ეს აქტი გაიცა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ მ. შ-ა 1996 წელს ვერ შეძლებდა რაიმე ტექსტის წაკითხვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. შ-ას წარმომადგენელი ხ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. შ-ას წარმომადგენელმა ნ. სეხნიაშვილმა 2000წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ე. ყ-ის და ჯ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა საკუთარი ბინის თაობაზე მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ე. ყ-ის მიერ ჯ. ტ-ესთან 1997წ. 18 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინაზე მესაკუთრის უფლებების აღდგენა. მან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ის, რომ სურდა ე. ყ-ის სასარგებლოდ ანდერძის გაფორმება, ამიტომ 1996წ. დეკემბერში წაყვა ნოტარიუსთან ე. ყ-ს. მას ანდერძის ნაცვლად მოტყუებით ხელი მინდობილობაზე მოაწერინეს. ნოტარიუსმა ეს მინდობილობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით გააფორმა, არ გაითვალისწინა ის, რომ მ. შ-ა უსინათლოა და თვითონ მინდობილობის ტექსტის წაკითხვა არ შეეძლო. ნოტარიუსი ვალდებული იყო მისთვის წაეკითხა მინდობილობის ტექსტი და ამის თაობაზე აღნიშვნა უნდა გაეკეთებინა, რაც არ გაუკეთებია. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. ტ-ისა და ე. ყ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 ივნისის გადაწყვეტილება და მ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 6 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა მ. შ-ას საკასაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996წ. 26 დეკემბერს მ. შ-ას კუთვნილი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობა მოპასუხე ე. ყ-ზე გაიცა მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ მ. შ-ას 1996წ. 26 დეკემბერს სანოტარო ბიუროში სადავო მინდობილობის ტექსტის წაკითხვა ახლო მანძილიდან (10-20 სმ) და ხელის მოწერა შეეძლო დაავადების (ორივე თვალის ბადურის დისტროფია) მიუხედავად. ამიტომ საფუძველს მოკლებულად ჩაითვალა მ. შ-ას განმარტება იმის შესახებ, რომ მან არ იცოდა, რა დოკუმენტზე აწერდა ხელს. ამის შემდეგ მ. შ-ას წარმომადგენელმა ხ. ნ-მა 2001წ. აგვისტოში ახალი სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. ყ-ის, მესამე პირი ჯ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა მ. შ-ას კუთვნილი ბინის თაობაზე მოპასუხისათვის 1996წ. დეკემბერში გაფორმებული მინდობილობის ბათილად ცნობა. მან სადავო მინდობილობის ბათილობის საფუძვლად მიუთითა ის, რომ მოპასუხემ იგი მოატყუა. ანდერძის ნაცვლად მინდობილობაზე მოაწერინა ხელი. მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მოხდა, რადგან იგი პირველი ჯგუფის ინვალიდია და პრაქტიკულად მხედველობა აქვს დაკარგული, არ შეეძლო მინდობილობის ტექსტის წაკითხვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მ. შ-ამ სადავო მინდობილობის ბათილად ცნობის საფუძვლად და ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ერთ-ერთ საფუძვლად ერთი და იგივე გარემოების შესახებ მიუთითა, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტი. ამ ნორმის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია, ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აღნიშნული მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1996წ. 26 დეკემბრისათვის მ. შ-ას შეეძლო სადავო მინდობილობის ტექსტის ახლო მანძილიდან წაკითხვა და ხელის მოწერა დაავადების (ორივე თვალის ბადურის დისტროფია) მიუხედავად. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ახალი მტკიცებულებების შეფასებაზე ამ საფუძვლით სწორად უთხრა უარი.

ამდენად, ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. შ-ას წარმომადგენელი ხ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 მაისის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.