საქმე # 330100120003884302
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №249აპ-21 ქ. თბილისი
თ–ე ბ., 249აპ-21 23 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატვ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ. თ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატვ. მ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ბ. თ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (ხ. ლ–ს ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (ვ. ჯ–ს ეპიზოდი). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. თ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 6 აპრილიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ხ. ლ–ს სურდა, გაეყიდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ–ში, ც–ს ქუჩა N.., ბინა N.. - საკადასტრო კოდით: ......., რომელიც მას შეძენილი ჰქონდა 99000 აშშ დოლარად. იგი შეუთანხმდა ბ. თ–ეს, რომ საკუთრებაში გადაუფორმებდა ზემოთ ხსენებულ უძრავ ქონებას, ხოლო ბ. თ–ე საკუთრებაში გადასცემდა თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ში ასაშენებელ კორპუსში 182 კვადრატული ფართობის მქონე ბინასა და ავტოფარეხს საკადასტრო კოდით ............ ამავე შეთანხმების თანახმად, პირობა უნდა შესრულებულიყო წლის ბოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 30 პროცენტით გაზრდილ ფართს საკუთრებაში გადაუფორმებდა ხ. ლ–ს მომდევნო წლის დასასრულს. 2016 წლის 26 ივლისს თ–ში, მ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ო. ზ–ს სანოტარო ბიუროში, ხ. ლ–სა და შპს „............“ დირექტორ ბ. თ–ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხ. ლ–მ 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად ბ. თ–ს „მიყიდა“ თ–ში, ც–ს ქუჩა N..-ში მდებარე 140 კვადრატული ფართობის მქონე ბინა N.., ხოლო 3000 აშშ დოლარად - ავტოსადგომი. იმავე დღეს დაიდო ასევე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხ. ლ–მ 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად ბ. თ–სგან შეიძინა თ–ში, ს–ს ქუჩის N..-ში მდებარე ასაშენებელ კორპუსში 182 კვადრატული ფართობის მქონე ბინა და ავტოფარეხი. რეალურად მათ თანხა ერთმანეთისთვის არ გადაუხდიათ, ვინაიდან თ–სთვის მისაღები თანხა უნდა გაქვითულიყო მისთვის გადაცემული უძრავი ქონებით, ხოლო ლ–ს სანაცვლოდ უნდა მიეღო უძრავი ქონება ს–ს ქუჩის N..-ში ასაშენებელ კორპუსში. აღსანიშნავია, რომ ბ. თ–მ ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, რომლის მიხედვითაც, მის საკუთრებაში აღირიცხებოდა თ–ში ც–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N... თუმცა, იმავე დღეს ბ. თ–მ სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ სანოტარო აქტი გააფორმებინა ლ–ს მის სახელზე, რომლის საფუძველზეც შეეძლო, სრულად განეკარგა ამ უკანასკნელის კუთვნილი ზემოთ ხსენებული ბინა. აღნიშნულის შემდეგ, მან, როგორც ხ. ლ–სგან მინდობილმა პირმა, იპოთეკით დატვირთა თ-ში, ც–ს ქუჩა N...- ში მდებარე ბინა N.., ხოლო შემდეგ გაასხვისა იგი. საბოლოოდ, ბ. თ–მ არ დაასრულა ს–ს ქუჩის N..-ში არსებული მშენებლობა და არც უკან დაუბრუნა მის მიერ მიღებული თანხები ხ. ლ–ს. აღნიშნულის საპირწონედ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ბ. თ–ემ ახალი წინარე ხელშეკრულება გაუფორმა ხ. ლ–ს ს–ს ქუჩის N...-ში მდებარე ასაშენებელ კორპუსში 315 კვადრატული ფართობის მქონე ბინასა და ავტოფარეხზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი, ვინაიდან შპს „...........“ უკვე გააჩნდა დავალიანებები კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მშენებლობის განხორციელება, კომპანიის კუთვნილ უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღების გამო. საბოლოოდ, ბ. თ–მ გამიზნული ქმედებით მოატყუა ხ. ლ. და მან დაკარგა თბილისში, ც–ს ქუჩა N.. ში მდებარე, 140 კვადრატული ფართობის მქონე ბინა N.. და ავტოსადგომი, რის შედეგადაც მას მიადგა 232 382,7 ლარის (99000 აშშ დოლარი) დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ვ. ჯ-მ გადაწყვიტა თავის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვა და სანაცვლოდ სამი პატარა ბინის შვილებისათვის შეძენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან და მისმა შვილებმა ბ. თ–სთან გააფორმეს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. კერძოდ, 2018 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, ვ. ჯ-მ 27 500 აშშ დოლარად ბ. თ–სგან შეიძინა თ–ში, ს–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ ასაშენებელ კორპუსში 50 კვადრატი ფართობის ბინა, რომლის გარანტადაც იმავე დღეს გაფორმდა თ–ის საკუთრებაში არსებულ, თ–ში, ს–ის ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინაზე იპოთეკის ხელშეკრულება. 2018 წლის 14 დეკემბრის ქ. ჯ–სთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების თანახმად, 30000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ბ. თ–ს მყიდველისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ს-ს ქუჩის N..-ის მიმდებარედ ასაშენებელ კორპუსში 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა და ავტოსადგომი. ამასთან, ვინაიდან ქ. ჯ–ს ნასყიდობის ღირებულება სრულად ჰქონდა გადახდილი, იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 30 000 აშშ დოლარის ფარგლებში ქ. ჯ–ის სასარგებლოდ იპოთეკა დაედო ბ. თ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - თ–ში, ს–ს ქუჩა, კორპუს N..-ში მდებარე: 137,59 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა N1-ს და 12,25 კვადრატული მეტრი ფართობის ნახევარსარდაფს (საკადასტრო კოდი N........). გარდა ამისა, 2018 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებების თანახმად, პ. ჯ–მ 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ბ. თ–სგან შეიძინა თ–ში, ს–ს ქუჩა N...-ში ასაშენებელ კორპუსში 30 კვადრატი ფართობის საოფისე ფართი და 35700 აშშ დოლარად - ს–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ ასაშენებელ კორპუსში 70 კვადრატი ფართობის ბინა. ამასთან, როგორც ვ. ჯ–ი, ასევე ქ. ჯ–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ როგორც მეორე რიგის იპოთეკარები მაშინ, როდესაც შეთანხების თანახმად, გარანტად არსებული უძრავი ქონებები უნდა გამოთავისუფლებულიყო ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებისგან და ისინი უნდა დარეგისტრირებულიყვნენ როგორც პირველი რიგის იპოთეკარები. აღსანიშნავია, რომ ბ. თ–სთვის გადაცემული მთლიანი თანხა - 113 200 აშშ დოლარი იყო ვ. ჯ–ის კუთვნილება. საბოლოოდ, ბ. თ–მ, რომელსაც მშენებლობები უნდა დაესრულებინა 2019 წლის დეკემბრის თვეში, არ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, მოატყუა ვ. ჯ–ი, ხოლო მიღებული თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ამ უკანასკნელის მიერ ჩადენილი ქმედებით კი ვ. ჯ-ს მიადგა 301 692,29 ლარის (113 200 აშშ დოლარი) დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. თ–სათვის სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ბ. თ–სათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბ. თ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
9. 2021 წლის 1 ივნისს სასამართლომ მსჯავრდებულ ბ. თ–ს, როგორც ნასამართლობის არმქონე პირის, ადვოკატს აცნობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანიშნული სასჯელის განახევრების პირობის - დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 2021 წლის 7 ივნისს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილს ეცნობა, რომ მსჯავრდებულ ბ. თ–ს მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებისათვის საჭირო იყო დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა და იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდებოდა დაზარალებულის პოზიცია, წარმოედგინა სასამართლოსთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულს არ განუცხადებია თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, ბ. თ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატვ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე