Facebook Twitter

ას-498-775-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის აღიარება და თანხის გადასახდელად დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჯ.-მ ს. ა.-ს სესხად გადასცა 1500 აშშ დოლარი 2001წ. 3 დეკემბერს, რაზედაც სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ს. ა.-ს მ. ჯ.-ისათვის თანხა უნდა დაებრუნებინა ორი წლის შემდეგ 2003წ. დეკემბერში, სესხის ხელშეკრულებით მხარეების მიერ პროცენტი გათვალისწინებული არ ყოფილა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ს. ა.-ს საკუთარი ბინა, მდებარე ქ. კასპში ...-ის ქ. ¹....

მ. ჯ.-მ 2003წ. 10 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. ა.-ს მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის აღიარება და დაკისრება.

კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჯ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ს. ა.-ს მოსარჩელე მ. ჯ.-ის სასარგებლოდ გადაუხდელ სესხზე _ 1500 აშშ დოლარზე დაეკისრა გადასახდელად ამ თანხის 3%, 2001წ. დეკემბრიდან 2003წ. დეკემბრამდე, სულ 1080 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 2160 ლარი.

ს. ა.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ჯ.-ს უარი ეთქვა სარჩელი დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეებმა სესხისათვის გაითვალისწინეს პროცენტი სკ-ის 624-ე მუხლის შესაბამისად. ამიტომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა მ. ჯ.-ის სარჩელი ს. ა.-ისათვის მის სასარგებლოდ სესხის პროცენტის დაკისრების შესახებ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ჯ.-ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი, რომლითაც მხარეები 2002წ. 27 აპრილს შეთანხმდნენ სესხის 10%-ის გადახდის თაობაზე, რადგან თვით ს.ა.-მ უარყო ასეთ ხელწერილზე თავისი ხელის მოწერა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი სავარაუდოა, რომ ამ ხელწერილზე ხელის მოწერა შესრულებული იყოს ს. ა.-ს მიერ.

მ. ჯ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებაში მართალია არ არის მითითებული შეთანხმება პროცენტის თაობაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმეების _ გ. დ.-ის, თ. შ.-ის და თ. შ.-ის ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ. ჯ.-ისათვის სესხის პროცენტიც უნდა გადაეხადა ს. ა.-ს.

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა მხარეთა შორის 2002წ. 27 აპრილს შედგენილი ხელწერილი სესხის პროცენტის გადახდის თაობაზე, პალატამ არასწორად არ მიიჩნია იგი ს. ა.-სათვის სესხის პროცენტის გადახდის დაკისრების მტკიცებულებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ მ. ჯ.-ესა და ს. ა.-ს 2001წ. 3 დეკემბერს დადებულ წერილობით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში არ გაუთვალისწინებიათ სესხისათვის პროცენტი.

სკ-ის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.

ამ ნორმის შესაბამისად სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა მოწმეების _ გ. დ.-ის, თ. შ.-ის და ს. შ.-ის ჩვენებები, რადგან სკ-ის 624-ე მუხლით მხარეთა შორის პროცენტის არსებობა უნდა დადასტურებულიყო წერილობითი მტკიცებულებით; სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია მხარეთა შორის სესხის პროცენტის თაობაზე შეთანხმების წერილობით მტკიცებულებად. სააპელაციო პალატაში მ. ჯ.-ის მიერ წარმოდგენილი 2002წ. 27 აპრილის ხელწერილი. მასზე ხელმოწერა უარყო ს. ა.-მ, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2003წ. 4 ნოემბრის დასკვნით კი სავარაუდოა, რომ ამ ხელწერილზე ხელის მოწერა შესრულებული იყოს ს. ა.-ს მიერ.

რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა თ. შ.-მ ამ ხელწერილზე მის მიერ ხელის მოწერის ფაქტი არ დაადასტურა. თ. შ.-მ პროცესზე დაკითხვისას არ უჩვენა, რომ მხარეებმა პროცენტზე შეთანხმების თაობაზე ხელწერილი შეადგინეს და ამ ხელწერილიდან გამომდინარე იცოდა, რომ ს. ა.-ს მ. ჯ.-ისათვის სესხზე თვეში 10%-ი უნდა გადაეხადა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჯ.-ს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.