Facebook Twitter

საქმე # 330100120003521031

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №257აპ-21 ქ. თბილისი

გ–ა გ., 257აპ-21 20 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ს–ა შესაგებლით ითხოვს პროკურორ ალიკა დვალაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:

გ. ჯ–ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან მე-111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჯ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

2019 წლის 26 დეკემბერს გ. ჯ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №....., რითაც გ. ჯ–ს აეკრძალა მსხვერპლთან - ი. გ–სთან ყველა ტიპის კომუნიკაცია და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 2 იანვარს, დღის საათებში, გ. გ. მივიდა თ–ში, ნ–ს მე-. მ/რაიონი, .-ლი კვარტალი, მე-. კორპუსის სადარბაზოში, ი. გ–ს საცხოვრებელ სახლთან.

2020 წლის 6-7 იანვარს, სოციალურ ქსელ „.......ის“ მეშვეობით, გ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. გ–ს, კერძოდ, გ. გ–ამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც იგი ი. გ–ს უწოდებდა „ძუკნას“ და „თავის მოგლეჯვით“ ემუქრებოდა. აღნიშნულის შედეგად ი. გ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ჯ–ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან მე-111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

გ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

8. საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ გ. ჯ–ს აეკრძალა ი. გ–სთან ყველა ტიპის კომუნიკაცია და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება.

9. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ჯ–ს წარედგინა ბრალი, რომ მან დაარღვია მითითებული შემაკავებელი ორდერის პირობები და მივიდა თ–ში, ნ–ის .... მ/რაიონის .... კვარტალში მდებარე .... კორპუსის სადარბაზოში, ი. გ–ს საცხოვრებელ სახლთან.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. გ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით დადგენილი ვალდებულება დაზარალებულ ი. გ–ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ, დაზარალებულ ი. გ–სა და დაზარალებულის დედის - ვ. ი–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ თავად არ უნახავათ მათი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოსთან მისული გ. გ–ა. ვ. ი–ო აღნიშნავს, რომ გ. გ–ა ნახა მამამისმა - ვ. ი–მ. თავად ვ. ი–ო ბრალდების მხარეს არც გამოძიების მიმდინარეობისას და არც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაუკითხავს. შესაბამისად, უშუალოდ პირველწყაროსგან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

11. საქმეში არსებული ჩვენებებით დგინდება, რომ 2020 წლის 2 იანვარს გ. გ–ა ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ი. გ–ს შვილს - ნ. გ–ს, შვილის ნახვის თაობაზე დაზარალებულისაგან თანხმობის მიღების მიზნით. სასამართლო თვლის, რომ შემაკავებელი ორდერით გ. ჯ–ს არ ჰქონდა აკრძალული, რომ მსხვერპლს დაკავშირებოდა მესამე პირის მეშვეობით. მოწმე ჯ. გ–ს ჩვენებით, მას 2020 წლის 2 იანვარს დაუკავშირდა შვილი - გ. გ–ა და სთხოვა ი. გ–სთან დარეკვა ბავშვის ნახვის თაობაზე. იგი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ი. გ–ს და უთხრა, რომ გ. გ–ა ელოდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მოშორებით, სკვერში და სურდა შვილის ნახვა, რაზეც ი. გ–მ განაცხადა უარი. ი. გ–ს ნათქვამი გადასცა გ. ჯ–ს, რის შემდეგაც მან დატოვა ი. გ–ს საცხოვრებელი სახლის მოშორებით არსებული სკვერი და წავიდა სახლში.

12. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა განზრახი დანაშაულია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი გამორიცხავს გ. ჯ–ს განზრახვას, დაერღვია შემაკავებელი ორდერით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, დაზარალებულს 2020 წლის 2 იანვარს სამართლადამცავი ორგანოებისთვის არ მიუწვდია ინფორმაცია გ. ჯ–ს მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის თაობაზე, აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც 2020 წლის 6-7 იანვარს გ. გ–მ სოციალურ ქსელში ი. გ–ს მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს.

14. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ ალიკა დვალაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გ. ჯ–ს ქმედების დაკვალიფიცირების თაობაზე, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია ოჯახური დანაშაული, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

15. მოცემულ შემთხვევაში გ. გ–ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, მისი ქმედების სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით კვალიფიკაციისას, რაც გულისხმობს მუქარას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ, დამატებით იმავე კოდექსის მე-111 მუხლზე მითითება საჭირო აღარ არის (მაგ. იხ. საქმე №948აპ-20).

16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

17. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე