საქმე # 150100120004105143
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №261აპ-21 ქ. თბილისი
ვ. ს., 261აპ-21 7 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულების - ს. ვ–სა და დ. ვ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 22 მარტს შემოვიდა მსჯავრდებულების - ს. ვ–ს, დ. ვ–სა და მათი ადვოკატის - ვ. ბ–ს საკასაციო საჩივარი. სასამართლო მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს აღნიშნული საჩივარი, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა (იხ. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი - განაჩენი შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ).
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
ს. ვ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
გაუქმდა ს. ვ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
დ. ვ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
დ. ვ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულებს - ს. ვ–საა და დ. ვ–ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 7 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ ჩ–ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბისას, დ. ვ–მ და ს. ვ–მ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ქვის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანასოფლელებს - პ. ა–ს და მის მეუღლეს - ნ. დ–ს, რის შედეგადაც პ. ა-მ მარჯვენა თვალბუდისა და წარბის არეში სისხლნაჟღენთების, ხოლო ნ. დ–მ თავის არეში ჭრილობისა და თავის ტვინის შერყევის სახით, მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს - ს. ვ–სა და დ. ვ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულებმა - ს. ვ–მ და დ. ვ–მ აღიარეს ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ისინი პირველად არიან სამართალში.
10. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
11. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - პ. ა–სა და ნ. დ–ს განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს მსჯავრდებულების მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე (ტ.2.ს.ფ.26-28). აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მსჯავრდებულების - ს. ვ–სა და დ. ვ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე