Facebook Twitter

ას-501-1147-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ფართით სარგებლობის უფლების აკრძალვა და უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 26 თებერვალს შპს «ა-ემ», შპს სტომატოლოგიური ფირმა «გ-ისა» და ს. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის (არასაცხოვრებელი ფართის) გამოთხოვა, წარმომადგენლის ხარჯების – 900 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაკისრება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის განჩინებით შპს «ა-ეს» სასარჩელო მოთხოვნა შპს «გ-ისა» და მისი ხელმძღვანელის ჯ. გ-ას მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო ამავე სასამართლოს 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ს. ხ-ს აეკრძალა ქ. თბილისში, ..... ¹30 და ¹33 სათავსოს ფლობა, იგი გამოთხოვილ იქნა ს. ხ-ის მფლობელობიდან და დაუბრუნდა შპს «ა-ეს».

მასვე სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 16.5 ლარი, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯები – 28 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე ს. ხ-ი სასამართლო სხდომის დროსა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო. მოპასუხემ 2002წ. 6 დეკემბრის სხდომის შესახებ შეიტყო ჯერ კიდევ 2002წ. 29 ნოემბერს, თუმცა მან უარი განაცხადა უწყების მიღებაზე და ხელმოწერაზე, რაზედაც შედგა აქტი. ს. ხ-ს 2002წ. 6 დეკემბერს სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მაგრამ ს. ხ-ს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია.

რაიონულმა სასამართლომ სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩათვალა დამტკიცებულად და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. ხ-ის საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლომ არ გაიზიარა ს. ხ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სხდომის დღე. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ს. ხ-ს სხდომის დღის შესახებ ჯერ კიდევ 2002წ. 29 ნოემბერს აცნობა მოსამართლის თანაშემწემ, მაგრამ ს. ხ-მა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, ხელმოწერაზე, რაზეც შედგა აქტი და უწყებაზე გაკეთდა სათანადო წარწერა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლედად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2002წ. 29 ნოემბერს ს. ხ-მა უწყება არ ჩაიბარა.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 75-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ჩათვალა და მიუთითა, რომ ს. ხ-ს საგარეჯოს რაიონში მივლინებაში ყოფნა ხელს ვერ შეუშლიდა სასამართლო სხდომაზე დროულად გამოცხადებაში, რადგან მივლინებაში ყოფნის პერიოდში იგი 2002წ. 29 ნოემბერს დაუბრკოლებლად გამოცხადდა სასამართლოში. მას სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 241-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

2003წ. 16 ივლისს ს. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე 2002წ. 29 ნოემბერს რაიონულ სასამართლოში დანიშნული იყო ამ საქმის განხილვა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მივლინებაში იმყოფებოდა სხდომაზე მაინც გამოცხადდა, მაგრამ მოსამართლის ავადმყოფობის გამო სხდომა არ შედგა. მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ 2002წ. 8 დეკემბრამდე მივლინებაში იმყოფებოდა და ითხოვა საქმის განხილვის 8 დეკემბრის შემდეგ ჩანიშვნა, მაგრამ სასამართლოს საქმის განხილვა დაუნიშნავს 2002წ. 6 დეკემბრისათვის. მისი განმარტებით, სასამართლოსათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ იგი 6 დეკემბერს სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.

მისი მოსაზრებით, სასამართლოს სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტის საფუძველზე, არ ჰქონდა უფლება, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მან სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები მივლინებაში ყოფნის შესახებ. საქმეს არ ერთვის რაიმე დოკუმენტაცია საფოსტო სამსახურის მიერ მისთვის სასამართლო პროცესზე მიწვევის ჩაბარების ან ჩაუბარებლობის შესახებ. მითუმეტეს, მას შეტანილი აქვს შეგებებული სარჩელი, რომელიც ადმინისტრაციული წესით უნდა განხილულიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით საქმე ჩაითვალა მომზადებულად და საქმის მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა 2002წ. 29 ნოემბერს – 16 საათზე.

2002წ. 29 ნოემბერს სხდომა არ შედგა მოსამართლის ავადმყოფობის გამო. მოსამართლის თანაშემწის ინიციატივით სხდომა გადაინიშნა 2002წ. 6 დეკემბრისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სხდომის სხვა დროისთვის გადანიშვნით დაირღვა სსკ-ს 207-ე და 216-ე მუხლების მოთხოვნები.

სსკ-ს 207-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლეს მას შემდეგ, რაც ცნობს საქმეს საკმაოდ მომზადებულად, გამოაქვს განჩინება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი არსებითად განხილვის დანიშვნის შესახებ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის დღეს სასამართლო ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მოემზადონ ზეპირი შეჯიბრისათვის.

ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს დღეს ახალი სასამართლო სხდომისათვის და ამას ამცნობს გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით.

მოცემულ შემთხვევაში მოსამართლემ, მას შემდეგ რაც ცნო საქმე საკმაოდ მომზადებულად თავისი 2002წ. 18 ნოემბრის განჩინებით საქმე სწორად ჩანიშნა მთავარ სხდომაზე განსახილველად 2002წ. 29 ნოემბრისათვის, მაგრამ მითითებულ დღეს მოსამართლის ავადმყოფობის გამო არ შედგა რა სასამართლო პროცესი, საქმის განხილვის გადადების უფლება ჰქონდა მხოლოდ სასამართლოს და არა მოსამართლის თანაშემწეს. მოსამართლის თანაშემწეს სსკ-ს 207-ე და 216-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არ შეეძლო დაენიშნა საქმე მთავარ სხდომაზე განსახილველად და არც იმის უფლება ჰქონდა, გადაედო საქმის განხილვა სხვა დროისათვის. მოსამართლის თანაშემწეს უფლება არა აქვს, მოსამართლის ავადმყოფობის გამო საქმის განხილვა გადანიშნოს სხვა დროისათვის. ამგვარ პროცედურას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს.

იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის ავადმყოფობის გამო სხდომა არ გაიმართება, ამის თაობაზე ოქმს ადგენს პროცესუალურად საამისოდ უფლებამოსილი პირი – სხდომის მდივანი. იგი ვალდებულია სხდომის ოქმში დააფიქსიროს ის მიზეზები, რის გამოც სხდომა არ შედგა და გამოცხადებულ პირებს განუმარტოს, რომ ახალი სასამართლო სხდომის დროის შესახებ ეცნობებათ კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სხდომის მდივანს სხდომის ოქმი საერთოდ არ შეუდგენია, ხოლო მოსამართლის თანაშემწეს უფლება არ გააჩნდა სხდომის გადადების თაობაზე რაიმე ოქმი შეედგინა.

სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი დამტკიცებულად ითვლება.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობად ითვლება მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა, რომელიც დანიშნულია სსკ-ს 207-ე, 216-ე მუხლების შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის, მოსამართლის მიერ და არა იმ პირის მიერ, რომელსაც კანონით ამის უფლება არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ პროცედურის დარღვევით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება გახდეს გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი ფოსტის მეშვეობით ხ-ისათვის სასამართლო პროცესზე მოწვევის უწყების ჩაბარების შესახებ.

ასევე უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ 2002წ. 6 დეკემბერს, როცა ს. ხ-ის წინააღმდეგ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იგი იმყოფებოდა მივლინებაში და სასამართლო პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მივლინებაში მყოფმა ს. ხ-მა 2002წ. 29 ნოემბერს შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება, 2002წ. 6 დეკემბრისათვის მისი მივლინებაში ყოფნა არ წარმოადგენდა ამ დღეს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტის შესაბამისად, პროცესის დღეს მოპასუხის მივლინებაში ყოფნა სააპელაციო სასამართლოს იმ სხვა მოვლენად უნდა შეეფასებინა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში დროულად გამოცხადებისათვის და ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მაისის განჩინება და საქმე არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.