საქმე # 140100120003559008
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №263აპ-21 ქ. თბილისი
ღ–ე ზ., 263აპ-21 8 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. ღ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 იანვრის დანაშაულებრივი ეპიზოდი), 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 23 იანვრის დანაშაულებრივი ეპიზოდი) და ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზღვართან.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ღ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი), ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 18 იანვარს ზ. ღ–ს მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი N......., რითაც მსხვერპლთან, ყოფილ მეუღლესთან - თ. ბ–თან, აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 23 იანვარს ზ. ღ–მ სოციალური ქსელ „ფეისბუკის“ მეშვეობით მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა თ. ბ–ს, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2020 წლის 18 იანვარს ზ. ღ–ს მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი N......, რითაც მსხვერპლთან, ყოფილ მეუღლესთან - თ. ბ–თან აეკრძალა მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 29 იანვარს, ქ. გ–ში, ............ის ქუჩაზე მდებარე ს. ჰ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ღ–ე მიუახლოვდა თ. ბ–ს და მიაყენა სიტყვიერი შურაცხყოფა, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ზ. ღ–ე 2006 წლიდან 2020 წლის თებერვლამდე დროის პერიოდში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - თ. ბ–ს მისი არასრულწლოვანი შვილის - მ. ბ–ს თანდასწრებით, კერძოდ, აგინებდა მას. აღნიშნულის შედეგად თ. ბ–მ განიცადა ტანჯვა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენით:
ზ. ღ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 იანვრის დანაშაულებრივი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 23 იანვრის დანაშაულებრივი ეპიზოდი) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 15 თებერვლიდან იმავე წლის 4 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდა ზ. ღ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ზ. ღ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) და სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რომელიც მაქსიმალურ ზღვართან იქნება მიახლოებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ზ. ღ–ე საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ღ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 15 თებერვლიდან იმავე წლის 4 ივნისის ჩათვლით.
ცნობად იქნა მიღებული, რომ ზ. ღ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ზ. ღ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. მართალია, გამოძიების დროს, გამოკითხვისას, დაზარალებულმა თ. ბ–მ ზ. ღ–ე ამხილა მოცემული დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება მოწმე ზ. ტ–ს, მისი გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ იგი თავად ფაქტს არ შესწრებია და მხოლოდ დაზარალებულისაგან იცის ზ. ღ–სა და თ. ბ–ს შეხვედრისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ; არასრულწლოვან მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2020 წლის 29 იანვარს, როდესაც სახლში მივიდა, თ. ბ–მ უთხრა, რომ ზ. ღ–ე შეხვდა თავის მეგობართან ერთად და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინა. ამ დროს თ. ბ–ი იმყოფებოდა მარტო. ამდენად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ირიბია.
9. რაც შეეხება მოწმე გ. გ–ი გამოკითხვის ოქმს, მან აღნიშნა, რომ ზ. ს–სა და ზ. ღ–სთან ერთად იმყოფებოდა ქ. გ....ში, ..........ის ქუჩაზე, რა დროსაც „........“ აფთიაქთან შეხვდნენ .......ს ს... მხრიდან მომავალ თ. ბ–ს. ერთმანეთს არ მისალმებიან, ზ. ღ–ს მასთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია, არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. ანალოგიური შინაარსისაა მოწმე ზ. ც–ს გამოკითხვის ოქმი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოწმეების - გ. გ–ს და ზ. ც–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემობები სრულად შეესაბამება მსჯავრდებულ ზ. ღ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ პოზიციას, რომლის თანახმად, თ. ბ–ს შემთხვევით შეხვდა და მას თ. ბ–სათვის არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს.
11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე