Facebook Twitter

ას-502-778-04 30 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე).

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 ივნისს მ. ფ.-ს, ვ.ს.-სა და ნ.ს.-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, თვეში 2%-ის დარიცხვით, 6031 აშშ დოლარზე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით.

2002წ. 23 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დროს მხარეთა შორის მოხდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ... მდებარე ბინის 36/3734 წილი საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ფ.-სა და ვ.ს.-ზე.

2003წ. 09.06 მ.ფ.-მა და ვ.ს.-მა მოითხოვეს ნ. ს.-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

2003წ. 24 ივლისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.ს.-ი გამოსახლებულ იქნა ... მდებარე მ.ფ.-ისა და ვ.ს.-ის ბინიდან.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან მიიჩნია რომ გარიგება დაიდო მოტყუებით, რადგან მას ეგონა რომ ხელს აწერდა სესხის გაგრძელებას და არა ნასყიდობის ხელშეკრულებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება.

პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო ბინის მესაკუთრეებს. სკ-ის 170-ე მუხლით მას უფლება აქვს, სარგებლობდეს საკუთრებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლით კი შეუძლია, გამოითხოვოს ნივთი უკანონო მფლობელობიდან. ზემოთ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

პალატა ვერ იმსჯელებს გარიგების ბათილობაზე, როგორც მოტყუებით დადებულზე, ვინაიდან აღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია შეცილება, ასეთი სარჩელი კი მოპასუხეს არ აღუძრავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს.-მ. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 72-ე მუხლი, 73-ე მუხლის ,,ა” პუნქტი და 81-ე მუხლის პირველი ნაწილი. კასატორის განმარტებით, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით, რის დასადასტურებლად იგი ითხოვდა მოწმეთა დაკითხვას, მაგრამ სასამართლომ მისი შუამდგომლობა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.

კასატორი მოითხოვს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მოსთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 2002წ. 7 ივნისს მ. ფ.-ს, ვ.ს.-სა და ნ. ს.-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 3 თვის ვადით თვეში 2%-ის დარიცხვით 6031 აშშ დოლარზე. სესხი უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით.

2002წ. 23 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დროს მხარეთა შორის მოხდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისში, ... მდებარე ბინის 36/... წილი საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ფ.-სა და ვ.ს.-ზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შეესაბამება სკ-ის 477-ე მუხლის მოთხოვნებს:

ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.

მოცემულ შემთხვევაში მყიდველმა და გამყიდველმა ფასის გადახდის სანაცვლოდ განახორციელეს გამყიდველის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების გაქვითვა სკ-ის 442-ე მუხლის შესაბამისად.

რაც შეეხება მოსარჩელის შესაგებელს იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ბათილი, მოპასუხე ბათილობის დასადასტურებლად სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა საფუძვლებს უთითებდა. ამასთან, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი იყო ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც ნათლად სჩანს და ნოტარიუსის მიერაც დაფიქსირებულია მხარეთა ნება, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნოტარიუსის მოწმედ მოწვევა არ იყო სავალდებულო. თუ მხარე სადავოდ გახდიდა ნოტარიუსის მოქმედებას, შესაბამისად, აუცილებელი იყო სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.