ას-504-784-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. კ.-ემ 2002წ. აპრილში თ. ზ.-ს ასესხა 7260 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 2% სარგებლის დარიცხვით, ხოლო გ. ს.-მ 2002წ. აპრილში თ. ზ.-ს ასესხა 5500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით ყოველთვიური 2% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... ¹ 11-ში მდებარე, ბინა 201 სახლი. მხარეთა შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესითაა დადასტურებული.
იმის გამო, რომ თ.ზ.-მ დათქმულ ვადაში არ გადაუხადა კრედიტორებს სესხი, ნ. კ.-ემ და გ. ს.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე თ. ზ.-ის მიმართ, მოითხოვეს იპოთეკით დატვირთული სახლის რეალიზაცია და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ. ზ.-ს დაეკისრა ნ. კ.-ის სასარგებლოდ 9873 აშშ დოლარის და 2003წ. 5 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 217 აშშ დოლარის, ხოლო გ. ს.-ის სასარგებლოდ 7480 აშშ დოლარის და 2003წ. 5 მაისიდან ყოველთვიურად 165 აშშ დოლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში ... ¹11-ში მდებარე ¹201 ბინის რეალიზაციის გზით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ზ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინებით თ. ზ.-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე; უცვლელად იქნა დატოვებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ სკ-ის 623-ე, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 300-ე მუხლის და 404-ე მუხლების საფუძველზე ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ ნ. კ.-ის და გ.ს.-ის სასარგებლოდ სწორად დააკისრა გადასახდელად მოვალე თ.ზ.-ს, ნ.კ.-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხა 7260 აშშ დოლარი და 7260 აშშ დოლარზე 10 თვის განმავლობაში (2002წ. 5 მარტიდან 2003წ. 5 მაისამდე) ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანი 2178 აშშ დოლარი, ანუ 9873 აშშ დოლარის და 2003წ. 5 მაისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 217 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე გ. ს.-ის სასარგებლოდ _ სესხის ძირითადი თანხის _ 5500 აშშ დოლარის, ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის _ 1650 აშშ დოლარის, სულ საერთო თანხით _ 7480 აშშ დოლარის, ასევე, 2003წ. 5 მაისიდან ყოველთვიურად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 165 აშშ დოლარის გადახდა, იპოთეკით დატვირთული ბინის, მდებარე ქ.თბილისში, ... ¹11-ში მდებარე ¹201 ბინის რეალიზაციის გზით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რადგან მხარეებს 2002წ. 5 აპრილის იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, თანხის გადაცემისას მიღება-ჩაბარების აქტი არ შეუდგენიათ, მათთვის კრედიტორებს: ნ.კ.-ეს და გ.ს.-ს სესხის თანხა არ გადაუციათ.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეების მიერ მოპასუხისათვის სესხის თანხის გადაუცემლობა და მოტყუება არ გაიზიარა იმის გამოც, რომ თ.ზ.-ს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე, ერთი წლის განმავლობაში შეეძლო, რომ სადავოდ გაეხადა აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობა და მოეთხოვა მისი ბათილად ცნობა, მაშინ, როცა, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, თ.ზ.-მა ასეთი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2003წ. 29 აპრილს, ერთი წლის გასვლის შემდეგ, როცა დადგა სესხის დაბრუნების ვადა. მისი სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული და მასალები მასვე დაუბრუნდა.
პალატამ გაითვალისწინა ისიც, რომ ნ. კ.-ის და გ. ს.-ის მიერ სარჩელის აღძვრისას მოპასუხე თ. ზ.-ს შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ.ზ.-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულება ბათილია, სკ-ის 90-ე, 92-ე, 93-ე მუხლებიდან გამომდინარე, როგორც პირობით დადებული გარიგება.
მოცემულ შემთხვევაში იპოთეკის და სესხის ხელშეკრულება არ წარმოადგენს პირობით გარიგებას და იგი სამომავლო და უცნობ მოვლენაზე არ არის დამოკიდებული.
დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ უნდა მომხდარიყო მისი ბინის იპოთეკით დატვირთვა, რადგან მხარეთა მიერ არ მომხდარა სესხის გადაცემისას აქტის შედგენა, რითაც დაირღვა სკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეებმა იპოთეკის და სესხის ხელშეკრულების დადებისას დაიცვეს კანონით გათვალისწინებული ფორმა. უძრავი ნივთის მესაკუთრე თ.ზ.-მ და იპოთეკარებმა _ ნ.კ.-ემ და გ.ს.-მ განცხადებით მიმართეს 2002წ. 16 აპრილს საჯარო რეესტრს იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ, ანუ ამ ხელშეკრულების დადებიდან მე-11 დღეს. აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ.კ.-მ და გ.ს.-მ თ.ზ.-ს გადასცეს ხელშეკრულებით გათალისწინებული სესხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თ.ზ.-ი საჯარო რეესტრს არ მიმართავდა განცხადებით უძრავი ნივთის იპოთეკის რეგისტრაციის მოთხოვნით.
თ.ზ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო ფორმის დაუცველად და ის ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად.
ხელშეკრულების მეორე პუნქტის, თანახმად მოსარჩელეებს, როგორც იპოთეკარებს, ხელშეკრულების ხელმოწერებით დამოწმებისთანავე შეპირებული თანხის გადაცემის დასტურად უნდა შეედგინათ თანხის „მიღება-ჩაბარების აქტი“. ასეთი აქტი მათ არ შეუდგენიათ და ვერც წარმოადგენენ სასამართლოში მტკიცებულების სახით, რადგან მათ თანხა კასატორისათვის არ გადაუციათ. სადავო ხელშეკრულება გაფორმდა მოსაჩვენებლად მოტყუების მიზნით, რომელიც სკ-ის 56-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ბათილია.
კასატორმა მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული „აქტის შედგენა“ წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და მისი დაუცველობა ნიშნავს ხელშეკრულების ფორმის დაუცველად დადებას. სკ-ის 59-ე მუხლის I და II ნაწილების შესაბამისად კი იპოთეკის ხელშეკრულება, როგორც საცილო გარიგება, ბათილად საცნობია. ვინაიდან სესხის გადაცემის თაობაზე აქტი არ არის შედგენილი, ამიტომ კასატორს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შესრულების პირობა არ დამდგარა და ასეთ ხელშეკრულებას სკ-ის 90-ე და 92-ე მუხლების თანახმად იურიდიული ძალა არ აქვს.
თ.ზ.-ი მიუთითებს, რომ თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო ბინის იპოთეკით დატვირთვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. კ.-ეს, გ. ს.-ს და თ. ზ.-ს შორის 2002წ. 5 აპრილს სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. კ.-ემ თ. ზ.-ს ასესხა 7260 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ხოლო გ. ს.-მა 5500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, სესხის ძირითად თანხაზე 2%^-ის დარიცხვით. სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები თ.ზ.-ს, ნ.კ.-ე და გ.ს.-ისათვის უნდა დაებრუნებინა 2002წ. 5 ივლისს ანუ, სესხის ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე თ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... ¹11-ში მდებარე ¹201 ბინა. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა თ.ზ.-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, რადგან მხარეებმა არ შეადგინეს თანხის გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, მხარეთა შორის დადებული 2002წ. 5 აპრილის სესხის და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი როგორც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება სკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ.ზ.-ს შეგებებული სარჩელით არ მოუთხოვია მხარეთა შორის 2002წ. 5 აპრილს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობა.
სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია ნ. კ.-ისა და გ. ს.-ის მიერ თ. ზ.-ისათვის სესხის სახით თანხის გადაცემა იმის გათვალისწინებით, რომ თ.ზ.-მა 2002წ. 16 აპრილს, ე.ი. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერიდან 11 დღის შემდეგ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის თაობაზე. საკასაციო პალატას დაუსაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მოსაზრება, ვინაიდან სკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე პუნქტში მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ “იპოთეკარი ვალდებულია, მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეები შეადგენენ თანხის მიღება-ჩაბარების აქტს, რომელსაც ხელს მოაწერენ მხარეები”. ვინაიდან ზემოხსენებული ნორმის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ძირითადი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის გადაცემა საკუთრებაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, რატომ არ დაიცვეს მხარეებმა ხელშეკრულების ეს პირობა და რატომ არ გააფორმეს სესხის თანხის გადაცემის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ თზ.-ი ხანდაზმულია და ხშირად ავადმყოფობს, გააჩნია მძიმე ფინანსური მდგომარეობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ზ.-ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა ;
თ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
თ. ზ.-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.