Facebook Twitter

საქმე # 330100120003525423

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №313აპ-21 ქ. თბილისი

ჰ. ე., 313აპ-21 9 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენზე პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით მესტვირიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ე. ჰ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ე. ჰ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 31 იანვრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ჰ–მ გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა 219 ცალი თეთრი, ოვალური ფორმის აბი, ერთ ზედაპირზე ამოტვიფრული ლოგოთი “..“ და აბის 2 ნატეხი, საერთო წონით 86,325 გრამი, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით 1,7257 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2020 წლის 31 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ე. ჰ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრების თვალსაზრისით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ე. ჰ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ე. ჰ–ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ჰ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 31 იანვრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ე. ჰ–მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით განსაზღვრული გარემოებები (მათ შორის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი - ე. ჰ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მონაწილეობდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში) და ე. ჰ–ს განუსაზღვრა მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

8. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ დავით მესტვირიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე