Facebook Twitter

საქმე # 330100120003574109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №334აპ-21 ქ. თბილისი

ს. ს., 334აპ-21 8 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 12 თებერვალს ს. ს–ს მიმართ გამოიცა №...... და №..... შემაკავებელი ორდერები და აეკრძალა გერთან - ა. ბ–ს თან და მეუღლესთან - მ. მ–სთან მიახლოება 30 დღის ვადით. მიუხედავად ამისა, ს. ს–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და 2020 წლის 3 მარტს მივიდა ა. ბ–სა და მ. მ–სთან სახლში, მდებარე თ–ში, .....ს ქუჩა №..-ში.

2020 წლის 3 მარტს, ქ.თ–ში, .....ს ქუჩა №..-ში, ს. ს–მ ურთიერთდაპირისპირების დროს, გერს - ა. ბ–ს ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ა. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:

ს. ს. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 მარტიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ს. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს. ს–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

8. საქმის მასალების მიხედვით, მამინაცვალსა და გერს შორის მომხდარი ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ს. ს–ს მიერ ა. ბ–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არიან თავად დაზარალებულები - ა. ბ. და მ. მ–ი. მ. მ–მ, მართალია, დაადასტურა ს. ს–სა და ა. ბ–ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, თუმცა მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მამინაცვალს და გერს შორის ფიზიკური კონფლიქტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთმანეთში ძიძგილაობით და ს. ს–ს მხრიდან ა. ბ–სთვის ყავარჯნის სროლაში, რაც მას არ მოხვედრია.

9. დაზარალებულ ა. ბ–მ სასამართლოში დაადასტურა მამინაცვლის - ს. ს–ს მხრიდან მუცლის არეში ფეხის ჩარტყმის ფაქტი, თუმცა მისივე ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს მამინაცვალთან სიტყვიერი კონფლიქტი გადაიზარდა ურთიერთძიძგილაობაში, რა დროსაც მიიღო ფიზიკური დაზიანება.

10. რ. კ–ი-დ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ ა. ბ. აგრესიულად იყო მამინაცვლის მიმართ განწყობილი და 2020 წლის 3 მარტს, როდესაც ს. ს–მ ყვავილები მიუტანა მ. მ–ს, ა. ბ. სთხოვდა მას სახლის დატოვებას, რასაც შემდგომ მოჰყვა ფიზიკური კონფლიქტი და ეზოში გამოსულმა თავად დაინახა, თუ როგორ ურტყამდა ა. ბ. მამინაცვალ ს. ს–ს, რომელმაც ს–ს ცემა შეწყვიტა მხოლოდ მისი დაყვირების შემდეგ.

11. სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს და წარმართეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ა. ბ–ს მიმართ ძალადობის ფაქტზე. გამომძიებლები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულის მონაყოლიდან, მათ არ მოუპოვებიათ სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ს. ს–ს მიერ ა. ბ.ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენაში.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ს. ს–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

13. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. ს–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

14. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ს. ს–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე