Facebook Twitter

ას-50-747-03 23 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს «ჯ-ის» გენერალურმა დირექტორმა ღ. ჭ-ამ სარჩელით მიმართა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მის სასარგებლოდ სს «ლ-ასათვის» 117918 ლარის დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1991წ. აგვისტოში წალენჯიხის რაიონის სოფ. ...... ჩაის ფაბრიკის გრანულირებულ საამქროს სოფ. ....... ჩაის ფაბრიკიდან, 1991წ. 25 ივლისს გაცემული ¹1 მინდობილობის საფუძველზე, გადაეცა ჩაის მზა პრუდუქცია, რომლის ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა 311992,70 მანეთს. მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, თანხა დღემდე არ არის ანაზღაურებული. როგორც სოფ. ........, ასევე, ჯ-ის ფაბრიკაში ჩატარდა რეორგანიზაცია და ფაბრიკები ხელახლა გატარდა რეგისტრაციაში. შესაბამისად, დღეს მათ მემკვიდრეებს წარმოადგენს სს «ლ-ა» და სს «ჯ-ი». სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მიღებული ჩაის მზა პროდუქციის გათვალისწინებით შეამცირა თავისი მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 107 ლარის დაკისრება სს «ლ-ასათვის».

მოპასუხის წარმომადგენელმა ტ. უ-ამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სს «ლ-ა» არ არის სათანადო მოპასუხე, რადგან, როგორც სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდა სოფ. «ლ-ას» ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებულ საიჯარო გრანულირებულ საამქროსთან, რომლის ხელმძღვანელი იყო ს. მ-ე. მას ჰქონდა დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში, ბუღალტერია, ბეჭედი. სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და დამოუკიდებლად დებდა გარიგებებს. მოპასუხემ მოითხოვა მისი შეცვლა სათანადო მოპასუხით _ ს. მ-ით.

ს. მ-ემ თანხმობა განაცხადა სათანადო მოპასუხედ ჩაბმაზე.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აპელანტი უთითებდა, რომ სოფ. ...... ჩაის ფაბრიკის გრანულირებული საამქრო არასოდეს ყოფილა იურიდიული პირი, იგი იყო მხოლოდ იურიდიული პირის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დაადგინა:

1991წ. აგვისტოში წალენჯიხის რაიონის სოფ. ...... ჩაის ფაბრიკის გრანულირებულ საამქროს 1991წ. 25 ივლისს გაცემული მინდობილობის საფუძველზე სოფ. ...... ჩაის ფაბრიკიდან გაიტანეს 41 ტონა ჩაის პროდუქცია, რომლის ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა 341992 მანეთსა და 70 კაპიკს. 1990-94 წლებში სოფ. ...... ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა გრანულირებული საამქრო, რომელიც საიჯარო ურთიერთობაში იმყოფებოდა სოფ. ...... ჩაის ფაბრიკასთან, ამიტომ საამქროს წალენჯიხის აგრომრეწვბანკში ჰქონდა გახსნილი თავისი ანგარიში, ჰქონდა ბეჭედი და ოთხკუთხედი შტამპი.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ...... ჩაის ფაბრიკას სადავო კომერციული ურთიერთობა ჰქონდა იჯარით აღებულ გრანულირებულ საამქროსთან და არა სოფ. ...... ჩაის ფაბრიკასთან.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლომ შესთავაზა მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. ...... ჩაის ფაბრიკის გრანულირებული საამქრო არც დღეისათვის და არც ადრე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არასოდეს ყოფილა იურიდიული პირი.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 1991წ. აგვისტოში სოფ. ...... ჩაის ფაბრიკის გრანულირებული საამქროს 1991წ. 25 ივლისს გაცემული ¹1 მინდობილობის საფუძველზე, სოფ. ...... ჩაის ფაბრიკიდან გატანილ იქნა 341992 მანეთისა და 70 კაპიკის ღირებულების 41 ტონა ჩაის პროდუქცია. 1990-94 წლებში სოფ. ...... ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა გრანულირებული საამქრო, რომელსაც საიჯარო ურთიერთობა ჰქონდა სოფ. ...... ჩაის ფაბრიკასთან. მას წალენჯიხის აგრომრეწვბანკში ჰქონდა ცალკე გახსნილი თავისი ანგარიში ¹...... , ჰქონდა მრგვალი ბეჭედი და ოთხკუთხედი შტამპი. ასე რომ, გრანულირებულ საამქროს, რომელიც ...... ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა, შეეძლო დამოუკიდებლად ეწარმოებინა საქმიანი ურთიერთობები, დაედო ხელშეკრულებები და სხვა სახის გარიგებები, როგორც სოფ. ...... ჩაის ფაბრიკასთან, ასევე სხვა პირებთანაც.

დადგენილია, რომ სოფ. ..... ჩაის ფაბრიკას კომერციული ურთიერთობა ჰქონდა სწორედ ზემოხსენებულ გრანულირებულ საამქროსთან და არა სოფ. ...... ჩაის ფაბრიკასთან. ამასთან, სს «ჯ-ის» მიერ სასამართლლოზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სს «ლ-ას» რაიმე უფლებამოვალეობები გააჩნდა სს «ჯ-ის» მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სს «ჯ-ის» სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ და მოსარჩელეს შესთავაზა თავდაპირველი მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით, რაზეც სს «ჯ-ის» გენერალურმა დირექტორმა ღ. ჭ-ამ უარი განაცხადა.

იგივე წინადადება მიეცა მოსარჩელეს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, მაგრამ მან კვლავ უარი განაცხადა.

სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა სათანადო პირის წინააღმდეგ, სასამართლოს შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, ხოლო თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის რაიონულმა სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე სწორი იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს «ჯ-ის» სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მსჯელობას სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე, ვინაიდან არასათანადო მოპასუხის არსებობის შემთხვევაში სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენა, გარკვევა შეუძლებელია და იურიდიულ შედეგსაა მოკლებული.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორის ქონებრივ მდგომარეობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს სს «ჯ-ის» გენერალური დირექტორის, ღ. ჭ-ას, საკასაციო საჩივარი.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინება.

კასატორს შეუმცირდეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი _ 40 ლარი, რომელიც უნდა ჩაირიცხოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ¹000141107 (კოდი 59).

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.