Facebook Twitter

საქმე # 170100120003957224

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №345აპ-21 ქ. თბილისი

მ. მ., 345აპ-21 12 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მ. და მ. მ–ების დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. მ–ს გამართლებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო მ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........ში მდებარე მ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. მ–მ მარჯვენა გაშლილი ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ა. მ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მ. მ–სა და ა. მ–ს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი - მ.მ.

2020 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე მ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. მ–მ, სტუმრის - რ. ა–სთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში შესვლის გამო, შეშის ნაჭერის მარცხენა ბარძაყისა და თავის არეში დარტყმებით ფიზიკურად, ხოლო 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის 15 აგვისტომდე დროის შუალედში სისტემატური შეურაცხყოფით, გინებითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად იძალადა თავის მეუღლეზე - ა. მ–ზე. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრო მ. მ–სა და ა. მ–ს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი - მ.მ..

2020 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე ........ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ. მ–მ, სტუმრის - რ. ა–სთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში შესვლის გამო, მარჯვენა გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის რძალზე - ა. მ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მ. მ–სა და ა. მ–ს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი - მ.მ..

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:

მ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 15 აგვისტოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა მ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მ. მ–ს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, აინაზღაუროს ზიანი.

მ. მ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

მ. მ.მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 17 აგვისტოდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, მ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მ. მ–ს - სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით წარდგენილ ბრალდებაში და მათთვის კანონიერი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - მ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. მ–სა და მ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.

8. №......... შეტყობინების მიხედვით, 2020 წლის 16 აგვისტოს ე. შ–მ განაცხადა, რომ ქმარი სცემს გოგონას, რომელსაც ა. ჰქვია.

9. მოწმის - ე. შ–ს (ა. მისი დეიდაშვილია) განმარტებით, ა–ს მამამ არ იცის რუსული და მან დარეკა პოლიციაში, უთხრა, რომ ოჯახური პრობლემა ჰქონდა. ა. არ უნახავს. მამამისი იყო მასთან მისული. ამდენად, ე. შ–ს ჩვენება ირიბია ისევე, როგორც მოწმე რ. ბ–ს (გამომძიებელი) ჩვენება, რომლის თანახმად, ა. გამოცხადდა და განმარტა, რომ მასზე იძალადეს ქმარმა და მამამთილმა.

10. დაზარალებულის დედის - ი. შ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ იცის შვილის - ა–სგან.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. მ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

12. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება, რომ ა. მ–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა ბარძაყის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, თუმცა, იმის გამო, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვერ დადგინდა მათი წარმოშობის რეალური მიზეზი.

13. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის თავად დაზარალებულ ა. მ–ს ჩვენებით არ დგინდება, რომ მ. მ–ს მიერ ა. მ–ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილი - მ.მ. ამასთან, დაზარალებულ ა. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მხოლოდ დედამთილი, რომელმაც მამამთილი გარეთ გაიყვანა, ხოლო მ. იქ არ ყოფილა.

14. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ მისთვის შერაცხული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენის დამდგენმა სასამართლომ უგულებელყო ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. მ–სა და მ. მ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. მსჯავრდებულ მ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დასტურდება საქმეზე შეკრებილი აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. მ–სა და მოწმეების - რ. ა–ს, ს. მ–ს, ს. ბ–სა და სხვათა ჩვენებებით, ი. შ–ს გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე