ას-510-1165-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ს-ისა და მ. ს-ის მიმართ და ითხოვა მათი გამოსახლება ბორჯომის რაიონში, დაბა ახალდაბაში ...... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ბინა მან შეიძინა მ. ს-ისაგან 2000წ. 13 ნოემბერს და აღირიცხა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, მაგრამ მოპასუხე არ აძლევს საშუალებას იცხოვროს აღნიშნულ ბინაში.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა რ. მ-ი. პალატა მიიჩნევს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან.
სააპელაციო პალატამ განმარტა _ ვერ იმსჯელებს იმ ფაქტზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის დარღვევითაა დადებული, ვინაიდან სსკ-ს მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის მოთხოვნით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. რადგან მ. ს-ე მოპასუხეა, მას კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, სსკ-ს 177-ე, 178-ე, 179-ე, 188-ე მუხლებით დადგენილი წესით არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი, ამიტომ მისი მოთხოვნა არ განხილულა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მითუმეტეს ვერ განიხილებოდა სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ს-ემ და ითხოვა სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორმა შემდეგი გარემოებანი მიუთითა: მ. ს-ის აზრით, სასამართლომ თავად არ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-2 მუხლით და არ მისცა მას საშუალება დაეცვა მისი, როგორც კანონიერი მესაკუთრის ინტერესები.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა სადავო ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების უკანონობის თაობაზე. კასატორის აზრით, ის გარემოება, რომ მან წერილობითი განცხადებით არ მიმართა სასამართლოს, არ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას და სასამართლოს უნდა ემსჯელა მის მიერ წაყენებულ არგუმენტებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, ..... მდებარე ბინის მესაკუთრეა რ. მ-ი. მან, 2000წ. 13 ნოემბერს სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული საცხოვრებელი ბინა შეიძინა რ. ხ-ისაგან. ეს უკანასკნელი გარიგების დადებისას მოქმედებდა მ. ს-ის მიერ 2000წ. 19 აგვისტოს გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობაში პირდაპირაა მითითება დავალების ხასიათზე, კერძოდ, მ. ს-ე უფლებას აძლევს რ. ხ-ს გაასხვისოს მისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, ...... .
მ. ს-ეს რ. მ-ის სარჩელის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი.
სსკ-ს 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა პასუხობდეს ამ ნორმით დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ მას უფლება ჰქონდა სასამართლო პროცესზე სიტყვიერად განეცხადებინა მისი მოთხოვნების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ სწორად არ იმსჯელა მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნით მ. ს-ეს შეუძლია ცალკე სარჩელით მიმართოს სასამართლოს.
სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
განსახილველ შემთხვევაში კასატორს არა აქვს რ. მ-ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან.
სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მ. ს-ეს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.