ას-511-790-04 2 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: უხელფასო შვებულებიდან დაბრუნება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. წ-ემ 2002წ. 23 აგვისტოს სარჩელი აღძრა შპს «ა-ას” წინააღმდეგ და მოითხოვა საწარმოს დირექტორის დავალდებულება, გამოსცეს ბრძანება მისი უხელფასო შვებულებიდან დაბრუნების შესახებ და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობდა შპს «ა-ას” მომარაგება-გასაღების განყოფილების ექსპედიტორად. საწარმოს მაშინდელი დირექტორის 1998წ. 19 ოქტომბრის ¹10-კ ბრძანებით, განყოფილების სამი თანამშრომლიდან, იგი გაუშვეს უხელფასო შვებულებაში. ბრძანებაში აღინიშნა, რომ სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ორ თანამშრომელზე მეტი არ იყო საჭირო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ზ. წ-ეს გამოიძახებდნენ შვებულებიდან. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 1 თებერვალს საწარმოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება ¹29-კ, რომლითაც თითქოს მოახდინა მომარაგება-გასაღების განყოფილების რეორგანიზაცია, რაც მხოლოდ განყოფილების სახელწოდების შეცვლაში გამოიხატა: განყოფილებას ეწოდა «პერსპექტიული ბაზრის ანალიზი და მარკეტინგი”. ნაცვლად იმისა, რომ უხელფასო შვებულებიდან გამოეყვანათ იგი, აღნიშნულ განყოფილებაში მიიღეს სხვა პირი, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვიერად ჰპირდებოდნენ, რომ შესაძლებლობისთანავე დააბრუნებდნენ უხელფასო შვებულებიდან. როგორც კი გაიგო აღნიშნულის შესახებ 2002წ. 17 ივლისს განცხადებით მიმართა საწარმოს დირექტორს და მოითხოვა უხელფასო შვებულებიდან მისი გამოძახება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
მოპასუხე საწარმოს წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაადასტურა, რომ მოსარჩელის უხელფასო შვებულებაში გაშვებით დაირღვა მისი კანონიერი უფლებები, მაგრამ ამჟამად საწარმოში არ არსებობს ის განყოფილება, სადაც მოსარჩელე შვებულებაში გასვლამდე მუშაობდა, რის გამოც მოპასუხე მხარე მას აღნიშნულ თანამდებობაზე ვერ დააბრუნებს, თუმცა თანახმაა დაასაქმოს პროფესიის მიხედვით-ენერგეტიკად ან ქარხნის ცვლის უფროსად, რაზედაც მოსარჩელე არ დათანხმდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს «ა-ას” დირექტორის 1998წ. 19 ოქტომბრის ბრძანება ¹10-კ, საწარმოს დირექციას დაევალა მოსარჩელე დაებრუნებინა თავის სამუშაო ადგილზე ან გამოენახა მისი პროფესიის ტოლფასი სამუშაო ადგილი. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ასევე იმ ნაწილში, სადაც მითითებულია ზ. წ-ის ტოლფასი სამუშაო ადგილზე დაბრუნების შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მას სარჩელით არ მოუთხოვია ტოლფას სამუშაო ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო პალატამ «შრომის კანონთა” კოდექსის 30-ე, 34-ე და 74-ე მუხლების თანახმად, მიიჩნია, რომ კანონი არ ითვალისწინებს ხანგრძლივი ვადით ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის შვებულებაში გაშვებას, იკრძალება შვებულებაში მუშაკის ყოფნის დროს სამსახურიდან დათხოვნა, ასევე თუკი არ მოხდა მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირება, კანონი არ იძლევა მუშაკის გათავისუფლების საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა (2002 წ. ივლისში) საწარმოში ახალი მუშაკის მიღების შესახებ. ხანგრძლივი უხელფასო შვებულებაში გასვლა მოხდა ადმინისტრაციასა და მუშაკის ურთიერთშეთანხმებით, მუშაკის უფლება ამ დროს არ დარღვეულა, უფლება დაირღვა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციამ დაარღვია პირობა და მოსარჩელის შვებულებიდან გამოძახების ნაცვლად, სამუშაოზე ახალი მუშაკი მიიღეს.
სააპელაციო პალატამ შპს «ა-ას” მიერ წარმოდგენილი «დირექტორის თანაშემწის, პერსპექტიული ბაზრის ანალიზის და მარკეტინგის დარგში თანამდებობრივი ინსტრუქციის” და 2001წ. ადმინისტრაციის საშტატო განრიგის შესწავლით დაასკვნა, რომ საწარმოს კვლავ გააჩნია მომმარაგებლის შტატი. რაც შეეხება უხელფასი შვებულებაში ყოფნის პერიოდის ხელფასის ანაზღაურებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. წ-ეს უნდა აუნაზღაურდეს იმ პერიოდიდან, როდესაც საწარმოს მისი გამოძახების შესაძლებლობა გაუჩნდა და ნაცვლად აღნიშნულისა, სამუშაოზე ახალი თანამშრომელი მიიღო, მაგრამ ანაზღაურდეს იმ საშუალო ხელფასის მიხედვით, რასაც უხელფასო შვებულებაში გასვლამდე ღებულობდა, რაც 2001წ. 1 თებერვლიდან 2004წ. 1 მარტამდე შეადგენდა 854,70 ლარს.
სსკ-ის 268-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სამი თვის ხელფასის გადახდის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს «ა-ას” დირექტორის 1998წ. 15 ოქტომბრის ბრძანება უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ არ უნდა გაუქმდეს, რადგან ამჟამად მის გაუქმებას საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვს.
ამდენად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეტანილ იქნა ცვლილებები, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა შემდეგი წინადადებები: შპს «ა-ას” დირექტორის 1998 წის 15 ოქტომბრის ბრძანება ¹10-კ ზ. წ-ის უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ გაუქმდეს” და «ან გამოუნახოს მას პროფესიის მიხედვით ტოლფასი სამუშაო ადგილები”.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი მთლიანად გაუქმდა. შპს «ა-ას” დაეკისრა ზ. წ-ის სასარგებლოდ, უხელფასო შვებულებაში ყოფნის გამო, მიუღებელი ხელფასის გადახდა 2001წ. 1 თებერვლიდან 2004წ. 1 მარტამდე, თვეში 23 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, სულ 854,70 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
გადაწყვეტილება სამი თვის ხელფასის _ 6930 ლარის გადახდის ნაწილში, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორმა ზ. წ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და გადახდის განსაზღვრა უხელფასო შვებულებაში ყოფნის მთელი პერიოდისათვის ყოველთვიურად 70 ლარით, ხოლო 2004წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად 100 ლარი.
შპს «ა-ას” წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, საწარმოს მომარაგება-გასაღების განყოფილება აღარ არსებობს. სასამართლომ მოპასუხეს დაავალა მოსარჩელის დაბრუნება არარსებულ განყოფილებაში, ამდენად გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ზ. წ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი უხელფასო შვებულებაში გასვლის მთელი პერიოდისათვის, ვერ იქნება გაზიარებული. მართალია, შკკ-ის 74-ე მუხლის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მხოლოდ მოკლევადიანი უხელფასო შვებულება, კანონი არ ითვალისწინებს ხანგრძლივი ვადით უხელფასო შვებულებაში მუშაკის გაშვებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ზ. წ-ის უხელფასო შვებულებაში ხანგრძლივი ვადით გაშვება მოხდა ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის ურთიერთშეთანხმებით. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაცო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ზ. წ-ის უფლებები დაირღვა მაშინ, როდესაც შვებულებიდან მისი გამოძახების შესაძლებლობა გაუჩნდა ადმინისტრაციას, მაგრამ მისი გამოძახების ნაცვლად, სამუშაოზე ახალი მუშაკი მიიღეს და შესაბამისად, ხელფასიც ამ პერიოდიდან უნდა აუნაზღაურდეს იმ საშუალო ხელფასის მიხედვით, რასაც უხელფასო შვებულებაში გასვლამდე ღებულობდა. ამდენად, ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მომარაგება-გასაღების განყოფილება და პერსპექტიული ბაზრის ანალიზისა და მარკეტინგის განყოფილება ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს, შპს «ა-ას” კვლავ გააჩნია რეორგანიზაციამდე არსებული შტატები. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ შპს «ა-ას” წარმომადგენელს არ წამოუყენებია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, იგი ვერ მიუთითებს რაიმე ასეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულის გამო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის დაბრუნება მის სამუშაო ადგილზე, მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, შპს ა-ას” საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. წ-ისა და შპს «ა-ას” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.