Facebook Twitter

ას-512-789-04 2 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ც. ბ-ამ და ე. ნ-ემ შპს „ე-ის“ წინააღმდეგ. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2002წ. 19 ივნისს «ე-ის» ყოფილი დირექტორის შ. ჩ-ის ბრძანებით დაინიშნენ უმცროსი ექიმის თანამდებობაზე. 2003წ. 3 ნოემბერს შპს „ე-ის” დირექტორად დაინიშნა კ. ტ-ი, რომელმაც 2003წ. 16 იანვრის ბრძანებით შტატების არარსებობის გამო მოსარჩელეები დაითხოვა სამუშაოდან.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ადმინისტრაციამ მათი დათხოვნისას არ დაიცვა შკკ-ის მოთხოვნები, რადგან აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს მუშაკის დათხოვნას შტატის არარსებობის გამო. ამასთან, ადმინისტრაციამ მოსარჩელეთა დათხოვნისას არ დაიცვა შკკ-ის 34-ე, 371-ე, 41-ე და 42-ე მუხლები.

მართალია, „საექიმო საქმიანობის შესახებ“კანონის მე-17 მუხლი ამავე კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად 2003 წლიდან ამოქმედდა, მაგრამ კ. ტ-ი მის მიერ მოწვეული კრების ოქმებში მიუთითებს, რომ კრებაზე განხილულ იქნა უმცროსი ექიმების ე. ნ-ისა და ც. ბ-ასათვის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი. აღნიშნული ოქმით აპელანტები დადასტურებულად მიიჩნევენ მათი უმცროს ექიმებად მიღების ფაქტს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს „ე-ის“ 2003წ. 16 იანვრის ბრძანების გაუქმება და მათი უმცროსი ექიმის თანამდებობაზე აღდგენა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ც. ბ-ასა და ე. ნ-ის სარჩელი, გააუქმა 2003წ. 16 იანვრის ¹2\კ ბრძანება და მოსარჩეელები აღადგინა უმცროსი ექიმის თანამდებობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2003წ. 16 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ე-ის“ საკასაციო საჩივარი, გააუქმა საოლქო სასამართლოს 2003წ. 20 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა სააპელაციო პალატაში.

სააპელაციო საჩივარში შპს „ე-ი“ მიუთითებდა, რომ სასამართლომ ისე აღადგინა მოსარჩელეები, მხედველობაში არ მიიღო, რომ არ არსებობდა უმცროსი ექიმის შტატი.

მოსარჩელეთა დანიშვნის ბრძანებები რეგისტრირებულია არა ბრძანებათა რეგისტრაციის, არამედ საორგანიზაციო წიგნში.

ჩ. ჩ-ს მოსარჩელეებისათვის არ დაუნიშნავს ხელმძღვანელი, არ გაუფორმებია მათთან კონტრაქტი, არ დაუნიშნავს ხელფასი.

არასწორია სასამართლოს მოსაზრება ადმინისტრაციის მიერ შკკ-ის ნორმების დარღვევის შესახებ, რადგან პროფკავშირმა უარი განაცხადა მოსარჩელეების საკითხის განხილვაზე, ამასთან, ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული სამუშაოდან დათხოვნის შესახებ იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ მიღებული სამუშაოზე.

შპს-ში ამჟამად არ არსებობს უმცროსი ექიმის შტატი. აღნიშნულის დასადასტურებლად «ე-მა» წარმოადგინა 2002წ. მდგომარეობით ბრძანებების რეგისტრაციის წიგნი, სადაც არსად არ არის მითითებული უმცროსი ექიმის შტატი.

სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარეებმა ც. ბ-ამ და მ. ნ-ემ და მათმა წარმომადგენელმა თ. კ-ემ არ ცნეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

მათი განმარტებით, მოსარჩელეების უმცროს ექიმებად მუშაობის ფაქტი დადასტურებულია «ე-ის» კრების ოქმით. შ. ჩ-ი იყო მოსარჩელეების პედაგოგი და როგორც გამორჩეულ სტუდენტებს, ყურადღებას აქცევდა მათ. ისინი შ. ჩ-ის მიერ მიღებული იყვნენ უმცროს ექიმებად, მისი მითითებით იღებდნენ პაციენტებს, ადგენდნენ მათი ხელმოწერით ისტორიებს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პალატა მიუთითებს:

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ, რომ ც. ბ-ა და ე. ნ-ე 2002წ. 19 ივნისის ბრძანებით მიღებულ იქნენ უმცროს ექიმებად დროებით, ხელფასის ანაზღაურების გარეშე.

ბრძანებით ც. ბ-ასა და ე. ნ-ეს არ დანიშვნიათ ხელმძღვანელად პრაქტიკოსი ექიმი და არ ღებულობდნენ ხელფასს.

ც. ბ-ა და ე. ნ-ე არ უარყოფენ, რომ მათი სამუშაოზე მიღების დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული ,,საექიმო საქმიანობის შესახებ» კანონის მე-17 მუხლი, რომლითაც შემოღებულ იქნა უმცროსი ექიმის შტატი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ისინი შ. ჩ-ის მიერ მიღებულ იქნენ უმცროს ექიმებად, მათი დანიშვნა კანონიერად უნდა იქნას მიჩნეული.

მოწინააღმდეგე მხარეები უმცროს ექიმად მიღებასა და მუშაობას ადასტურებენ იმ გარემოებით, რომ მათი ხელმძღვანელი იყო თავად «ე-ის» დირექტორი შ. ჩ-ი, რომლის ხელმძღვანელობითაც ისინი მუშაობდნენ, ღებულობდნენ პაციენტებს, ადგენდნენ ავადმყოფობის ისტორიებს. მითითებული გარემოებები პალატის აზრით, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მხარეებმა ვერ წარმოადგინეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პალატა უმცროს ექიმებად მუშაობის დამადასტურებლად ვერ მიიჩნევს ე. ნ-ისა და ც. ბ-ას უმცროს ექიმებად დასახელებას დისპანსერის საერთო კრების ოქმში, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ოქმი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მუშაობის ფაქტის დამადასტურებლად, ვინაიდან ასეთი შეიძლება დადასტურდეს შკკ-ით დადგენილი წესით გაფორმებული შრომითი კონტრაქტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს შკკ მოთხოვნები, რადგან «ე-ის» 2002წ. 19 ივნისის ბრძანება გაუქმდა არა მუშაკთა დათხოვნის, არამედ მისი უკანონობის გამო, რაც გამოიხატა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის დარღვევაში. აღნიშნულის შესახებ ნათლადაა მითითებული თავად ამ ბრძანების შესავალში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად დაადგინა, რომ დისპანსერში არ არსებობდა უმცროსი ექიმის შტატი.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ დაარღვია შკკ-ის მე-19 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მუშაკი სამუშაოზე მიღებულად ითვლება, თუ გამოცემულია ბრძანება მისი დანიშვნის შესახებ.

კასატორის მითითებით, აპელნტის წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობდა სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის გარეშე.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შკკ-ის მე-16 მუხლის შესაბამისად შრომის ხელშეკრულება არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე-საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე-მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს.

კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხემოწერის დღიდან, თუ შრომის ხელშეკრულების პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული. სამუშაოზე მიღება ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზააციის ადმინისტრაციის ბრძანებით.

აღნიშნული ნორმების თანახმად მხარეები უნდა შეთანხმდნენ შრომითი ურთიერთობის არსებით პირობებზე.

ასეთ პირობებად შკკ-ის მე-16 მუხლი მიიჩნევს ხელფსსა და შრომის პირობებზე შეთანხმებას, თანამდებობაზე და იმ სამუშაოს აღწერილობაზე შეთანხმებას, რასაც მუშაკი შეასრულებს.

სკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება რომ დადებულად ჩაითვალოს, აუცილებელია მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ დადგენილი ფორმით. არსებითად ჩაითვლება ისეთი პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ შეთანხმებულან შრომის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როგორიცაა ხელფასი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა. ასეთი პირობების შეთანხმების გარეშე შრომის ხელშეკრულება არ შეიძლება დადებულად ჩაითვალოს.

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ, რომ ც. ბ-ა და ე. ნ-ე 2002წ. 19 ივნისის ბრძანებით მიღებულ იქნენ უმცროს ექიმებად დროებით, ხელფასის ანაზღაურების გარეშე. ც. ბ-ა და ე. ნ-ე არ უარყოფენ, რომ მათი სამუშაოზე მიღების დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლი, რომლითაც შემოღებულ იქნა უმცროსი ექიმის შტატი,

შკკ-ის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შრომის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გამოცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტიურად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს.

აღნიშნული ნორმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ სამუშაოზე მიღებისას ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება არ არის აუცილებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს შკკ-ის 34-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, არამედ იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის შედეგიც არ არის საწარმოსა და მუშაკს შორის შრომითი ხელშეკრულების დადება.

აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ნ-ისა და ც. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.