ას-51-361-04 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. მ-ი მუშაობდა სს “.. . კომბინატში” მე-5 თანრიგის ზეინკალ-შემკეთებლად. მან 2002წ. 20 სექტემბერს სამუშაო დროს საწარმოს ტერიტორიაზე დაყრილ ჯართს მიარტყა მარჯვენა ფეხი და მიიღო მარჯვენა ფეხის წვივის არეში ნაკვეთი ჭრილობა. აღნიშნულის თაობაზე 2002წ. 13 ნოემბერს შედგა წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი ¹ 1. დ. მ-ს 2003წ. 12 თებერვალს დაუდგინდა ინვალიდობის II ჯგუფი, საწარმოო ტრავმით და პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის 60% ერთი წლის ვადით.
დ.მ-მა 2003წ. ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “... კომბინატის” მიმართ და მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დ.მ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის ბრალი მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში. საქმეში წარმოდგენილია წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ¹1 აქტი და სს “... კომბინატის” პროფკავშირის სპეციალური კომისიის ¹1 ოქმი. ამ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში ბრალეულად მიჩნეულია დაზარალებული დ.მ-ი. მოსარჩელეს ეს აქტები არ გაუსაჩივრებია. პალატამ მიუთითა, რომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების პირველი თავის მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, ზიანი დამქირავებელმა უნდა აანაზღაუროს მხოლოდ ბრალის არსებობის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას პრეიუდიციული ძალა არ მიანიჭა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით.
დ.მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატის მიერ მითითებული მოპასუხე ორგანიზაციის პროფკავშირის სპეციალური კომისიის 2003წ. 5 მარტის ¹ 1 ოქმი დღემდე არ ჩაბარებია და არ იცის, თუ რა საკითხს ეხება, ამიტომ კასატორი ვერ გაასაჩივრებდა აღნიშნულს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა ის გარემოება, რომ საწარმოში ისეთ ადგილებზე, სადაც გადაადგილება დაუშვებელი და სახიფათოა, უნდა იყოს აკრძალვის შესაბამისი ნიშანი. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ის ადგილი, სადაც მან დაიზიანა ფეხი, ჯართსაყრელი იყო თუ არა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხე ორგანიზაციას დააკისრა მის სასარგებლოდ მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯები – 335 ლარი. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რა საფუძვლითაც იგი ითხოვს მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხე ორგანიზაციას არ გაუსაჩივრებია ეს გადაწყვეტილება და იგი კანონიერ ძალაშია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. მ-მა, რომელიც მუშაობდა სს “.. . კომბინატში” მე-5 თანრიგის ზეინკალ-შემკეთებლად, 2002წ. 20 სექტემბერს საწარმოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას მიიღო ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ფეხის წვივის არეში. აღნიშნულის თაობაზე 2002წ. 13 ნოემბერს შედგა საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტი ¹1. ამ აქტის 11.2 პუნქტში მითითებულია, რომ უბედური შემთხვევის მიზეზია საამქროში გადაადგილების წესების უხეში დარღვევა დაზარალებულის მხრიდან, რაც გამოიხატება მის უყურადღებობასა და გაუფრთხილებლობაში. ამ აქტს ხელს აწერს დ. მ-ის მეუღლე ნ. გ-ი, როგორც კომისიის წევრი. ზემოხსენებული ტრავმის შედეგად დ. მ-ს დაუდგინდა ინვალიდობის II ჯგუფი, საწარმო ტრავმით და პროფესიული შრომისუნარის დაკარგვის 60% ერთი წლით.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას ბრალი არ მიუძღვის დ. მ-ის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48-ე ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მესამე პუნქტით გათვალისწინებულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს ყოველთვიური სარჩოს გადახდით ზიანი უნდა აუნაზღაუროს იმ დამქირავებელმა, რომელთანაც იგი ზიანის მიყენებისას შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ამ უკანასკნელის ბრალის არსებობის შემთხვევაში. იმავე წესების მე-5 პუნქტის თანახმად კი მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ითვლება დამქირავებლის ბრალეულობით, თუ იგი მოხდა მისგან შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით. მოპასუხე ორგანიზაციის ბრალეულობა კასატორის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა დ. მ-ს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. მ-ს სააპელაციო სასამართლოსათვის ასეთი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ, ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მის სასარგებლოდ მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯები, ამიტომ სასამართლოს მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით. სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულია, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, თუ ეს ფაქტები დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის სხდომაზე, სს “... კომბინატისათვის” მოსარჩელის სასარგებლოდ მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯების დაკისრების დავის განხილვისას, მოპასუხე ორგანიზაციამ მიუთითა, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დ. მ-ის უბედურ შემთხვევასა და წარმოებას შორის, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ მოპასუხემ იმავე სხდომაზე, თანხმობა განაცხადა მოსარჩელისათვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების შესახებ. ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სასარგებლოდ სს “.. . კომბინატს” დააკისრა 335 ლარის გადახდა არა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლის აღიარებით ანუ იმ ფაქტობრივი გარემოებების აღიარებით, რომ მოპასუხე ორგანიზაციას ბრალი მიუძღვის მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში, არამედ მოპასუხის მიერ მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარების საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაცია თანახმაა, გადაუხადოს მოსარჩელეს მკურნალობის ხარჯები 335 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ ყოფილა დადგენილი ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხე ორგანიზაციის ბრალეულობას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი და დ.მ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ნოემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.