საქმე # 020142219700097844
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №48აგ-19 26 ივლისი, 2021 წელი
ბ. გ., 48აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. გ. ბ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 11 ნოემბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. ბ–მ და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ. ბ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
4. გ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი შეიცავს იმ გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა გადაისინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
3. კასატორის - გ. ბ–ს მითითება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ამ პუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემობათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. “ამდენად, სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ)“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე”. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები და ფაქტები არ უნდა ყოფილიყო მისთვის ცნობილი გადასასინჯი განაჩენის დადგენის დროს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).
4. მოცემულ შემთხვევაში, როგორც კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს აღნიშნული ხელწერილები მან სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში (განაჩენის დადგენამდე) რამოდენიმეჯერ წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივრიდანაც დგინდება რომ ხელწერილების არსებობა - რომლებზეც უთითებს კასატორი - ობიექტურად ცნობილი იყო კასატორისთვის სს საქმის წარმოებისას, საკასაციო საჩივარში მითითებული ხელწერილი (ხელწერილები) ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
მ. ვასაძე