Facebook Twitter

საქმე # 020142221700143173

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №38აგ-21 27 ივლისი, 2021 წელი

ო–ე შ., 38აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით შ. ო–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.

მსჯავრდებულ შ. ო–ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. გამოცხადდეს მისი ძებნა და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს წინასწარ გამოძიებაში პატიმრობაში ყოფნის დრო, კერძოდ - 5 დღე.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ო–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ შ. ო–ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 9 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს დაკავების დღიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

4. 2021 წლის 25 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა და იშუამდგომლა მსჯავრდებულ შ. ო–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების გავრცელება.

5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ო–ს ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანამდე პროკურორ დავით ხარძეიშვილს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

7. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ შ. ო–ს გაუნახევრდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ გამოძიებაში პატიმრობაში ყოფნის დრო, კერძოდ - 5 დღე; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. 2021 წლის 7 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ ძებნილი მსჯავრდებულის - შ. ო–ს მიმართ 2008 წლის 28 ივლისს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების შესაბამისობაში მოყვანას დღეს მოქმედ საქართველოს სსკ-ის შესაბამის მუხლთან და შ. ო–ზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებას.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

10. მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. ბ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს მოქმედი სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამასთან, ამჟამად მოქმედი სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

4. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მოცემულ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) 519-ე მუხლის შესაბამისად, თუ აპელანტის აზრით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ან უკანონოა, მას შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივარს კი - ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 და 521-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

5. ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, როდესაც განაჩენი დადგენილია მსჯავრდებულის დაუსწრებლად, განაჩენი არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და არ ამოწურულა გასაჩივრების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, - საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის №21აგ-17 განჩინება; 2017 წლის 29 სექტემბრის №52აგ-17 განჩინება; 2017 წლის 30 ოქტომბრის №74აგ-17 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განაჩენი გამოტანილია შ. ო–ს დაუსწრებლად, სააპელაციო წესით არ არის გასაჩივრებული - შ. ო–ე ძებნილია და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ შ. ო–ს ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.ვასაძე

შ. თადუმაძე