Facebook Twitter

ას-517-1169-03 23 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი სარჩელში: ბინიდან გამოსახლება.

შეგებებულ სარჩელში: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ჩ-ემ 2001წ. დეკემბერში ქ.ქუთაისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 მიჰყიდა გ. ჟ-ეს. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გ. ჟ-ე მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. იმის გამო, რომ ბინის გამყიდველი ი. ჩ-ე არ ათავისუფლებს გაყიდულ ბინას, გ. ჟ-ემ 2002წ. დეკემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა მასთან მყოფ პირებთან ერთად ბინიდან გამოსახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ჟ-ის სარჩელი ი. ჩ-ის მიმართ. მოპასუხე გამოსახლდა მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გ. ჟ-ის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც შედგება – ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან, საცხოვრებელი ფართი – 88,08 კვ.მ, დამხმარე ფართი – 77,27 კვ.მ, სამეურნეო ფართი – 150,172 კვ.მ, სასარგებლო ფართი – 162,35 კვ.მ, რომელიც მდებარეობს ...... ქ. ქუთაისში.

სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი. ჩ-ემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ი. ჩ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 12 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის განჩინება და საქმე არსებითად განიხილა.

სააპელაციო პალატაში მოცემული საქმის არსებითი განხილვისას ი. ჩ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხე გ. ჟ-ის მიმართ და მოითხოვა მათ შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ბინის მყიდველმა გამყიდველს თანხა არ გადაუხადა, რითაც დაარღვია სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. ასევე ეს ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა და იგი მოტყუებით გაფორმდა, რის გამოც მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და ი. ჩ-ე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოასახლა ქ. ქუთაისში, ..... მდებარე სადავო ბინიდან. არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი მხარეთა შორის 2001წ. 26 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მორალური ზიანის – 4000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ბინის მყიდველი გ. ჟ-ე კანონით დადგენილი წესით გახდა სადავო ბინის მესაკუთრე, ამიტომ მას სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს ი. ჩ-ისა და მისი ოჯახის წევრების ამ ბინიდან გამოსახლება. მან ი. ჩ-ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად 6 თვით დატოვა თავის ბინაში საცხოვრებლად, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით, რასაც ხელს აწერს ი. ჩ-ე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი ბინის დაბრუნება ი. ჩ-ის უკანონო მფლობელობიდან.

ი. ჩ-ემ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შეგებებული სარჩელით მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ გამყიდველს ბინის მყიდველმა არ გადაუხადა ბინის ღირებულება. ი. ჩ-ისათვის მისაცემი თანხის ნაწილი გადასცა ვინმე ნ. ც-ეს. პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი იმის თაობაზე, რომ გ. ჟ-ემ ი. ჩ-ეს გადასცა 4000 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულებაზე თავისი ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა ი. ჩ-ემ, მაგრამ მან აღნიშნა, რომ არ იცოდა, რას აწერდა ხელს. პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული, რადგან ი. ჩ-ე შერაცხადი, სრულწლოვანი პირია და მას უნდა სცოდნოდა, თუ რას აწერდა ხელს.

პალატამ ჩათვალა, რომ ი. ჩ-ემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მას ბინის მყიდველისაგან არ მიუღია. პალატამ არ დააკმაყოფილა ი. ჩ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან სკ-ის მე-18 და 413-ე მუხლები ზუსტად განსაზღვრავენ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევებს.

ი. ჩ-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ არ დაადგინა ის, რომ ბინის ღირებულება გ. ჟ-ეს არ გადაუცია ბინის გამყიდველისათვის, საქმეში არ არის იმის მტკიცებულება, რომ ი. ჩ-ემ ბინის ღირებულება მიიღო მყიდველისაგან. გ. ჟ-ემ ბოროტად გამოიყენა ი. ჩ-ის ნდობა, ჯერ ბინა გაიფორმა, ხოლო ბინის ღირებულება კი სესხად გადასცა სხვას – ვინმე ც-ეს. პალატამ არ შეაფასა გ. ჟ-ის აღიარებითი წერილი, მოწმეების – დ. ც-ისა და თ. მ-ას ახსნა-განმარტებები. მხარეთა შორის სანოტარო წესით დადასტურებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან მას სამართლებრივი შედეგი გამყიდველისათვის თანხის გადაცემით არ მოჰყოლია. პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 413-ე მუხლი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს ი. ჩ-ეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის სხვა საფუძვლებზე არ მიუთითებია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ ი. ჩ-ის წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ ი. ჩ-ემ საკუთარი საცხოვრებელი სახლის½1/2-ის თაობაზე (მდებარე ქ. ქუთაისი, ...) ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა გ. ჟ-ესთან. ეს ხელშეკრულება გაფორმდა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად და ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ. ჟ-ე. ი. ჩ-ესა და მის ოჯახს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს ბინა არ გაუთავისუფლებიათ.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. ჩ-ემ შეგებებული სარჩელით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ბინის მყიდველს გ. ჟ-ეს პირადად მისთვის არ გადაუხდია ბინის ღირებულება; ამავე კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი ამ გარიგებას არ მოჰყოლია, იგი წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას.

სააპელაციო პალატამ შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ი. ჩ-ემ ვერ დაადასტურა გ. ჟ-ისაგან ბინის ღირებულების მიუღებლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ ხელშეკრულების ბათილობის სხვა რაიმე საფუძვლებზე, რადგან ამგვარი მოთხოვნა მხარეებს სააპელაციო სასამართლოში არ დაუფიქსირებიათ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ი. ჩ-ემ გ. ჟ-ესთან გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შეგებებული სარჩელით მოითხოვა როგორც იმ საფუძვლით, რომ ბინის მყიდველს მისთვის არ გადაუხდია ბინის ღირებულება, ისე იმ საფუძვლითაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს და აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითა თავად გ. ჟ-ის წერილობით აღიარებაზე, მოწმეების – ნ. ც-ისა და თ. მ-ას ჩვენებებზე. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ თ. მ-ამ განმარტა, რომ გ. ჟ-ეს ბინის ღირებულება არ გადაუხდია ი. ჩ-ისათვის, ი. ჩ-ის ქალიშვილის საზღვარგარეთ გამგზავრების საბუთების მოსაწესრიგებლად საჭირო თანხა 2500 აშშ დოლარი გ. ჟ-ემ ნ. ც-ეს გადაუხადა და იგი თვეში ითხოვდა ამ თანხის 10%-ს. სააპელაციო სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა ამ მოწმის ჩვენებას, არ შეამოწმა ი. ჩ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ყველა იურიდიული საფუძველი, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თვალთმაქცურ გარიგებას ხომ არ წარმოადგენდა სკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის სხვა საფუძვლებზე, წარმოადგენს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 222-ე მუხლის მოთხოვნა, რომლითაც მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ჩ-ის წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.