საქმე # 820100117002225560
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №852აპ-19 ქ. თბილისი
ბ. რ., 852აპ-19 23 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მათ მიმართ მკაცრი სასჯელების შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან; კასატორი მიიჩნევს, რომ რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციები იყო სწორი და შეესაბამებოდა მათ მიერ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს, შესაბამისად, სასამართლომ მსჯავრდებულების ქმედებები არასწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს ბრალად დაედოთ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 ოქტომბერს, ქ ... არსებულ კლუბ „რ-ში” იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - ა. ი. ბ., ნ. ს., ჰ. ე. ა. და ს. ბ., რა დროსაც კლუბ „რ-ს” ადმინისტრაციის თანამშრომლებმა - ი. კ-მ, რ. ბ-მ და კ. ჭ-მ, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და გაუპატიურების, აგრეთვე სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარით, ა. ი. ბ-ს, ნ. ს-ს, ჰ. ე. ა-სა და ს. ბ-სგან მოითხოვდნენ - 2160 ლარს.
რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით:
რ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი - 4 თვე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. ბ-ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 2 მაისიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ნოემბრიდან 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით;
ი. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად - 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ნოემბრიდან 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.
კ. ჭ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად - 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 5 ნოემბრიდან 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ... არსებულ კლუბ „რ-ში” იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ა. ი. ბ., ნ. ს., ჰ. ე. ა. და ს. ბ. კლუბ „რ-ს” ადმინისტრაციის თანამშრომლებმა - რ. ბ-მ, ი. კ-მ და კ. ჭ-მ ხსენებულ პირებს მოსთხოვეს გაწეული მომსახურების საფასურად - 2160 ლარის გადახდა. ა. ი. ბ-მ, ნ. ს-მ, ჰ. ე. ა-მ და ს. ბ-მ მიიჩნიეს, რომ მოთხოვნილი თანხა რეალურად შეკვეთილ მომსახურებაზე ბევრად მეტი იყო და მის გადახდაზე განაცხადეს უარი, რის შემდეგაც კლუბ „რ-ს” ადმინისტრაციის თანამშრომლები - რ. ბ., ი. კ. და კ. ჭ. აიძულებდნენ მათ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ - 2160 ლარი.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მათ მიმართ მკაცრი სასჯელების შეფარდებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულების ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს ქმედებებში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის - გამოძალვის - შემადგენლობა და მათი ქმედებები მართებულად შეფასდა, როგორც ჯგუფურად ჩადენილი იძულება; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება არის კანონიერი, კერძოდ: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა შორის დავის საფუძველს წარმოადგენდა მათთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ოდენობა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მხარეთა პრეტენზიები. მსჯავრდებულები კატეგორიულად მოითხოვდნენ დაზარალებულებისგან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომლის ოდენობას დაზარალებულები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, რა დროსაც მსჯავრდებულების - რ. ბ-ს, ი. კ-სა და კ. ჭ-ს ქმედებები, მიმართული დაზარალებულთა მიმართ კლუბის მიერ გაწეული დანახარჯის ამოღებისკენ, გადაიზარდა ძალადობის გამოყენების მუქარაში იმ მიზნით, რომ დაზარალებულები ეიძულებინათ, გადაეხადათ მომსახურების ღირებულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია არა გამოძალვის, არამედ - იძულების დანაშაულის შემადგენლობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი