Facebook Twitter

საქმე # 020100118002486240

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№864აპ-19 ქ. თბილისი

შ. ნ. 864აპ-19 24 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით პაპავამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ ცალმხრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები; კასატორი მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ს. ჭ-მ არ მისცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება, ნ. შ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - შ. თ-ს, ვ. ლ-ს, ლ. ბ-ს, გ. ბ-ს, ბ. ჭ-ს, ა. კ-ს, რ. გ-ს, დ. ჭ-ს, ს. ბ-ს ჩვენებებითა და მოწმე - მ. ზ-ს გამოკითხვის ოქმით, შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. შ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი ნ. შ 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ს. ჭ-სთან და მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, მისამართზე: ...

2018 წლის აპრილის დასაწყისში არაფხიზელმა ნ. შ-მ ... მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რასაც თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სახის არეში დაარტყა ხელი მეუღლეს - ს. ჭ-ს, რასაც არ მოჰყოლია სხეულის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება და რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 3 მაისს არაფხიზელმა ნ. შ-მ კვლავ იძალადა ოჯახის წევრზე, კერძოდ, უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს. ჭ-ს, რის შემდეგაც ფიზიკურად იძალადა მასზე, ორივე ხელით სწვდა თმაში, დააგდო იატაკზე და ფიზიკური ძალადობით მიაყენა ტკივილი, თუმცა მის ქმედებას არ მოჰყოლია სხეულის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

მეორე დღეს, 2018 წლის 4 მაისს ნ. შ-მ კვლავ იძალადა ოჯახის წევრზე, კერძოდ, დაახლოებით 19:30 საათზე არაფხიზელი მივიდა თავის საცოხვრებელ ბინაში, უმიზეზოდ დაიწყო მეუღლის - ს. ჭ-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღავდა და აგინებდა მას, რითაც დაზარალებულს მიაყენა სულიერი ტანჯვა.

3. ნ. შ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით ნ. შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით პაპავამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ნ. შ-ს ბრალეულობა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ბრალდების მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ს. ჭ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან, ერთი მხრივ, მოწმეების - ა. კ-ს, რ. გ-ს, დ. ჭ-სა და ს. ბ-ს ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, არის ირიბი, ვინაიდან ეფუძნება დაზარალებულის მონათხრობს, რომელიც, თავის მხრივ, სასამართლოში არ დაკითხულა და, ამდენად, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმეების - შ. თ-სა და ვ. ლ-ს ჩვენებები, ნ. შ-სათვის ბრალად წარდგენილ ქმედებებთან მიმართებით არაფრისმთქმელია, ვინაიდან მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შ-ების ოჯახიდან ხშირად ესმოდათ ოჯახური კონფლიქტის ხმა; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულებიდან, მოწმე თ. პ. არაფერს უთითებს 2018 წლის აპრილის დასაწყისში ს. ჭ-ზე ძალადობის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 4 მაისს ნ. შ-მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე; საყურადღებოა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. შ-ს ბრალად არ დასდებია 2018 წლის 4 მაისს მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობა, არამედ მხოლოდ - სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამდენად, 2018 წლის 4 მაისს დაზარალებულზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რომელსაც ბრალდების მხარე ნ. შ-ს არ ედავებოდა, სასამართლო ვერ შეაფასებს, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს მხოლოდ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო მოწმე - მ. ზ-ს გამოქვეყნებული ჩვენება, რომლის მიხედვით, 2019 წლის მაისის დასაწყისში ნ. შ-მ ფიზიკურად იძალადა ს. ჭ-ზე, ბრალად წარდგენილი ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის დასადასტურებლად უპირობოდ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებითა და გამოქვეყნევული ჩვენებებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების (იხ.: Schatschaschwili v. Germany [GC], no 9154/10, §§105-107, 113; ECHR 2015) მხედველობაში მიღებით, მხოლოდ ეს სამხილი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; რაც შეეხება სისტემატურ შეურაცხყოფას, რომელიც ასევე ბრალად ჰქონდა შერაცხული ნ. შ-ს, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს: სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს; ინტენსივობა - ძალადობას უნდა ჰქონდეს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი, რეგულარული ხასიათი, რაც უნდა ქმნიდეს გარკვეულ სისტემას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №785აპ-20 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4) და რაც, ერთობლივად აღებული, განსახილველ შემთხვევაში არ გამოკვეთილა, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები ნ. შ-სათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ან უარსაყოფად არ გამოდგება. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ნ. შ-ს წარდგენილ ბრალდებაში გონივრულ ეჭვს მიღმა დამნაშავედ ცნობისათვის.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი