საქმე # 020100118002759714
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№873აპ-19 ქ. თბილისი
ბ. ბ., 873აპ-19 23 აგვისტო, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა; მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა - მ. ქ-მ, ა. ბ-მ და თ. ბ-მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ. ქ. პირადი შემოწმებისას უჩიოდა ტკივილს წელის არეში და ამხელდა მეუღლეს ძალადობაში; მოწმეებმა - პ. თ-მ და გ. ბ-მ (პოლიციელები, რომლებსაც მყისიერი შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან), ც. კ-მ და ჟ. ჯ-მ (რომლებიც ცხოვრობენ დაზარალებულის მეზობლად), დაადასტურეს, რომ მ. ქ-ს გადმოცემით, ბ. ბ-მ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
2. გამართლებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ. ბ. საკასაციო შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ბ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ბ. ბ-მ თავის მეუღლეს - მ. ქ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - ა. ბ-სა და თ. ბ-ს თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი და მუშტი სახისა და სხეულის სხვა არეებში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ბ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით ბ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა მისი ბრალეულობა; ბ.ბ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების თვითმხილველებიდან, ერთი მხრივ, თავად ბ. ბ-მ უარყო მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულებმა - მ. ქ-მ, ა. ბ-მ და თ. ბ-მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მ. ქ-ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მოწმეების - პ. თ-ს, გ. ბ-ს, ც. კ-სა და ჟ. ჯ-ს ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით არის ირიბი, ვინაიდან ეფუძნება სხვა პირის მონათხრობს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ბ. ბ-ს მიერ მეუღლეზე ძალადობის ფაქტი.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი