Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1346-921(კ-05) 8 ივნისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: 25.05.98წ. სარეგისტრაციო მოწმობის, სარეესტრო წიგნში ჩანაწერის, საცხოვრებელ სახლზე ცნობა _ დახასიათების, 29.05.98წ. საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულების, მიწის ნაკვეთის 05.04.96წ. ¹528 მიღება-ჩაბარების აქტის, სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

დაბა ...-ის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შ. მ.-სა და ლ. თ.-ს შორის 29.05.98წ. დადებული «საცხოვრებელი სახლის (ბინის) ჩუქების ხელშეკრულების» ბათილად ცნობა. 25.09.02წ. მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გარდაბნის რ-ნის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 25.05.98წ. გაცემული ¹... სარეგისტრაციო მოწმობის და სარეესტრო წიგნში შესაბამისი ჩანაწერის, ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობა, მოსარჩელემ‚ აგრეთვე‚ მოითხოვა შ. მ.-სა და ლ. თ.-ს შორის 29.05.98წ. საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის და შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 16.04.03წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 25.05.98წ. ¹... სარეგისტრაციო მოწმობა, ცნობა-დახასიათება საცხოვრებელ სახლზე‚ მდებარე თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეო ტერიტორიაზე, შ. მ.-სა და ლ. თ.-ს შორის 23.05.98წ. დადებული‚ საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება, 05.04.96წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და ჩანაწერი საჯარო რეესტრში. გადაწყვეტილებით‚ გარდაბნის რ-ნის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეესტრო ჩანაწერში.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შ. მ.-ის და ლ. თ.-ს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოადგილის ნ. დ.-ის მიერ 1996წ. გაიცა ცნობა «ტექბიუროში წარსადგენად», რომელშიც აღინიშნა, რომ შ. მ.-ს «თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოს ტერიტორიაზე თავისი პირადი თანხებით აშენებული აქვს ერთოთახიანი კაპიტალური შენობა, რომელიც წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, აგრეთვე‚ იგი სარგებლობდა მიმდებარე მიწის ნაკვეთით». შ. მ.-მ 25.05.98წ. მიმართა გარდაბნის რ-ნის ტექაღრიცხვის სამსახურს და სახლის გადაფორმების (გაჩუქების) მიზნით მოითხოვა მის სახელზე ცნობის გაცემა. გარდაბნის ტექაღრიცხვის ბიურომ შ. მ.-ის სახელზე 25.05.98წ. გასცა ¹... სარეგისტრაციო მოწმობა, მიწის ნაკვეთის გეგმა, უნომრო და უთარიღო ცნობა და გააკეთა საჯარო რეესტრში ჩანაწერი. აღნიშნულით შ. მ.-ის სახელზე საკუთრებად აღირიცხა თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოში ერთი ოთახისაგან (18.92კვ.მ.) შემდგარი «საცხოვრებელი სახლი» და 1380 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

საქმეში დაცულია 05.04.96წ. გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად‚ ქ. თბილისში, ... ¹74-ში მცხოვრებ შ. მ.-ს ჩაჰბარდა 1000 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად _ ¹...- ...-ის სატყეოს ტერიტორიაზე. 29.05.98წ. ხელშეკრულებით შ. მ.-მ თავის მეუღლეს - ლ. თ.-ს აჩუქა თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე, 18.92 კვ.მ, ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი, 628 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი, განლაგებული 1380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამ ქონების შ. მ.-ისადმი კუთვნილების საფუძვლად მითითებულია გარდაბნის ტექბიუროს მიერ 25.05.98წ. გაცემული ¹... სარეგისტრაციო მოწმობა, სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹1/32 და გარდაბნის რ-ნის გამგეობის ტექბიუროს მიერ 25.05.98წ. გაცემული ¹... ცნობა-დახასიათება. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, ქ. თბილისში ... ¹74/6-ში მცხოვრებ ლ. თ.-ზე აღირიცხა გარდაბნის რ-ნის ...-ის სატყეო ფონდში 1380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება სკ-ის 1513-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი შ. მ.-ისათვის ინდივიდუალური მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის და მის მიერ კანონით დადგენილი წესით მშენებლობის წარმოების დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლის, აგრეთვე‚ მ. ვ.-ის განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისი-წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზაზე მდებარე ნაგებობა აგებული იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში, რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსის მითითებით, ავტომოსაცდელთან და წარმოადგენდა ავტომანქანების მომსახურებისათვის ტექნიკური წყლის საცავს. 90-იან წლებში დაბა ...-ში დასახლებულმა‚ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აუზს შეუცვალეს პირდაპირი დანიშნულება, გაუკეთეს შესასვლელი და იყენებდნენ ყვავილებით ვაჭრობისათვის. სადავო ნაგებობის პარამეტრები არ ესადაგება ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტში მითითებულ პარამეტრებს. საქმეში დაცული აქტით დასტურდება, რომ შ. მ.- აუზზე 14.07.02წ. აწარმოებდა უკანონო მშენებლობას, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შენობა აგებული იქნა მოსაცდელთან. ამდენად‚ თბილისი-წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზის მონაკვეთის დაბა წყნეთის გამგეობისათვის გადაცემის აქტში აუზის ნაგებობის ცალკე არ მითითება არ ადასტურებს სადავო აქტების კანონიერებას. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი შ. მ.-ს საკუთრებაში გადაეცა მინისტრთა კაბინეტის 24.02.93წ¹148 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით. მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება ან მიუღია არც თბილისის და არც გარდაბნის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, ხოლო გარდაბნის რ-ნის ტექაღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურს ასეთი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის უფლებამოსილება არცერთი ნორმატიული აქტით მინიჭებული არ ჰქონია.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია 1000 კვ.მ. ¹...- ნაკვეთი, 25.05.99წ. ¹... სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულია 1380 კვ.მ ნაკვეთი, ლ. თ.-ს სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულია 1380 კვ.მ. ¹221 მიწის ნაკვეთი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მიწის ნაკვეთების გამიჯვნას. თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოადგილის მიერ გაცემული ცნობა არანაირად არ წარმოადგენდა უძრავი ქონების შ. მ.-ის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველს. ვერ იქნა წარმოდგენილი‚ სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად‚ მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის საფუძველი. «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე» საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების თანახმად‚ პირები, რომლებმაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესების დარღვევით მოიპოვეს, არ ჩაითვლებიან მესაკუთრეებად. სკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულება უცილოდ ბათილად იქნა ცნობილი, ვინაიდან შ. მ.-ის სახელზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა კანონის მოთხოვნათა აშკარა და უხეში დარღვევებით.

სააპელაიცო პალატა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 17.11.95წ. დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 20.04.97წ. ¹208 და 25.05.02წ. ¹260 ბრძანებების, ქ.თბილისის პრემიერის 10.08.99წ. ¹408 განკარგულების, აგრეთვე‚ თბილისი-გარდაბნის და ...-ის საზღვრების გამიჯვრის პროექტის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადავო ტერიტორია დაბა ...-ს განეკუთვნება, რის გამოც სადავო აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელეს, რომელიც საქმეზე სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის სსკ-ის 83.3, 177.2 მუხლების დარღვევით განსახილველად მიღების შესახებ, ვინაიდან სასარჩელო განცხადების შინაარსით დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო აღნიშნული აქტების არსებობის შესახებ, აქტების გაცნობის შემდეგ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოპასუხის მიერ სასამართლოსადმი მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენისთანავე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 24.03.02წ. სხდომაზე მოითხოვა მიღება-აბარების აქტის ბათილად ცნობა, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაფიქსირდა სასამართლოს სხდომის ოქმში, საქმე განხილულ იქნა არა იმავე, არამედ შემდგომ სხდომაზე, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა‚ სარჩელის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით მომზადებულიყო, შესაბამისად მოპასუხის უფლებები არ შელახულა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა‚ აგრეთვე‚ აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელის სახელით სარჩელი არაუფლებამოსილმა პირმა შემოიტანა, ვინაიდან საქმეში არსებობს გამგეობის თავმჯდომარის რწმუნება გაცემული ...-ის გამგეობის საბინაო საქმეთა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარის სახელზე. გამგეობის თავმჯდომარის მოწმობა გაცემულ იქნა იმ წარმომადგენლებზეც, რომლებმაც შეიტანეს დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, წარმომადგენლებს მინდობილობით მინიჭებული ჰქონდათ სარჩელის საგნის შეცვლის და გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. სააპელაციო პალატამ‚ აგრეთვე‚ დაუშვებლად მიიჩნია სზაკ-ის 218-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან ამ მუხლის გამოყენება არ დაიშვება მესამე პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან‚ აღნიშნული მუხლი შეეხება მოლოდ ადმინისტრაციულ აქტებს და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ გარიგებას.

პროცესის მონაწილეთა საპროცესო მდგომარეობის შეცვლის გამო სააპელაციო პალატამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს 16.04.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაბა ...-ის გამგეობის სარჩელში დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი 25.05.98წ. ¹... სარეგისტრაციო მოწმობა და შესაბამისი ჩანაწერი სარეესტრო წიგნში ¹..., საცხოვრებელი სახლის ცნობა-დახასიათება, საცხოვრეელი სახლის და მიწის ნაკვეთის ჩუქების 29.05.98წ. ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების 05.04.96წ. ¹528 აქტი, მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ლ. თ.-ს მიერ ...-ის სატყეო უბნის ¹... ნაკვეთის საკუთრების შესახებ, ლ. თ.-ს მიერ ...-ის სატყეო უბნის ¹... ნაკვეთის საკუთრების შესახებ ჩანაწერი საჯარო რეესტრში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით‚ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. თ.-ს და შ. მ.-ის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მატერიალური სამართლის ნორმაზე, გადაწყვეტილების ტექსტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა‚ ადმინისტრაციულ აქტად თუ გარიგებად მიიჩნევს სასამართლო გასაჩივრებულ დოკუმენტებს. დაუსაბუთებელია‚ თუ რატომ მიიჩნია სასამართოლომ, რომ სადავო აქტები გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოების მიერ. თითოეული აქტი გამოცემულია იმ ორგანოს მიერ, ვისაც გააჩნდა მისი გამოცემის უფლება, ასე მაგ.‚ ცნობა-დახასიათებას და სარეგისტრაციო მოწმობას გასცემდნენ ტექბიუროები, სასამართლომ არ მიუთითა ცნობა-დახასიათების და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი პირზე. სკ-ის 1513-ე მუხლის გამოყენებაზე სასამართლომ უარი თქვა იმაზე მითითებით, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ინდივიდუალური მშენებლობისათვის გამოყოფის და მშენებლობის წარმოების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. კასატორები თვლიან, რომ მათ არ გააჩნდათ ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება. გარდა ამისა‚ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 22.09.94წ. ¹21.34.446 და 25.09.97წ. ¹19.18.1130 დადგენილებების თანახმად‚ დაკანონდა 1994 წლამდე როგორც კანონით დადგენილი წესით გამოყოფილ‚ ისე მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებული ნაგებობები. სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით ადგენს შენობის აშენების ხანდაზმულობას. სასამართლო უთითებს‚ აგრეთვე‚ ვინმე ვ.-ის ახსნა-განმარტებაზე, თუმცა გაურკვეველია‚ მტკიცებულებათა რა კატეგორიას განეკუთვნება იგი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა შ. მ.-მ, კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა კასატორების მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია, ვინაიდან არ არსებობდა ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერების გაუქმების საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ თბილისი-...-ი-სამადლოს გზის მე-7 კმ-დან მე-19 კმ-მდე გზის მონაკვეთი, გზის ხელოვნური ნაგებობებით ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა დ. ...-ის გამგეობას. «საავტომობილო გზების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მიხედვით სადავო ნაგებობა წარმოადგენს გზის შემადგენელ ნაწილს. ამავე კანონის 22-ე მუხლით აკრძალულია გზისპირა ზონებში გზის მფლობელთან შეუთანხმებლად სამუშაოების შესრულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოადგილის ნ. დ.-ის მიერ ტექბიუროში წარსადგენად 1996 წელს გაცემული ცნობის თანახმად შ. მ.-ს «თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოს ტერიტორიაზე თავისი პირადი თანხებით აშენებული აქვს ერთოთახიანი კაპიტალური შენობა, რომელიც წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, აგრეთვე იგი სარგებლობდა მიმდებარე მიწის ნაკვეთით». 25.05.98წ. შ. მ.-მ, რომელმაც საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ...-ის სატყეო, მიმართა გარდაბნის რ-ნის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და მოითხოვა ცნობა სახლის გაფორმების (გაჩუქების) მიზნით. გარდაბნის ტექაღრიცხვის ბიურომ 25.05.98წ. შ. მ.-ზე გასცა სარეგისტრაციო მოწმობა ¹..., უნომრო და უთარიღო ცნობა და შეასრულა რეესტრში ჩანაწერი, რომლითაც შ. მ.-ის საკუთრებად აღირიცხა თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოში საცხოვრებელი სახლი შემდგარი ერთი ოთახისაგან 18.92 კვ.მ ფართობით და 1380 კვ.მ მიწის ნაკვეთი «საქქალაქაგროსერვისის» და შ. მ.-ს შორის შედგენილი ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შ. მ.-ს, მცხოვრებს ქ. თბილისში, ... ¹74-ში, ჩაჰბარდა 1000 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ერთ ნაკვეთად _ ¹..., ...-ის სატყეო ტერიტორიაზე. 29.05.98წ. ხელშეკრულებით შ. მ.-მ თავის მეუღლეს - ლ. თ.-ს აჩუქა მთელი 18.92 კვ.მ. ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგერი სახლი, მდებარე თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეოს ტერიტორიაზე, განლაგებული 1380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ქონების შ. მ.-ისადმი კუთვნილების საფუძვლად მითითებულია სარეგისტრაციო მოწმობა, გაცემული გარდაბნის ტექბიუროს მიერ 25.05.98წ. ¹..., სარეგისტრაციო წიგნის ჩანაწერი ¹... და გარდაბნის რ-ნის გამგეობის ტექბიუროს მიერ 25.05.98წ. გაცემული ცნობა-დახასიათება. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ იქნა «მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა». ჩუქების შედეგად ქ. თბილისში, ... ¹74/6-ში მცხოვრებ ლ. თ.-ს სახელზე აღირიცხა გარდაბნის რ-ნის ...-ის სატყეო უბანში 1380 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალები და საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები არ ქმნის პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ არ არსებობდა სკ-ის 1513-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სკ-ის 1513-ე მუხლი ეხება ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის კანონით დადგენილი წესით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, საქმეში არ მოიპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით შ. მ.-ისათვის მიწის ნაკვეთის მართლზომიერი გამოყოფის, სადავო ნაგებობის შეძენის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. სადავო მიწის ნაკვეთის და ნაგებობის შეძენის კანონიერებას არ ადასტურებს საკასაციო საჩივარში მოყვანილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 22.09.94წ. ¹21.34.446 და 25.09.97წ. დადგენილებები, რომელთა მიხედვით‚ კასატორების აზრით‚ დაკანონდა 1994წლამდე მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე უნებართვოდ აშენებული ნაგებობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და ნაგებობა‚ მინისტრთა კაბინეტის 23.12.83წ. ¹806 დადგენილების საფუძველზე‚ მიღებულია ქ.თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 16.05.85წ. ¹10.23.283 დადგენილებით, აგრეთვე‚ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 22.09.94წ. ¹21.34.446 და 25.09.97წ. ¹19.18.1130 დადგენილებებით გათვალისწინებული წესით არ გატარებულა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამართლებრივ რეგისტრაციაში. ქ. თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორის მოადგილის 1996 წ. ცნობა იმის შესახებ, რომ შ. მ.- არის ერთოთახიანი შენობის მესაკუთრე და მიმდებარე მიწის ნაკვეთის მოსარგებლე არ წარმოადგენდა სადავო ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შ. მ.-ის სახელზე აღრიცხვის საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48, 16.01.93წ. ¹39, 24.02.93წ. ¹148, 29.11.94წ. ¹815 დადგენილებების მიხედვით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისათვის უნდა განსაზღვრულიყო მიწის რეფორმის ფონდი, რომლიდანაც დაიშვებოდა ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უნდა შეერჩია კერძო საკუთრებაში გამოსაყოფი ფართობი, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო მიწის რესურსებისა და კადასტრის კომიტეტში. ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მაცხოვრებელთათვის მიწის ნაკვეთების გადასაცემად, მიწის რეფორმის კომისიას უნდა შეერჩია მიწის ნაკვეთები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიეღო გადაწყვეტილება ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და სხვა მასალებთან ერთად გადაეცა მიწის რესურსების და მიწის კადასტრის კომიტეტისათვის, რომელსაც მასალები შესათანხმებლად უნდა წარედგინა საერთო ჯამში ექვსი სამინისტროსა და უწყებისათვის, ყველა მასალა კომიტეტს უნდა გადაეგზავნა «საქლაქალაქაგროსერვისში», საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, მიწის რეფორმის კომისიას «საქქალაქაგროსერვისთან» ერთად ადგილზე უნდა მოეხდინა მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. არ არის დაცული‚ აგრეთვე‚ სადავო მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 22.02.95წ. ¹45 ბრძანებულების მოთხოვნები, რომლის თანახმად‚ ქალაქებში მცხოვრებთათვის უნდა შერჩეულიყო გადასაცემი მიწის ნაკვეთი, სათანადო მასალები უნდა წარდგენოდა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს, მიწის რესურსების დეპარტამენტს, რომლებიც სათანადო ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ განიხილავდნენ სარეფორმო ფონდში გამოსაყოფი მიწის შერჩევის საკითხს და დასკვნას წარუდგენდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს. მინისტრთა კაბინეტის 01.11.95წ. ¹689 დადგენილება, რომლითაც თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან თბილისის სატყეო მეურნეობის თანამშრომლებისათვის გამოიყო 0,5 ჰექტარი ველობი, არ ცვლიდა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ზემოაღნიშნულ წესს, ამასთანავე დადგენილება ითვალისწინებდა ველობის და არა ტყის კულტურით (ფიჭვნარით) დაკავებული ფართობის გამოყოფას. ამდენად, არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვა, ადგილზე საზღვრების გამიჯვნა (05.04.06წ. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ნაკვეთის ფართობი 1000 კვ.მ. შეადგენს, ნაკვეთს მიცემული აქვს მე-... ნომერი, 25.05.97წ. ¹... სარეგისტრაციო მოწმობაში მიწის ფართობად ნაჩვენებია 1300 კვ.მ., ლ. თ.-ს სახელზე 31.07.01წ. გაცემულ «მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში» მიწის ნაკვეთი 221-ე ნომრად არის აღნიშნული), შესაბამისად მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და ნაგებობა შ. მ.-ის სახელზე აღირიცხა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების დარღვევით ნაკვეთების მიღება (მითვისება), საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, გამორიცხავს მიწაზე საკუთრების უფლებას. სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად‚ კანონით დადგენილი წესის, საჯარო წესრიგის დარღვევით დადებული გარიგება ბათილია.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისი-წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზაზე მდებარე ნაგებობა აგებულ იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში ავტომოსაცდელთან და წარმოადგენდა ტექნიკური წყლის საცავს, ნაგებობა გამოიყენებოდა თბილისი-წყნეთი-სამადლოს გზაზე მოძრავი ავტომობილებისათვის, რომლებსაც გზის სირთულის გამო ესაჭიროებოდათ ტექნიკური წყლის გამოყენება. საქმეზე დადგენილია აგრეთვე, რომ 90-იან წლებში ...-ში დასახლებულმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აუზს შეუცვალეს პირდაპირი დანიშნულება, გაუკეთეს შესასვლელი და იყენებდნენ ყვავილებით ვაჭრობისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისი-წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზის მონაკვეთი რომელთანაც განთავსებულია სადავო ნაგებობა, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის გზების ექსპლუატაციის სამმართველოსა და ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს შორის 12.01.99წ. აქტით ირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ხოლო ქ. თბილისის პრემიერის 10.06.99წ. ¹408 განკარგულებით 7 კმ-დან 19 კმ-დე გზის მონაკვეთი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა დ. ...-ის გამგეობას. გზის ექსპლუატაციისათვის აშენებული დამხმარე ნაგებობა: წყლის საცავი და სათავსი‚ «საავტომობილო გზების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის და სკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად‚ წარმოადგენს გზის არსებით შემადგენელ ნაწილს და ასევე ეკუთვნის სახელმწიფოს. კონსტიტუციის მე-3 მუხლის I-ლი პუნქტის «კ» ქვეპუნქტის თანახმად‚ სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზები მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. საქმეში არ მოიპოვება და ვერც კასატორი ასახელებს მის მიერ სადავო ნაგებობის პრივატიზების დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამასთანავე, «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად გზის და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების პრივატიზაცია დაუშვებელია. შესაბამისად, დაუშვებელია აგრეთვე საავტომობილო გზასთან განთავსებული დამხმარე ნაგებობის მიჩნევა საცხოვრებელ სახლად. საქმის მასალებში დაცულია ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმად‚ საცხოვრებელი სახლის (ბინის ჩუქების ხელშეკრულებით ლ. თ.-ზე გადაცემული თბილისის სატყეო მეურნეობის ...-ის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე სახლის საძირკველია ყორე-ქვის, ნაგებია წიდა ბლოკით, გადახურულია შიფერით. საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნაგებობა არ არის აგებული წიდა ბლოკით, არ გააჩნია შიფერის სახურავი და არ წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რაც დასტურდება საქმეზე დართული ფოტომასალებით. ამდენად ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის დახასიათება არ ემთხვევა თბილისი-წყნეთი-სამადლოს საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე არსებული ნაგებობის დახასიათებას. შესაბამისად, გარდაბნის რ-ნის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ ადგილზე დათვალიერების გარეშე დაუდგინა შ. მ.-ს საკუთრების უფლება ნაგებობაზე. საქმის მასალებში მოიპოვება აგრეთვე აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შ. მ.- აღნიშნულ აუზზე 14.07.02წ. აწარმოებდა უკანონო მშენებლობას, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სკ-ის 61-ე მუხლის საფუძველზე შ. მ.-სა და ლ. თ.-ს შორის 29.05.98წ. დადებული საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად (არარად) ცნობა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. მიწის ნაკვეთის სარგებლობაში და საკუთრებაში გადაცემის პროცედურა საჭიროებს ადმინისტრაციული აქტების გამოცემას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას და აღნიშნულის საფუძველზე ადმინისტრაციული მოქმედების შესრულებას. მიწის ნაკვეთის მფლობელობაში, სარგებლობაში და საკუთრებაში გადაცემის ძირითადი დოკუმენტია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინიტსრაციულ ხელშეკრულებას, მისი ბათილად ცნობა თავისთავად იწვევს მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (რეესტრში ჩანაწერის) გაუქმებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დ. ...-ის გამგეობისათვის არ იყო ცნობილი მიღება-ჩაბარების აქტის არსებობის თაობაზე. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე უთითებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი სადავო ნაკვეთზე არ გაცემულა. ხანდაზმულობის დინება, სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის განხილვის პროცესში მოპასუხის მიერ 05.04.96წ. ¹528 მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენისთანავე მოსარჩელემ იმთავითვე, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. ამდენად საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენა.

საქმეში დაცული წინასწარი გამოძიების სტადიაში მ. ვ.-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ აუზი აგებულია მის მიერ, რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსის მითითებით, ავტომანქანების მომსახურების მიზნით, კერძოდ მათი ტექნიკური წყლით უზრუნველყოფისათვის, საკასაციო პალატის აზრით, არ ეწინააღმდეგება პროცესუალურ კანონმდებლობას. კასატორის ეჭვი ასეთი პიროვნების, საქმეში დაცული მისი ახსნა-განმარტების დედნის არარსებობის შესახებ უსაფუძვლოა, საქმის განხილვის პროცესში კასატორების წარმომადგენელს არ დაუყენებია სკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე საბუთების სიყალბის და მისი მტკიცებულებიდან ამორიცხვის შესახებ. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ არაერთგზის დასმულ შუამდგომლობას მ. ვ.-ის და სხვათა მოწმედ მოწვევის შესახებ მოპასუხეების შ. მ.-ის და ლ. თ.-ს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა და ითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, იგი არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც‚ სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად‚ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. მ.-ის და ლ. თ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.07.05წ. გადაწყვეტილება;

2. შ. მ.-ის და ლ. თ.-ს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.