Facebook Twitter

საქმე # 140100120003675573

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №252აპ-21 ქ. თბილისი

გ. გ., 252აპ-21 31 აგვისტო, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ.გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ.გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი საფუძვლებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად მიიღო მხედველობაში გ.გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - დანაშაულის გულწრფელი აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე - დაზარალებულის პოზიცია, რომელიც შერიგებულია მსჯავრდებულთან და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, რისი გათვალისწინებითაც, მას შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების რაიმე სამართლებრივი საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნდა.

2. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენით გ. გ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 24 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს. მსჯავრდებულ გ.გ-ს დაევალა, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

გაუქმდა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით; სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. გ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ... მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალმა გ. გ-მ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, დ. ქ-ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის - მ. კ-ს თანდასწრებით განზრახ რამდენჯერმე სახეში დაარტყა ხელი, ხის ტუმბო დაარტყა თავში და მუცელში არაერთხელ ჩაარტყა ფეხი, რითაც დ. ქ-ს მიაყენა თავის ტვინის შერყევა, თხემის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა და სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის მიდამოზე, რაც განეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

- 2020 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ... მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალმა გ. გ-მ არასრულწლოვან გერს - 9 წლის მ. კ-ს ფარდის საკიდი დაარტყა მარჯვენა მხარზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ... მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალი გ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - დ. ქ-ს და არასრულწლოვან გერს - 9 წლის მ. კ-ს, რა დროსაც დ. ქ-სა და მ. კ-ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, ქ. ... მდებარე ლ. შ-ს ბინაში, გ. გ-მ ხელისა და ფეხის დარტყმებით განზრახ დააზიანა ლ. შ-ს კუთვნილი კარადის მინები და ორი კომოდი, ხოლო იმავე გზით გაანადგურა ფარდის საკიდი და ორი მაგიდა, რის შედეგადაც ლ. შ-ს მიადგა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. გ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 10 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 24 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულ გ. გ-ს პიროვნულ მახასიათებლებზე, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეზე, ხასიათსა და სიმრავლეზე, კერძოდ: მსჯავრდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ჯანმრთელობისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განზრახი, მათ შორის - ძალადობრივი ხასიათის ოთხი დამოუკიდებელი დანაშაული, რომელთაგან ერთი მიმართული იყო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებულის ქმედებებში გამოკვეთილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, იგი განსაკუთრებით მიდრეკილია ძალადობისაკენ და ახასიათებს მართლწესრიგის ნორმების უხეში უპატივცემულობა და უგულებელყოფა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ.გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი