ას-522-802-04 14 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 20 ივნისს ბ. ფ-ამ ნ. და ე. ფ-ების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა დაკრძალვისა და მოვლის ხარჯების სახით 2700 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი შვილი _ ბ. ფ-ი გარდაიცვალა 1993 წელს.
მოპასუხეები არიან აწ გარდაცვლილი ბ. ფ-ის შვილები, ხოლო მოსარჩელის _ შვილიშვილები.
სამკვიდროს გახსნის შემდეგ სასამართლოს მეშვეობით მემკვიდრეებმა (როგორც მან, ისე მისმა შვილიშვილებმა), სამკვიდროდან მიიღეს შესაბამისი წილი.
ვინაიდან მან შვილის დაკრძალვის ხარჯების სახით გაიღო 2000 ლარი, ხოლო მისი მოვლისათვის 700 ლარი, მოითხოვა მითითებული თანხის გადახდა დაკისრებოდა მოპასუხეებს.
მოპასუხეებმა თავიანთი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი დაუშვებელი იყო, ვინაიდან მოსარჩელეს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი სარჩელს არ ერთვოდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ფ-ი გარდაიცვალა 1993 წელს. მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა _ ბ. ფ-ა და შვილები ნ. და ე. ფ-ები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბ. ფ-ას უფლება ექნებოდა, სხვა მემკვიდრეებიდან მოეთხოვა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თუკი იგი დაამტკიცებდა, რომ მან გასწია ეს ხარჯები, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებულად ჩაითვლებოდა მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევის ფაქტი.
2004წ. 10 მაისს ბ. ფ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის 2000 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
მისი მოსაზრებით, დაკრძალვის ხარჯების გადახდის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული აქტით, მაგრამ იგი სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული ფქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1993 წელს, მაგრამ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაკრძალვის ხარჯები მან გაიღო.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს საქმეში მოიპოვება აქტი, რომლითაც დგინდება დაკრძალვის ხარჯების ოდენობა. მართალია, საქმის მასალებში განთავსებულია აქტი, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელის ახლობლები, რომელშიც მითითებულია, რომ ბ. ფ-ი დაასაფლავა მოსარჩელემ და ბ. ფ-მა და მათვე გაიღეს ყველა ხარჯი, მაგრამ ამ აქტში მითითებული არ არის ხარჯების ოდენობის შესახებ და არც რაიმე დოკუმენტია წარმოდგენილი, რომლითაც დადასტურდებოდა გაწეული ხარჯების ოდენობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს არც ახალ და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას 2004წ. 23 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.