Facebook Twitter

ას-523-1181-03 4 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “...ბანკმა” სარჩელი აღძრა გ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა 246400 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა, რომ 1998წ. 31 მაისს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 154000 აშშ დოლარზე. კრედიტის სარგებლობისათვის მოპასუხეს ბანკისათვის უნდა გადაეხადა წლიური 24%, ხოლო ვადაგადაცილების შემთხვევაში _ გაორმაგებული 48%. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის დაბრუნების საბოლოო ვადა – 1999წ. 31 მაისი. კრედიტი უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის უძრავ-მოძრავი ქონებითა და აქტივებით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მსესხებელმა არ შეასრულა. ამჟამად მოპასუხეს ერიცხება სესხი – 154000 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი – 92400 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო კოლეგიამ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 31 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 154000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999წ. 31 მაისს და სკ-ის 129-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის უფლება ჰქონდა 3 წლის განმავლობაში – 2002წ. 31 მაისამდე. მოსარჩელემ კი სარჩელი აღძრა სასამართლოში 2003წ. 7 მარტს. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად.

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ სკ-ის მე-2 თავით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს და არც მოსარჩლე მხარეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც შეაჩერებდა ან შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადის დინებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს “...ბანკს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...ბანკის” ლიკვიდატორმა გ. გ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 140-ე და 141-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომელიც შეაჩერებდა ან შეწვეტდა ხანდაზმულობის ვადის დინებას.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით შეჩერდა სესხის ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ განუხილავს და ამ მიმართებით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნოს მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რითაც უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. ასევე, სასამართლომ ამავე კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს უნდა მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.